გია ვოლსკი, რომელიც 2019 წლის მარტიდან „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნად დაინიშნა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ჯერ არ შეხვედრია.
როგორც მან „2020NEWS“-ს განუცხადა, გარკვეული კონსულტაციების გარდა, რაიმე კონკრეტული აქტივობა მისი მხრიდან არ განხორციელებულა, გააქტიურებას კი, „საარჩევნო კოდექსის“ დამტკიცების შემდეგ გეგმავს.
„საარჩევნო თემებთან დაკავშირებით რომ დავლაგდებით, არის საკითხები, რომელიც პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, საერთო ინტერესების თემებს განეკუთვნება, თუნდაც დაპირისპირების პირობებში. ასეთი თემები ყოველთვის არსებობდა - ეს ეხება კანონებს, რეზოლუციებს, გარკვეულპოლიტიკურ პროცესებს. მე მექნება ამ თემებზე საუბარი ჩემს კოლეგებთან, მაგრამ ჯერჯერობით, ეს პოზიცია აქტუალური არ არის. არჩევნების წინა პერიოდში მქონდა კონსულტაციები ჩემს კოლეგებთანაც, სახალხო განხილვების დროსაც, მაგრამ ამას უფრო გეგმაზომიერი ხასიათი მიეცემა მას შემდეგ, რაც „საარჩევნო კოდექსს“ დავამტკიცებთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ “2020NEWS”-თან საუბრისას.