როცა ადამიანს საჩუქარს აძლევ, სად დადგამს, მისი გადასაწყვეტია - შეიძლება „ლელოს“ საჩუქარზე უარი ვთქვათ -გუგუტიანთკარიდან დევნილი ლევან რაზმაძე

როცა ადამიანს საჩუქარს აძლევ, სად დადგამს, მისი გადასაწყვეტია - შეიძლება „ლელოს“ საჩუქარზე უარი ვთქვათ -გუგუტიანთკარიდან დევნილი ლევან რაზმაძე

როცა ადამიანს საჩუქარს აძლევ, სად დადებს თუ დადგამს, მისი გადასაწყვეტია, - ასე ეხმაურება გუგუტიანთკარიდან დევნილი ლევან რაზმაძე „ლელოს" წარმომადგენლების განცხადებას, რომ თუ რაზმაძეების ოჯახი მათ მიერ ნაჩუქარი კოტეჯის „გორში, კორპუსებთან დადგმას მოითხოვს, შესაძლოა, სახლი სხვა ოჯახს აჩუქონ".

როგორც ლევან რაზმაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, „ლელოს" წარმომადგენლები მათ პოზიციას არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ და მათი განცხადების გამო ოჯახმა საჩუქარზე უარი შესაძლოა, თავად თქვას.

„არასწორი ინტერპრეტაციებით ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ჩვენ უარი განვაცხადეთ დაპირებულ კოტეჯზე. სინამდვილეში ვუთხარით მხოლოდ ის, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს ადგილი, სადაც ამ სახლს განვათავსებთ, ადგილი გვაქვს გორში, ჩვენი სახლის ეზოში, შევთავაზეთ, რომ ჩამოცალონ აქ ეს კონსტრუქცია და როდესაც შესაბამის ადგილს გამოვძებნით, შევატყობინებთ და თავად ააწყონ ან სულაც ჩვენ ვნახავთ ხელოსნებს და ავაწყობინებთ ამ სახლს. რაც შეეხება გუგუტიანთკარს, უამრავჯერ ვთქვით, რომ სოფელში არ გვაქვს არანაირი მიწის ნაკვეთი. თუ გამოინახება, არც იმაზე ვართ წინააღმდეგი, რომ იქ დაიდგას. ჩვენ არაფერი გვითხოვია მამუკა ხაზარაძისთვის, თავად შემოგვთავაზეს საჩუქრად და როცა ადამიანს საჩუქარს აძლევ, სად დადებს თუ დადგამს, მისი გადასაწყვეტია და ისეთი განცხადებები გაკეთდა დღეს მათი მხრიდან, რომ იქნებ სულაც უარი ვთქვათ. ახლა გუგუტიანთკარში ასულან და იქ აუტანიათ ის კოტეჯი. ვერ ვიგებ, რა უნდათ, რას აპირებენ", - განაცხადა ლევან რაზმაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე გუგუტიანთკარიდან დევნილი რაზმაძეების ოჯახს სახლის საჩუქრად გადაცემას დაპირდა. დღეს ხაზარაძის მიერ დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" წარმომადგენლებმა ხის კოტეჯის კონსტრუქციები გორის გამგეობასთან მიიტანეს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს რაზმაძეებისთვის მიწის გამოყოფა მოსთხოვა, სადაც აღნიშნულ სახლს დადგამენ. ოჯახი აცხადებს, რომ სოფელში მიწა არ აქვს და „ლელოს" სთავაზობს სახლი გორში, იმ ადგილზე დადგან, სადაც ახლა ცხოვრობს, თუმცა საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენელმა თეონა დოლენჯაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „გამართლებულად არ მიაჩნიათ კოტეჯის გორში, კორპუსებთან ჩადგმა და თუ რაზმაძეების ოჯახი ამას მოითხოვდა, სახლს სხვა ოჯახს აჩუქებენ".