ვენესუელაში ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ვენესუელაში ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ვენესუელაში ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი, ედგარ ზამბრანო, რომელიც ამ წლის დასაწყისიდან დაკავებული იყო, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

"მე გამომივიდა ამ სიტუაციიდან გამოსვლა, რომლიდანაც ვიმედოვნებ, რომ სხვა პოლიტპატიმრებიც დააღწევენ თავს. პოლიტიკის გამო აღმოვჩნდი ციხეში და პოლიტიკამვე გამომიყვანა იქიდან", - განუცხადა მან ჟურნალისტებს გათავისუფლების შემდეგ.

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი, 64 წლის ედგარ ზამბრანო სახელმწიფო ღალატისთვის იყო დაკავებული. გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა, რომ ზამბრანო ვენესუელის მთავრობასა და ოპოზიციურ მთავრობას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს.

აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 50-მდე ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.