“თავისუფალი დემოკრატების“ დამფუძნებელი და ლიდერი ირაკლი ალასანია ინფორმაციას პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ ამ ეტაპზე არ ადასტურებს.
როგორც ალასანიამ “2020NEWS“ -ს განუცხადა, ამჟამად მისთვის და ქვეყნისთვის საინტერესო საქმიანობით არის დაკავებული.
“შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს გეგმებში არ შედის პოლიტიკაში დაბრუნება, ვაკეთებ ჩემთვის საინტერესო და ამავე დროს, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს - მომაქვს კერძო, ევროპული ინვესტიციები საქართველოში”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკში დაბრუნებას 2020 წლის შემდეგ?! (აღნიშნულის შესახებ მისი თანაგუნდელები აცხადებენ) - ალასანია გვპასუხობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, საზოგადოებას თავად შეატყობინებს.
“თუ რამეს გადავწყვეტ, მე თვითონ ვეტყვი ხალხს. ჩემს მაგივრად სხვა არ ილაპარაკებს”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ “2020NEWS” წერდა, რომ “თავისუფალი დემოკრატების“ დამფუძნებელი და ლიდერი ირაკლი ალასანია, სავარაუდოდ, პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. ჩვენი ინფორმაციით, ალასანია პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადებას, სავარაუდოდ, ნოემბერში გააკეთებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით “თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ “2020NEWS“-თან განაცხადა, რომ ირაკლი ალსანიას გეგმებში პოლიტიკაში დაბრუნება 2020 წლის შემდეგ შედის.
“ირაკლი ალასანია პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, ოღონდ არა უახლოეს მომავალში. ირაკლი ალასანიას გეგმებში პოლიტიკაში დაბრუნება 2020 წლის შემდეგ შედის, მაგრამ ვნახოთ, ყველაფერი იცვლება და შესაძლოა, ისე დრამატულად შეიცვალოს სიტუაცია, რომ მისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებაც მიიღოს“,- განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ცნობისთვის, “თავისუფალი დემოკრატების“ დამფუძნებელი და ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან 2016 წელს, საპარლამეტო არჩევნების შემდეგ წავიდა. ირაკლი ალასანიამ პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" 2009 წელს დააფუძნა, რომელიც 2012 წლის დასაწყისში კოალიცია "ქართულ ოცნებას" შეუერთდა.
ირაკლი ალასანიას საქართველოს თავდაცვის მინისტის თანამდებობა 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე ეკავა. ის 2006 წლის 11 სექტემბრიდან 2008 წლის 4 დეკემბრამდე იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ამავდროულად იყო საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში. მას 2004-2006 წლებში ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.