კრეიგ მაზინს აშშ-ს პრეზიდენტის სახელი და გვარი მაიკროსოფტის სცენაზე არ უხსენებია, თუმცა, მას შემდეგ, რაც ემიზე საუკეთესო მინი-სერიალის ჯილდო მიიღო, ყველასთვის გასაგები იყო, თუ ვინ იგულისხმა ჩერნობილის შემქმნელმა თავის მოკლე სიტყვაში.
"იმედი მაქვს, რომ ჩვენი შოუ მცირედით მაინც დაეხმარა ადამიანებს იმის შეხსენებაში, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სიმართლეს და რა საფრთხეები აქვს ტყუილს", — თქვა კრეიგ მაზინმა.
მინისერიალი 1986 წლის 26 აპრილს, უკრაინის ქალაქ პრიპიატში მომხდარ ბირთვულ კატასტროფაზე გვიყვება. აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ჩერნობილის ავარია უდიდესია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
შოუ ხშირად შეადარეს ტრამპის ეპოქას. ერთ-ერთი იყო სტივენ კინგი, რომელმაც ტვიტერზე ჯერ კიდევ მაისში დაწერა, რომ ტრამპი ისევე ვერ იაზრებდა ეკონომიკას, მსოფლიოს და იმას, რაც მისი ძალაუფლების ქვეშ იყო, როგორც საბჭოთა კავშირის ის ლიდერები, რომლებსაც ჩერნობილის კატასტროფის დროს სიტუაციის მართვა ევალებოდათ:
"შეუძლებელია უყურო HBO-ს ჩერნობილს და არ იფიქრო დონალდ ტრამპზე".
სწორედ ამ ტვიტზე მაზინმა მადლიერება გამოხატა, რომ კინგი შოუს ჩანაფიქრს ასე ზუსტად მიუხვდა.
ჩერნობილმა სულ სამი ემი მიიღო, მათ შორის მინისერიალის საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო სცენარისთვის.