ხმაურიანი ტურისტებით გადავსებული სივრცეები თუ არ გიყვართ, ხოლო მოგზაურობისას სიმყუდროვესა და უცხო ქვეყნისთვის დამახასიათებელ ორგანულ სილამაზეს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ ეს 5 ნაკლებად ცნობილი ადგილი აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ.
სპერლონგა, იტალია
სპერლონგა რომსა და ნაპოლის შორის, ლატინის პროვინციაში მდებარე მყუდრო, პატარა ქალაქია. გორაკებზე განფენილ თეთრი ქვით ნაშენ სახლებს შორის გამავალ ვიწრო ქუჩებში ნაყინისა და პიცის დაგემოვნებას თავისუფლად შეძლებთ. ლეგენდის თანახმად სწორად აქ იყო იმპერატორ ტიბერიუსის საზაფხულო რეზიდენცია. მიმდებარედ არსებული დიდი ზომის გამოქვაბულები მზის ჩასვლის საცქერად ყველაზე მოხერხებულ ადგილად ითვლება.
ბერატი, ალბანეთი
ბერატი, ანუ იგივე „ათასი ფანჯრის ქალაქი“, ალბანეთში, ბერატის ოლქში მდებარეობს. დედაქალაქ ტირანადან სულ რაღაც 70 კილომეტრში თქვენ შეძლებთ საოცარი არქიტექტურის მქონე სახლებს შორის ისეირნოთ და მოსაღამოვებულზე ტავერნაში გრაპპაც მოწრუპოთ. ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობა დიდი ციტადელია, საიდანაც მთელი ქალაქი ხელისგულზე მოჩანს.
ოჰრიდი, ჩრდილოეთ მაკედონია
ქალაქი ოჰრიდი ჩრდილოეთ მაკედონიის დასავლეთ ნაწილში, ამავე სახელწოდების ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს. კურორტის ტიპის ამ პატარა დასახლებაში ტურისტების სიმრავლეს ვერ შენიშნავთ. კრისტალურად გამჭვირვალე ტბის პეიზაჟების სანახავად აქ ძირითადად თვითონ მაკედონიელები ჩამოდიან. ირგვლივ არსებული სივრცე განსაკუთრებით სასიამოვნო ფეხით სეირნობისა და ველოსიპედით სიარულის მოყვარულთათვის არის.
არკადია, საბერძნეთი
საბერძნეთის სამხრეთ-დასავლეთით გასაოცარი, მთიანი რეგიონი, არკადია მდებარეობს. სიმწვანეში ჩაფლულ ამ რეგიონში ლამის კლდეში გამოყვანილ მცირე ზომის სოფლებს მრავლად შეხვდებით. ხელუხლებელი და უცვლელი სახით შემონახული ბუნება ვიზიტორებს ყოველთვის აღფრთოვანებულს ტოვებს.
არდენები, ბელგია
არდენების მაღლობი ბელგიასა და ლუქსემბურს შორის არის გადაჭიმული. რეგიონი ცნობილი თავისი საფეხმავლო ბილიკებით არის, რომლებიც ზოგჯერ ტყის მასივებისკენ გაგიტყუებთ, ხოლო ზოგჯერ მდინარის გასწვრივ. არდენების ბელგიურ ნაწილში ამ სილამაზეს სახელგანგანთქმული ბელგიური ლუდის თანხლებით უნდა ეზიაროთ: ხეებს შორის შემალულ მცირე ლუდსახარშებს ამ რეგიონში მრავლად შეხვდებით.