სალომე ზურაბიშვილი მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ შეწყალებულთა საქმეს საკუთარ თავზე იღებს და აცხადებს, რომ თავად შეარჩია შესაწყალებელი ადამიანები. მისი თქმით, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს. პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, რომ დაიწყოს წესების სხვანაირად ჩამოყალიბება და დახვეწა. პრეზიდენტის პოზიციას იზარებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი და აცხადებს, რომ ზურაბიშვილმა დაუშვა მძიმე შეცდომა და პოლიტიკური ფასიც გადაიხადა.
for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი აქტუალურობას არ კარგავს. მმართველი გუნდი არ ერიდება პრეზიდენტის კრიტიკას, მეტიც გაეროში პრეზიდენტს სიტყვა დაუწუნა მამუკა მდინარაძემ. რამდენად უშვებთ იმას, რომ პოლიტიკურ ველზე მივიღოთ იგივე სცენარი, როგორც გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური გუნდი ოპოზიციაში იყო პრეზიდენტთან?
დავით ზარდიაშვილი: არა მგონია, ასე შორს წავიდეს საქმე. მარგველაშვილმა პოლიტიკური პოზიციონირება დაიწყო და ცდილობდა გარკვეული პოლიტიკური მიმართულება მიეცა. სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ასეთი ინტერესები, ეს აშკარად ჩანს. შეიძლება პრეზიდენტის საქციელში რაღაცა მოსწონდეთ, ან არ მოსწონდეთ უმრავლესობაში, მაგრამ ეს საკითხი პოლიტიკურ დაპირისპირებამდე არ მივა. მარგველაშვილი ცდილობდა გარკვეული პოლიტიკური მიმართულების შექმნას, პოლიტიკური ოპოზიციის როლს თამაშობდა და ეს იყო პრობლემა. ზურაბიშვილი ამას არ გააკეთებს. შეიძლება ვილაპარაკოთ შეცდომებზე, რომელიც შეწყალების საქმეს ეხება.
შეცდომა შეიძლება იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს?
– იმპიჩმენტამდე საქმე არავითარ შემთხვევაში არ მივა. დარწუმუნებული ვარ, რომ დანაშაული არ ყოფილა, უბრალოდ, ეს იყო ძალიან მძიმე შეცდომა. იმდენი ხმაური მოჰყვა ამ შეწყალებას, პოლიტიკური ფასი გადაიხადეს ზურაბიშვილმა და მისმა მომხრეებმაც. რაც შეეხება გაეროში გამოსვლას, მე არ ვიცი რა ნახა საკრიტიკო მდინარაძემ.
მეორე დღეს იმართებოდა საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა, წინა დღეს ხალხის გულის მოსაფხანად ილანძღო და იგინო რუსეთის მისამართით, ეს არადიპლომატიურია, არარაციონალურია და გაუმართლებელიც არის. ამ კუთხით უნდა შევხედოთ პრეზიდენტის გაეროში გამოსვლას. იქ რაც მოხდა, ეს გახლავთ რუსეთ–საქართველოს შორის, პირდაპირი დიალოგის კუთხით, ყინულის დაძვრა. ეს კი, ვარგა - არ ვარგა, არ ვიცი. შედეგები დაგვანახებს.
უშვებთ თუ არა პრეზიდენტის და უმრავლესობის დაპირისპირებას?
– არა. რაღაცა გარკვეული წინააღმდეგობები იქნება, თუმცა მე მაგალითად, კარგად არ მესმის იუსტიციის სამინისტროს პოზიციის. იმიტომ, რომ როგორც კი პრეზიდენტმა მუშაობა დაიწყო შეწყალების აქტებზე, რასაკვირველია, იუსტიციის სამინისტროს უფრო აქტიური პოზიცია უნდა ჰქონოდა. გარკვეული ინფორმაცია მას ექნებოდა, რომ მარიამობისთვის შეწყალების აქტი მზადდებოდა. ახლა კი იუსტიციის მინისტრი იძახის, რომ კომუნიკაცია არ ყოფილაო, მაგრამ თვითონ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით უნდა ყოფილიყო ეს კომუნიკაცია, რომ ასეთი მძიმე შეცდომები არ ყოფილიყო დაშვებული. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შეცდომებზეა საუბარი, მაგრამ დანაშაულზე ლაპარაკი, არა მგონია, სწორი იყოს.
თქვენ ფიქრობთ, რომ შეცდომა იყო მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალება?
– რასაკვირველია, და ამაზე რამდენჯერმე გააკეთა განმარტება პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა თქვა, რომ არ მინახია გვარი ოთხმოზური, თორემ არ შევიწყალებდიო. რა გამოდის, რადგან არ ნახა იმიტომ შეიწყალა? თუ ეკუთვნოდა შეწყალება, რატომ არ უნდა შეეწყალებინა? პრეზიდენტი ვერ ჩამოყალიბდა და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის შეცდომა?
– ჩვენ ვმსჯელობთ ისეთ საკითხზე, რასაც ჰქვია შეწყალების აქტი. აქ ბევრი რამე უნდა იყოს მხედველობაში მიღებული. ჯერ ერთი, პრეზიდენტმა რამდენჯერმე ახსნა, ეს არ არის მართლმსაჯულების გაგრძელება, ეს არ არის სასამართლო. დამნაშავეა, თუ არ არის დამნაშავე, ამაზე არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკია იმაზე, პირადი დამოკიდებულებით რა განწყობა ექნება პრეზიდენტს. შეწყალება ჰუმანური აქტია, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული პირი დამნაშავეა. მკვლელებს, ყაჩაღებს და დამნაშავეებს იწყალებენ, უდანაშაულო ადამიანს შეწყალება რაში სჭირდება. ლაპარაკია მსჯავრდებულებზე და გასაგებია ეს ყველაფერი.
პრეზიდენტს რომ სცოდნოდა, ოთხმეზურის შემთხვევაში უკან იდგა მკვლელი და მსხვერპლი იყო ოთხმოზურის ოჯახი, რომელსაც მაღალი ავტორიტეტი აქვს, რასაკვირველია, მოხდებოდა ამის გათვალისწინება და არ წავიდოდა ამ ნაბიჯზე. ახლა კი, ასეთი გახმაურებული საქმის გამო, დიდი ხმაური ატყდა და ამაში ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი გადაიხადა პრეზიდენტმა, რადგან სერიოზული დარტყმა მიადგა არა მარტო პრეზიდენტს, არამედ მთლიანად ამ ინსტიტუტს. იმის თქმა, რომ ეს არ იყო შეცდომა, ძნელია. რა თქმა უნდა, შეცდომა იმის გამოც იყო, რომ პრეზიდენტს არ ჰოქნდა ინფორმაცია, კარგად არ იცოდა ვის იწყალებდა და ეს აღიარა კიდეც.
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულს უფრო ხედავთ, ვიდრე პრეზიდენტის? ამ შემთხვევაში სისტემური დანაშაული იკვეთება?
– სისტემური თვალსაზრისით, აქ დანაშაული არ არის. დანაშაულზე ვერ ვილაპარაკებ. მოხდა ასეთი ფაქტი – პრეზიდენტი როგორც კი შეუდგა მოვალეობის შესრულებას, თქვა, რომ ის გადახედავდა შეწყალების მოქმედ წესს, რომელიც ითვალისწინებს შეწყალების კომისიის არსებობას პრეზიდენტთან. ის ფიქრობდა სწორად და ეს პრაქტიკა ბევრ ქვეყანაშია, რომ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასულიყო ეს კომისია და პრეზიდენტთან უნდა მომხდარიყო გაფილტრული სია. ეს ვერ მოხერხდა, მეტი აქტიურობა უნდა გამოეჩინა იუსტიციის სამინისტროს, რომ პრეზიდენტის ეს ინიციატივა განხორციელებულიყო. მოხდა ისე, რომ ძველი კომისია არ არსებობდა, რახან პრეზიდენტი წესის შეცვლას აპირებდა, ახალი კომისია არ შეუქმნია და შეწყალება მოხდა წესის გარეშე, იმ კრიტერიუმების გარეშე, რაც იმ წესში წერია.
სწორედ ეს აჩენს კითხვებს, რატომ იხელმძღვანელა მოქმედი აქტით?
– იმიტომ, რომ ახალი წესის შექმნას აპირებდნენ. პრეზიდენტს კანონი კი არ დაურღვევია. ამ წესში წერია და მისი მესამე მუხლი ამბობს, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს წესის გარეშეც შეიწყალოს მსჯავრდებული. ანუ, მას შეუძლია წესი ან გამოიყენოს, ან არა. შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის სრული დისკრეცია. მარგველაშვილმა საკუთარ თავს დაუწესა დისკრეცია, როდესაც ეს წესი მიიღო. ზურაბიშვილი უფრო მეტი შეზღუდვების დაწესებას აპირებდა საკუთარი თავისთვის.
მორატორიუმი, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობს, კონსტიტუციონალისტების შეფასებით დაუშვებელია. ავთო დემეტრაშვილის შეფასებით, მორატორიუმის აქტის გამოშვება იქნებოდა დანაშაული პრეზიდენტის მხრიდან...
– არ არის სწორი. ავთო დემეტრაშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ აყოლილი არის ამ აჟიოტაჟს. შეწყალება მსჯავრდებულის უფლება კი არ არის, ეს არის პრეზიდენტის უფლება. მსჯავრდებულს არ აქვს უფლება მოითხოვოს გინდა თუ არა შემიწყალეო. ეს არის ჰუმანური აქტი, ეს არ არის მართლმსაჯულების აქტი. პრეზიდენტს უნდა შეიწყალებს, უნდა არა და ვისაც უნდა, იმას შეიწყალებს. შეზღუდვა აქ არ არის.
პრეზიდენტები საკუთარ თავს თვითონ უწესებენ შეზღუდვას და ამ წესებს ღებულობენ. ვერავინ ვერ დაუდგენს მათ ამ წესს, ვერც პარლამენტი და ვერც ვერავინ. პარლამენტი ვერ შეზღუდავს პრეზიდენტს და ვერ ეტყვის შენ ამა და ამ წესით შეიწყალეო, ეს შეუძლებელია. ამ დისკრეციას კი, როგორ გამოიყენებს, ეს არის პრეზიდენტის საქმე და შეუძლია საერთოდ უარი თქვას შეწყალებაზე - თქვას, რომ ამ პირობებში მე არ შემიძლია ვინმეს შეწყალება და მორატორიუმიც ეგ არის.
შესაძლოა, კორუფციასთან გვქონდეს საქმე? ეჭვს აღვივებს ისიც, რომ გამოკითხვაზე დაბარებული იყვნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროდან ადვოკატები...
– რასაკვირველია, მიჩნდება ეს კითხვა და გამოძიებამ უნდა გასცეს ამას პასუხი. ეჭვი გონივრულია, რატომ მოხვდნენ შეწყალების სიაში ისეთი ადამიანები, რომლებიც არავითარ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებენ. მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულს სასჯელის ნახევარი მაინც უნდა ჰქონდეს მოხდილი, რომ შეწყალების საკითხი განიხილო. აქ რაიმე კანონი, ან ნორმატიული აქტი არ დარღვეულა. იმავე წესში წერია, რომ პრეზიდენტს შეუძლია ამ წესის მოთხოვნების გარეშეც შეიწყალოს მსჯავრდებულები. რახან უკვე ამ წესში ეს კრიტერიუმი არის, რასაკვირველია, უხერხულად გამოიყურება, რომ ეს კრიტერიუმი გათვალისწინებული არ არის. ამიტომ ვამბობ, რომ ეს იყო მძიმე პოლიტიკური შეცდომა, რაზეც უკვე პრეზიდენტმა მიიღო პასუხი. საკმაოდ მძიმე დღეში ჩაიყენა თავი, ბულინგამდე მიიყვანა საქმე, ვისაც არ ეზარება, გამოდის და პასუხს სცემს.
იმპიჩმენტს გამორიცხავთ, მაგრამ გამოძიების მოლოდინი გაქვთ? ოპოზიცია აცხადებს, რომ გამოძიება იმოქმედებს ისე, როგორიც იქნება ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება...
– ასე ყველაფრის თქმა შეიძლება. რა თქმა უნდა, საქმეს აქვს პოლიტიკური კომპონენტი, რადგან ლაპარაკია პრეზიდენტის ინსტიტუტზე. მაგრამ აქ არის საკითხის სამართლებრივი მხარე. თუ დანაშაული მოხდა, ანუ იყო კორუფცული სქემა, ის არ დაიმალება, შეუძლებელია. არ შეიძლება პრეზიდენტის, ან ხელისუფლების ინტერესში შედიოდეს ამ დანაშაულის დამალვა, რადგან ძალიან დიდ ფასს გადაიხდიან ამაში. თუ რამე ეჭვი არსებობს, ჯობია ეს ეჭვი მოიხსნას, რაც ხელსაყრელია ხელისუფლებისთვის და პრეზიდენტისთვის.