საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“ -2019

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“ -2019

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“გაიხსნა, რომელშიც ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობენ. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები, უცხოელი მეცნიერები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის მოადგილის ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილია მთელი ის სამყარო, რომელიც ნეიროგლიის ფუნქციებზე მუშაობს. ჩვენმა უნივერსიტეტმა თავის დროზე მსოფლიოს მისცა ისეთი სახელები როგორებიცაა ივანე ბერიტაშვილი, ალექსანდრე როიტბაკი. დღევანდელი კონფერენცია ხელს შეუწყობს სახელოვანი და ტიტულოვანი მეცნიერების შეკავშირებას ერთი მიზნისთვის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევების განვითარებისა და გაძლიერებისთვის.“ 

საერთაშორისო კონფერენციაში „ნეიროგლიის ფუნქციები“ მონაწილეობენ  10 ევროპული ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის წამყვანი მეცნიერები. ღონისძიება მიზნად ისახავს გააგრძელოს აკად. ალექსანდრე როიტბაკის მემკვიდრეობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ნეირომეცნიერების აღორძინებასა და განვითარებას. 

„კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“  არის იმ კონფერენციათა ციკლის აღდგენა-აღორძინება, რომლებიც 80-იან წლებში ტარდებოდა თბილისში ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში და მისი ინიციატორი და სულის ჩამდგმელი იყო ალექსანდრე როიტბაკი. რამდენიმე წლის წინ, დაგვებადა იდეა, რომ აღგვედგინა ეს კონფერენცია. საბჭოთა კავშირის დროს, ძალიან ბევრი დასავლელი მეცნიერი ჩამოდიოდა და დიდი წვლილი შეჰქონდათ ამ კონფერენციისა და მეცნიერების განვითარებაში. წელს, ალექსანდრე როიტბაკის დაბადების 100 წლისთავზე  გადავწყვიტეთ აღგვედგინა კონფერენცია. დავუკავშირდით მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და მათ სიამოვნებით მიიღეს ეს მოპატიჟება. მიხარია რომ ძალიან წარმომადგენლობითი კონფერენცია ტარდება. განვიხილავთ ტვინის ფუნქციების ძირითად მოვლენებს და თანამედროვე ნეირომეცნიერების მიღწევებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონფერენციაზე ბევრ სიახლეს შევიტყობთ ნეირომეცნიერების დარგიდან,“ - განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორმა, თსუ მოწვეულმა პროფესორმა, ლუდნის (შვედეთი) უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ კოკაიამ.

კონფერენცია, რომელიც 3 დღეს გასტანს,  თსუ პროფეორის, გამოჩენილი ნეირომეცნიერის ალექსანდრე როიტბაკის დაბადების 100 წლისთავს მიეძღვნა. აკადემიკოსი ალექსანდრე როიტბაკი 3 ათეულ წელზე მეტი მოღვაწეობდა თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრაზე, კითხულობდა ლექციების კურსს ელექტროფიზიოლოგიაში.

კონფერენციის ორგანიზატორებია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტი, ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, საქართველოს ნეირომეცნიერების ასოციაცია, ეროვნული აკადემია, სამეცნიერო ჟურნალი „გლია“ და „აკადემია ევროპეას“ თბილისის რეგიონული ცენტრი. ღონისძიება იმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SRNSFG), ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO), ტვინის იმუნოლოგიისა და გლიის ცენტრის (BIG) და ვირჯინიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების დეპარტამენტის (აშშ) ფინანსური მხარდაჭერით.

აღნიშნული კონფერენცია ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს სთავაზობს აქტიური ჩართვის საშუალებას, ფორუმი მათ მისცემს საშუალებას, ეზიარონ ნეირომეცნიერების ამ დარგში დაგროვილ უახლეს მონაცემებს.