რუსული პროპაგანდა საქართველოსთვის, ისევე, როგორც დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის, სერიოზულ გამოწვევად რჩება. საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად კრემლის მიერ პროპაგანდის გამოყენება არ არის ახალი მოვლენა, თუმცა, მისი ხარისხი და მასშტაბები ბოლო წლების გამავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლება არ აღიარებს ამ პრობლემის არსებობას, რათა შეიმუშაოს პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო წლებში გაზრდილი მასშტაბის გათვალისწინებით, კრემლის საინფორმაციო ომი თვისობრივად ახალ პრობლემად უნდა ჩაითვალოს, რომელიც ასევე ახალ გადაჭრის გზებს საჭიროებს. ამ დასკვნამდე უკვე მივიდნენ კრემლის პროპაგანდის მთავარი სამიზნე ქვეყნები და ინსტიტუტები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობენ პროპაგანდასთან დაპირისპირების სტრატეგიებზე.
ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის შეფასებით, ჩვენში უკვე დიდი ხანია ანტიამერიკული განწყობების დამკვიდრებას ცდილობენ. თეზისი, რომ ამერიკაც ოკუპანტია, უკვე 90–იანი წლების დასაწყისიდან ისმის. მისი თქმით, რუსული პროპაგანდა ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ ახალი სახელმწიფოებრიობის წინაშე არსებული პრობლემები და ადამიანების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ამერიკული „ოკუპაციით“ აეხსნა.
„სწორედ მაშინ იწყება გავრცელება თეორიებისა მასონთა შეთქმულების შესახებ და ა.შ. ამასთან ერთად, იგივე, რუსული პროპაგანდა ცდილობდა და ცდილობს ჩვენში საკუთარი სახელმწიფოებრიობით დაქანცულობისა და უიმედობის განწყობის დანერგვას. დღეს მცოცავი ოკუპაციით აღვივებს ამგვარ განწყობებს. ჩვენს ცხოვრებაში საიმედოს ვერაფერს ვერ უნდა ვხედავდეთ. ყველა სფეროში უიმედობა და გამოუვალობა უნდა სუფევდეს. ჰოდა, ერთხელაც უძღები შვილივით უნდა ვეახლოთ ჩვენს ძველ და „კეთილ პატრონს“, რომელსაც რატომღაც მიაჩნია, რომ ბიზანტიელებისაგან მემკვიდრეობით ვერგეთ“, – აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.
როგორც ფილოსოფოსი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, ცუდი ისაა, რომ, როგორც აღმოჩნდა, ზოგ ჩვენს თანამემამულესაც ასე მიაჩნია. თუ გუშინ ისინი ჩუმად იყვნენ და ერთმანეთში თუ ჩურჩულებდნენ, დღეს პოლიტიკურ ძალად ცდილობენ ქცევას.
„საბედნიეროდ, რუსეთი ყოველთვის ორი სამი ნაბიჯით აგვიანებს. საბჭოთა ეპოქის შემდეგ, უკვე თაობა შეიცვალა. სტალინიზმის ვირუსით შეპყრობილა და 37 მანეთიანი კომფორტს მონატრებულთა ოდენობა ყოველდღიურად მცირდება. საბჭოთა იმპერიამ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ჩვენში ადამიანური ღირსება ჩაეკლა, რომ გონებისა და ზნეობის კანონების ადგილას კომუნისტური მორალის სახელით უგუნურებისა და უზნეობის ვირუსი ჩაეთესა, მაგრამ ისე მაინც ვერ გაგვტეხეს, რომ მონობის დაბრუნების სახელით მონათა რევოლუციას შევესწროთ“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილმა.
რუსულ პროპაგანდას, როგორც სერიოზულ პრობლემას, ისე უყურებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი, რომლის განცხადებით, საკმარისი სამუშაო არ მიმდინარეობს რუსული პროპაგანდის მიმართულებით და საჭიროა უფრო მეტი კონსოლიდაცია.
„ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. რუსული პროპაგანდა არის მათი ჰიბრიდული ომის ნაწილი და ეს ომი მათ, პრაქტიკულად, მთელს მსოფლიოსთან გააჩაღეს. ძირითადად ებრძვიან დემოკრატიულ სამყაროს და საქართველო, როგორც დემოკრატიული სამყაროს ნაწილი და ქვეყანა, რომელსაც უნდა ნატო–სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, მათი განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტია. ხშირ შემთხვევაში, მესიჯების შედეგად, საქართველოში სხვადასხვა სახის შეხედულებები, პოზიციები და სხვადასხვა თემების ინტერპრეტაცია არის განვითარებული“, – აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
როგორც გოგოლაშვილი აცხადებს, რუსული პროპაგანდისტული მესიჯები არაპირდაპირი გზებით ვრცელდება, შემოაღწია ქართულ საზოგადოებრივ ჯგუფებში, საინფორმაციო საშუალებებში, პოლიტიკურ ჯგუფებში და ამ პროპაგანდასთან ბრძოლისთვის მოსახლეობის მეტი ინფორმირებაა საჭირო.
„ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ამას სჭირდება მწყობრი და დალაგებული პასუხი. მთავრობას აქვს გარკვეული სტრატეგია, არსებობს ინსტიტუტები, მაგალითად, ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი და ასევე სხვადასხვა სამინისტროებში სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტები, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ საკმარისი სამუშაო არ მიმდინარეობს ამ მიმართულებით და საჭიროა უფრო მეტი კონსოლიდაცია და რეაგირება არა პოსტფაქტუმ, არამედ პრევენცია“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.
ის, რაც ხდება, განსაკუთრებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, ფაქტობრივად ნიშნავს, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე სრულად არის გახსნილი რუსული პროპაგანდისთვის. როგორც ექსპერტი ამბობს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთგვარი კაპიტულაცია გამოვაცხადეთ რუსული საინფორმაციო ომის წინაშე.
„იმისათვის, რომ რუსული პროპაგანდა გაანეიტრალოს სახელმწიფო არანაირად არ მოქმედებს. ამ პროპაგანდას ნუ მივიღებთ მარტო პირდაპირი გაგებით, ან იმით რასაც ვისმენთ, ვხედავთ. ამ პროპგანდას აქვს ბევრი ასპექტი. მე უფრო დავარქმევდი საინფორმაციო ფსიქოლოგიურ შტურმს. ბოლო 5 წელია ეს შტურმი მიდის, ეს არ გამოიხატება მარტო ტროლების შემოსევაში, ან ფეიკნიუსების გავრცელებაში, თუ ადამიანიანებისთვის ჩირქის მოცხებაში. ყველაფერი რასაც ვუყურებთ: აგერესიის მუხტი საზოგადოებაში; საზოგადეობის სხვადასხვა სოციალურ ფენებად და ინტერესთა ჯგუფებად დაყოფა, ერთმანეთზე წაკიდება; ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით კონფლიქტების ინსპირირება; საზოგადოებაში ერთიანი ღირებულებითი სიტემის მოშლა, ეს ჰიბრიდული ომია, რომელსაც ყველაზე მძლავრად იყენებს რუსეთი“, – აცხადებს ლაგაზიძე.
ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, საინფორმაციო–ფსიქოლოგიური შტურმის მიზანია საზოგადოების დეზორგანიზება, საზოგადოების სასიცოცხლო ენერგიის დაქსასვა ისე, რომ ვერ შეძლოს სახელმწიფოს აშენებაზე კონცენტრირება. მისი თქმით, რუსული პროპაგანდის მიზანია, საზოგადოების ენერგია მიმართული იყოს გახლეჩვისკენ და სრული ნიჰილიზმისკენ.
„რუსული პროპაგანდის მეოთხე კომპონენტი არის ის, რომ საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს მეტ–ნაკლებად ღირებული ლიდერები, რომლებიც შეძლებენ საზოგადოებისთვის სწორი მიმართულების გზების დასახვას და ჩვენებას. ეს ყველაფერი ბოლო 5 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად და ჩემთვის ძალიან თვალსაჩინოდ ხდება. ის, რაც ბოლოს ვიხილეთ, უკვე აშკარა და ღია ომია დასავლელი დიპლომატების, ამერიკელების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მათი ქმედებაც ძალიან ემოციური იყო, შეიძლება დიპლომატის ქმედებების ფარგლებს სცდებოდა, ყველაფერი რაც მათ წინააღმდეგ გათამაშდა, ეს მიმართულია არა მარტო კონკრეტული ამ დიპლომატების, არამედ ამერიკის სახელმწიფოს, დასავლური ინტერესის და კურსის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ერთი დიდი გეგმის ნაწილია.
არ ვიფიქროთ, რომ რუსეთი მარტო საქართველოში აკეთებს. რუსეთი ასეთივე სცენარით მოქმედებს ყველგან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მოლდოვაში, უკრაინაში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, უკვე ამერიკასაც გადაწვდა. მაგრამ ფუნდამენტური განსხვავება ჩვენსა და ამ ქვეყნებს შორის არის ის, რომ ჩვენ ამის საწინააღმდეგოს არაფერს ვაკეთებთ. ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს და ხელის გულზე დევს ის, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამის შესაკავებლად. ამიტომაც ვამბობ – მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთგვარი კაპიტულაცია გვაქვს გამოცხადებული“, – განმარტავს ხათუნა ლაგაზიძე.
ამ ჭრილში ექსპერტი ამ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მაინც და მაინც რუსულ დაკვეთას არ ასრულებს, მაგრამ ჰიბრიდული ომის შედეგებით ხელისუფლება ხეირობს.
„რა თვალსაზრისით ხეირობს? იმით, რომ ასეთი იმედგაცრუებული, დეპრესიაში ჩავარდნილი საზოგადოება ძალიან იოლი სამართავია. ამ ტიპის საზოგადოებას არავისი და არაფრის სჯერა, ესეც ამ ფსიქოლოგიური ომის შედეგია, რომელსაც საქართველოს საზოგადოებას უტარებენ და რომლის ერთ–ერთი შედეგი არის პოტენციური იდეების თავშივე ჩაძირვა და მათი მორალური განადგურება. ბუნებრივია, რომ ეს ხელისუფლებას აწყობს. იმიტომ, რომ მოსუფთავებულია პოლიტიკური ველი, თუ ვინმე გამოვა ღირებული იდეებით, მათი განადგურებისთვის საინფორმაციო მანქანა ჩართულია. ამიტომაც, ამ შემთხვევაში, რუსეთის პროპაგანდის შედეგებით ჩვენი ხელისუფლება, ირიბად თუ პირდაპირ, ხეირობს.
არ ვამბობ, რომ მარტივია ამ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა - ურთულესია. ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ესტონეთი, ჩეხეთი, ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, უკვე აქვთ სპეციალური კონტრზომები შემუშავებული. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ნატოს სპეციალური მიმართულება აქვს სწორედ ბალტიის ქვეყნებში, რომელიც რუსეთის მხრიდან ამ საინფორმაციო ომის და მისი შედეგების პრევენციაზე მუშაობს. ამერიკაშიც სპეციალური სარდლობაა ამ მიმართულებით. რთულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოქმედება არ უნდა დაიწყო. ყველაზე საშინელება რაც არის, ვერ ვხედავ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ მოქმედების სურვილი აქვს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ.
ყველამ საკუთარ თავში იბრძოლეთ საკუთარი სამშობლოს განვითარებისათვის, მტრის წისქვილზე ნუ დაასხავთ წყალს, თეთრს - თეთრი დაუძახეთ, შავს - შავი დაარქვით და გვეშველება ყველას, აი ეს არის სიმართლე!!!...
უბრალოდ, მკითხველისადმი უპატივცემლობაა ამ ბლა-ბლა-ბლა ფრაზებით საუბარი! როცა ხედავთ, რომ ამაზე კონკრეტული და საინტერესო არაფერი აქვთ სათქმელი ამ ე.წ. ექსპერტებს, პოლიტოლოგებსა და ფილოსოფოსებს, რატომ ალაპარაკებთ საერთოდ? - სხვას არავის იცნობთ?
ნწუ,ნწუ, ნწუ!
მაშ, დღემდე "რუსეთთან ვირტუალური ბრძოლის სამინისტრო" თუ არა, ერთი კაი, დაშხოშიანი დეპარტამენტი მაინც არ უნდა შეექმნა ამ ხელისუფლებას, რომელსაც ქალბატონი ხათუნა ჩაუდგებოდა სათავეში?!