BASE Hologram კომპანიაა, რომელიც თანამედროვე ჯადოქრობას მიმართავს: განვითარებული ტექნოლოგიების საშუალებით ისინი ქმნიან, როგორც გადაშენებული ცხოველების მოძრავ და სრულიად რეალისტურ გამოსახულებებს, ისე გარდაცვლილი ადამიანების იდენტურ ჰოლოგრამებს. მაგალითად, 2018 წელს უკვე გაიმართა მეოცე საუკუნის საკულტო საოპერო მომღერლის, მარია კალასის ჰოლოგრამის კონცერტები, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
სულ მალე კი მსოფლიოში აღიარებული კიდევ ერთი მომღერლის, უიტნი ჰიუსტონის ჰოლოგრამა გამართავს კონცერტებს: BASE Hologram-მა მომღერლის წარმომადგენლებთან შეთანხმებას მიაღწია და უკვე კონცერტების ტურნეც დაანონსდა. 2020 წლის 23 იანვრიდან ერთგულ მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ 2012 წელს გარდაცვლილი უიტნი ჰიუსტონის ჰოლოგრამის კონცერტებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაესწრონ.
ჰიუსტონის ჰოლოგრამაზე მუშაობასთან დაკავშირებით BASE Hologram-ის წარმომადგენელმა პოპდივასთვის დამახასიათებელი შტრიხების ავთენტურად გადმოცემაზე გაამახვილა ყურადღება: "ის კონცერტზე წარმოდგენის გამართვისას უსაზღვრო ქარიზმითა და ემოციით იყო სავსე და ჩვენ გვინდა, მსმენელებმა ამის განცდა ისევ შეძლონ."
ამ ფაქტთან დაკავშირებით კი მომღერლის ყოფილმა პირადმა მენეჯერმა, პეტ ჰიუსტონმა განაცხადა: "მართალია, უიტნი ჩვენთან აღარაა, მაგრამ მისი მუსიკა მუდამ ჩვენთან იქნება. ვფიქრობთ, რომ ამ თანამშრომლებით სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან ჰოლოგრამაზე მომუშავე ადამიანებს ზუსტად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა ეს."
ამ პროექტზე მუშაობს ცნობილი ქორეოგრაფი ფატიმა რობინსონიც, რომელსაც წარსულში რიანას, ქენიე უესტისა და სხვა ცნობილი მომღერლების ვიდეოკლიპების შექმნაშიც მიუღია მონაწილეობა. კონცერტების მსვლელობისას ჰოლოგრამას ნამდვილი შოუს ატმოსფეროს შექმნაში კი, როგორც ბენდის ცოცხალი მუსიკა, ისე ბექვოკალის მომღერლები და პროფესიონალი მოცეკვავეები დაეხმარებიან.
კონცერტების ტურნე 2020 წლის 3 აპრილამდე ამერიკასთან ერთად გაიმართება ევროპის მრავალ ქვეყანაში: ინგლისი, ბელგია, უკრაინა, გერმანია, რუსეთი და სხვა.