საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საკრებულოს წევრის მხრიდან, მის თანაშემწეზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილი “Twitter“-ზე პოსტს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიის ჰეშთეგით (#MeToo) აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს კამპანია საქართველოშიც არის.
„#MeToo ასევე არის საქართველოში. თბილისის საკრებულოს დეპუტატი ექვემდებარება გამოძიებას მისი თანაშემწის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობისთვის.“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.