“არავინ არაფრად აგდებს, იყენებენ და ბოლოს მოისვრიან…”

 “არავინ არაფრად აგდებს, იყენებენ და ბოლოს მოისვრიან…”

“ოქუაშვილი არავის აინტერესებს, არავინ არაფრად აგდებს, იყენებენ მის ქონებას და ბოლოს ისე მოისვრიან, როგორც თავად მოგვისროლა ის გუნდი, რომელმაც ტელევიზია გავაკეთეთ,- ამის შესახებ ჟურნალისტი, ტელეკომპანია “იბერიას” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ვახო ხუზმიაშვილი “ფეისბუქის” გვერდზე წერს/.

,,ნეტავ, ამ ფაქტზე ზაზა ოქუაშვილი რას ფიქრობს? – ხაზარაძე ჰყავდა გვარამიას სტუმრად და ოქუაშვილს მატყუარა ეძახა, ჩემ ბანკს უკანონო არაფერი გაუკეთებია და იტყუებაო. ერთი სიტყვა არ დასცდენია გვარამიას ოქუაშვილის დასაცავად, არადა, აზის მის ტელევიზიას, მის ქონებას და თავის საქმეს იკეთებს. აზრადაც არ მოსვლია, ზრდილობის გამო მაინც შეპასუხებოდა. ძალიან მარტივია პასუხი”, – წერს ვახო ხუზმიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხი“ გვარამიამ მას შემდეგ დააფუძნა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს. ეს მოხდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 18 ივლისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რომლის შემდეგაც აღსრულდა საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ მფლობელი გახდა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.

ახალმა მენეჯმენტმა დაახლოებით ერთ თვეში, 20 აგვისტოს, ტელეარხიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და სხვები: ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი ლაფერაშვილი და გიორგი გაბუნია. ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა თანამშრომლის პროტესტი მოჰყვა – არხი ათობით ჟურნალისტმა დატოვა. წასვლის შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, ასევე, პაატა იაკობაშვილმა.

მალევე არხის დატოვების შესახებ 60-ზე მეტმა ჟურნალისტმა განაცხადა, მათ შორის არის „კურიერის“ და „პოსტსკრიპტუმის“ ძირითადი გუნდი.

28 აგვისტოს გაირკვა, რომ „იბერია“ ნიკა გვარამიას ტელევიზიას შენობას უთმობს.

ფაქტს ნეგატიური რეაქცია მოყვა ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან, ვახო ხუზმიაშვილისგან, რადგან არხის დახურვის შემდეგ, „იბერიას“ ყოფილი თანამშრომლები, უკვე 1 წელია „იბერიას“ ხელმძღვანელობისგან კომპენსაციების მიღებას ელოდებიან.

“იმ ეზოდან საიდანაც დღეს ლაივებს გვთავაზობენ, ბევრი ისტორია მაკავშორებს, ჯერ კოდევ 2004 წლის 19 თებერვალს, როცა სპეც-დანიშნულების რაზმი შემოვარდა, იბერია დაარბიეს და ავტომატიანი სპეცრაზმელების წინ მოკროფონით ხელში ვიდექი. ამის მერე მეორე ისტორია დაიწყო, როდესაც სექტემბერში, როცა პირადად მეგონა, რომ სიტყვის თავისუფლებას ვიცავდი, აღმოჩნდა, რომ ოქუაშვილს სინამდვილეში თავისუფალი სიტყვა კი არა მილიონები აინტერესებდა. თითქმის ერთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჟურნალიატოსთვის ყველა კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა. იმის მაგივრად, რომ მე და ჩემ კოლეგებს, რომლებიც იბერიაში ვმუშაობდით, კოლეგების მხრიდან სოლიდარობა მიგვეღო, დღეს ჩვენს ადგილებზე, ჩვენს სამუშაო მაგიდებთან, ჩვენს მოკრძალებულ ნიუსრუმში და სტუდიებში დასხდნენ. ძალიან გულსატკენია, მაშინ როცა ჩვენი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, იბერიის შენობაში ასე შესვლა და იქიდან მაუწყებლობის დაწყების დაანონსება. თქვენს ადგილებზე თუ რუსთავი 2 ში მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?” – დაწერა ვახო ხუზმიაშვილმა “ფეისბუქზე”.

ტელეკომპანია „იბერიამ“ მაუწყებლობა გასულ წელს შეწყვიტა, არხის მენეჯმენტმა მაშინ სახელმწიფოს მხრიდან „ომეგა ჯგუფზე“ განხორციელებული ფინანსური ზეწოლა დაასახელა. ტელეკომპანიის მთავარი დამფინანსებელი სწორედ „ომეგა ჯგუფი“ იყო, რომლის დამფუძნებელიც ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილია. მაუწყებლობის შეჩერების შემდეგ ტელეკომპანიამ თანამშრომლებს კუთვნილი ხელფასები და კომპენსაცია არ გადაუხადა, საქმეს ამ დროისთვის მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს.

რაც შეეხება ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ს 20 აგვისტოს შემდეგ „კურიერი“ ეთერში არ გადის. 26 აგვისტოს ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად წარადგინა ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი. როგორც იმნაიშვილმა განაცხადა, რომ არხიდან ჟურნალისტების წასვლის მიუხედავად, „ნიუსრუმი“ ცარიელი არ არის და არხზე 800-მდე თანამშრომელია დარჩენილი.

აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ  “კურიერის” ერთ-ერთ გამოშვებას ჟურნალისტი თამარ ურუშაძე წაიყვანს. ამავე წყაროს ცნობით, “რუსთავი 2”-ში შეიძლება ვიხილოთ ვახო ხუზმიაშვილიც.