52 წლის კეროლ ჰორლოკი, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ესექსის საგრაფოში 65 წლის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, მე-16 ბავშვი გააჩინა. ამის შესახებ გამოცემა Sun-ი წერს.
პირველი ქორწინებიდან კეროლს ორი ქალიშვილი: 29 წლის სტეფანი და 25 წლის მეგანი ჰყავს. გარდა ამისა, ის 14 ბავშვის სუროგატი დედა გახდა და თითოეულის სანაცვლოდ 15 ათასი გირვანქა სტერგლინგი მიიღო.
პირველად მან სხვა წყვილს შვილი 27 წლის ასაკში გაუჩინა, როდესაც უკვე საკუთარი შვილები ჰყავდა. კეროლის თქმით, პირველი ბავშვი მის მშობლებს ადვილად გადასცა, ვინაიდან ხედავდა, როგორი ბედნიერები იყვნენ ისინი.
თუმცა ერთხელ მას უსიამოვნო ინციდენტი მოუვიდა. 2004 წელს კეროლმა ჩვილი წყვილს გადასცა, მათ კი დნმ-ის ანალიზის ჩატარება გადაწყვიტეს და აღმოაჩინეს, რომ ბავშვის მამა კეროლის მეუღლე პოლია. მიუხედავად ამისა, წყვილმა ბავშვი მაინც აიყვანა.
ჰორლოკის თქმით, მსოფლიოში არსებობენ უფრო ასაკოვანი ქალები, რომლებმაც საკუთარი ნათესავებისთვის შვილები გააჩინეს, თუმცა ის ყველაზე ასაკოვანი სუროგატი დედაა, რომელმაც ბავშვი ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ გააჩინა.