„ოცნების“ პრობლემა მის მიმართ ნდობის დაქვეითებაა და არა „ნაციონალური მოძრაობის“ აღორძინება“, – აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომლის შეფასებით, კიდევ ბევრ მსოფლმხედველობრივ სალტო–მორტალეს ვნახავთ 2020 წლამდე. ფირალიშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ ანტიამერიკული აქციები ნათელი მინიშნებაა იმაზე, თუ რა გზას შეძლება დაადგეს „ოცნება“, თუ მარცხის გარდუვალობა იგრძნო.
for.ge ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
მამუკა ხაზარაძე ბიზნესიდან პოლიტიკაში გადავიდა, არჩევნებამდე არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას არ აპირებს. რა თქმა უნდა, ძლიერი ოპოზიცია ჰაერივით სჭირდება მმართველ ძალას და მესამე ძალის მოთხოვნილებაც დიდი ხანია არის საზოგადოებაში, როგორ ფიქრობთ, რა პოლიტიკური წონა ექნება ხაზარაძის პარტიას?
ზაზა ფირალიშვილი: ადრეც მითქვამს, რომ ამ ახალი პოლიტიკური ძალის წონა მთლიანად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს ის დღევანდელი საკმაოდ ხელსაყრელი პირობების გამოყენებას. ჩვენ უკვე სამი–ოთხი წელია, მესამე ძალის აუცილებლობაზე ვლაპარაკობთ. და ამას ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ მოგვწყინდა ძველი პოლიტიკური აქტორები, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური ცხოვრების ის რეჟიმი, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს, ჩიხურია და ახალი, შფოთის შემომტანი ძალის გამოჩენის გარეშე ამ ჩიხს ვერ გადავლახავთ.
დღევანდელი სიტუაცია არ გახლავთ ბუნებრივად ჩამოყალიბებული ორპარტიული სისტემა. ესაა მდგომარეობა, რომელსაც მხოლოდ იმიტომ ვეგუებით, რომ სხვა გზა არა გვაქვს. ძირითად აქტორებს არ აღმოაჩნდათ თვითგანახლებისა და ჩვენთვის რაღაც პოზიტიურის შემოთავაზების უნარი. ამის ნაცვლად ერთმანეთის ბნელ მხარეებს გვთავაზობენ და კიდევ უფრო აღრმავებენ უიმედობის განცდას. ამიტომაც ველით, რომ ამ ჩიხს ვიღაც დაძლევს და რომ ამით ძველი აქტორებისთვისაც ახალი გზები გამოჩნდება. ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი განსაზღვრა არა ამომრჩევლის ენთუზიაზმმა, არამედ იმან, რომ სხვა გზას ვერ ხედავდა. ეჭვი მეპარება, რომ კიდევ ერთი ასეთი არჩევნების ჩატარება იყოს შესაძლებელი.
რატომ, რა შეიცვალა ამომრჩეველში?
– თუ ორიოდე წლის წინ ჩვენი ამომრჩეველი შედარებით იოლად იმართებოდა „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ ზღვრამდე მისული დაპირისპირებით, დღეს ეს უკვე თითქმის შეუძლებელია. ამასთან, ერთსაც და მეორესაც თავისი მხარდამჭერები ჰყავს და რომელიმეს სრული მარცხი მხოლოდ სამოქალაქო ომითაა შესაძლებელი. ამ დროს გამოჩენილი მესამე, თუ ამომრჩეველი მისი წყალობით სუფთა ჰაერის ულუფას იგრძნობს, იოლად შეიძლება იქცეს ძლიერ მიზიდულობის ცენტრად ისე, რომ ძველი ორის განდევნა არ გახდეს საჭირო.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ ნებისმიერი დამოუკიდებელი მესამის გამოჩენას სასიკვდილო საფრთხედ აღიქვამს. და არ გაგვიკვირდეს, რომ, ნებით თუ უნებლიედ, მის წინააღმდეგ მოკავშირეებადაც მოგვევლინებიან. ესაა ზოგადი წინაპირობა. ჩვენ ყველანი ვგრძნობთ, რომ აუცილებელია ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების განახლება. ამის გარეშე 2020 წელსაც ჭაობში შევხვდებით ახალი პარადიგმებისა და იდეების გარეშე. კვლავ ისეთი გრძნობა გვექნება, რომ „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ ომი სადღაც სხვაგან, ჩვენ გარეშე ხდება და უმრავლესობა იძულებულნი ვართ, სხვის ომში ვიცხოვროთ. კვლავ იძულებული ვიქნებით ამ ორის ლაბორატორიებში გამოყვანილ ე.წ. მესამე ძალებს ვადევნოთ თვალი და ა.შ.
თუმცა, ფაქტია, რომ ხაზარაძე–ჯაფარაძის მიმართ არის კითხვები...
– ცხადია, ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ კითხვები არსებობს. შეუძლებელიცაა, კითხვები არ გვქონდეს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ნამდვილად არ წარმოადგენენ საქმიანი სფეროს რიგით წევრებს. ბევრი ადამიანისათვის ბანკი, როგორც ასეთი, ბოროტების სიმბოლოა და მისთვის არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა ჰქვია ამ ბანკს, მათი უბედურების მიზეზი საკუთარი დაუდევრობაა, „თიბისი ბანკია“, თუ რომელიმე სხვა წვრილი საკრედიტო ორგანიზაცია. ეს თავიდანვე ქმნის რთულ ფსიქოლოგიურ ფონს ახალი მოძრაობისათვის.
და მაინც, მთავარი კითხვების არსებობა არ არის. კითხვები არსებობდა გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის და ივანიშვილის მიმართაც. მთავარი ისაა, შეძლებს თუ არა პოლიტიკოსი თავისი ენერგიით, აზროვნების მასშტაბებით და სიმართლის გრძნობით ამ კითხვების სიმძიმე გადაძალოს და დაარწმუნოს უბრალო ადამიანი, რომ მის წამოწყებას ძალუძს ტვირთის ტარება. ნამდვილად არ არის სასურველი ხაზარაძის წარმატება არსებული სიტუაციის გამო ამომრჩევლის სასოწარკვეთამ განაპირობოს. ასეთ რამეს რომ სიკეთე არ მოაქვს, უკვე ვიცით. ასეთი რამ უკვე რამდენჯერმე დაგვემართა და შედეგად ბონაპარტისტული ქცევის ეროვნული ლიდერები მივიღეთ.
პირადად ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ქვეყნის მომავალზე ორიენტირებულ პროექტს განასახიერებენ. ინგლისმა სუეცის არხის აქციები როტშილდების საბანკო სახლის გარანტიით შეიძინა. დარწმუნებული ვარ, როტშილდებს მაშინ რაიმე სხვა, უფრო შემოსავლიან საქმეში შეეძლოთ ფულის დაბანდება, რაიმე ისეთში, როგორიც ჩვენში დაბადებული მარიხუანას მოშენებისა და ექსპორტის იდეაა. მაგრამ როტშილდებს ესმოდათ, რომ მათი ბიზნესის მომავალი და სტაბილურობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ბრიტანეთის იმპერიის ძლიერებასთან, რომ რასაც ახლა გაიღებდნენ, მათაც და სახელმწიფოსაც ათმაგად დაუბრუნდებოდათ. მსგავს ფენომენს ვხედავ ანაკლიის პორტის შემთხვევაშიც და ამიტომაც ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა პირადი ინტერესები აქვთ ამ პროექტის ავტორებს, მით უმეტეს, რომ მათი ფინანსური წილი არ არის დიდი.
ამას ისიც დავუმატოთ, რომ მოძრაობას ყველა შანსი აქვს, ქართული ბიზნესის ინტერესების განმასახიერებელი იყოს, რომ იმ ადამიანების ყურადღების ცენტრში მოექცეს, ვინც აქ, საქართველოში უმძიმესი წლების, დაუხვეწავი კანონმდებლობისა და სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის მიუხედავად, თავისი საქმის შექმნა შეძლო. მათ შორის ბევრია ისეთი, ვისაც ესმის ბიზნესის სოციალური და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და, რომ მოგებასთან ერთად იმ სამყაროსაც თუ არ აკეთილშობილებ, რომელშიც ცხოვრობ, შენს შვილებს ამ ქვეყნიდან გაქცევა მოუწევთ. ასეთებისთვის ანაკლიის იდეას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და არა მხოლოდ მათთვის.
ყველაფერი ეს მნიშვნელოვან სასტარტო პირობებს ქმნის?
– შესაბამისი ენერგიის, პათოსისა და გადამდები სიმართლის გრძნობის შემთხვევაში, სერიოზულ შედეგს მივიღებთ. ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ბატონი მამუკასა და ბატონი ბადრის მიმართ კითხვები არსებობს, მაგრამ არა ის კითხვები, რომელთაც მათ პროკურატურა უსვამთ. ძნელი წარმოსადგენია ხელისუფლებაში არ იყოს რამდენიმე ადამიანი, ვისაც ესმის, თუ რა მასშტაბის საერთაშორისო სკანდალია, როდესაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრებაში სდებ ბრალს და რომ ამგვარი ბრალდება, თუ სრულიად დამაჯერებელი საბუთები არა გაქვს, ბუმერანგივით შემოგიბრუნდება შენც და შენს ქვეყანასაც. როგორც ჩანს, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლების შენარჩუნებისა და საკუთარი ბიზნესის ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ.
ეს ის ლოგიკაა, რომელსაც, თუ გაგრძელდა, შედეგად აუცილებლად მოყვება დასავლეთთან ურთიერთობების გაცივება და რუსეთის სწორედ აქაა ჩასაფრებული. ეს ქვეყანა ხომ ტრადიციულად ყველაზე ოდიოზურ მთავრობებს ეყრდნობა თავის საგარეო პოლიტიკაში. ღმერთმა არ ქნას, რომ ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებას გამოკიდებული ჩვენი ხელისუფლებაც ერთ–ერთი ამგვარი მთავრობის მდგომარეობაში აღმოჩნდეს. და ეს რომ არ მოხდეს, ვალდებულიც ვართ, რომ გავაფრთხილოთ ის.
ხაზარაძე–ჯაფარიძეს როგორც კონკურენტს არ უყურებს უმრავლესობა. „ნაცმოძრაობაში“ უკმაყოფილო არიან იმით, რომ ხაზარაძეს ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ არ თქვა რომ არ აპირებს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას, „ევროპული საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის საკითხი არის გამყოფი ხაზი მათთვის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. როგორ ფიქრობთ, რა ნიშას დაიკავებს ხაზარაძე ქართულ პოლიტიკურ ველზე, შეიძლება ითქვას, რომ ხაზარაძის სახით მივიღეთ მესამე პოლიტიკური ძალა? საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ამომრჩევლს არ ჰყავს ფავორიტი პოლიტიკური პარტია...
– ვერ ვიტყვი, რომ კონკურენტებად არ აღიქვამენ. ჯერ უბრალოდ, არ იციან, თუ როგორი სტრატეგია უნდა შეიმუშავონ მის მიმართ. ანგარიშების დაყადაღება, თვალის დევნება, მომხრეებთან მუშაობა და სხვ. რომ შედეგს ვერ მოიტანს, 2011–2012 წლების გამოცდილებით ეს თავადაც იციან. ჯერჯერობით მხოლოდ დასახელებულ ხერხებს იყენებენ და მათი სოციალურ ქსელებში დასაქმებული აგიტატორებიც საკმაოდ აქტიურობენ.
დღევანდელი ხელისუფლება წლების განმავლობაში ინარჩუნებდა სიმართლის გრძნობას მაშინ, როდესაც მისი კონკურენტი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. ამ უკანასკნელმა ისეთი კვალი დატოვა, რომ ეს სულაც არ აღმოჩნდა ძნელი. საეჭვოა, რომ ეს სიმართლის გრძნობა მას ახალ მოძრაობასთან მიმართებაშიც შერჩეს. შეუძლებელია შენი გეოეკონომიკური აზროვნებით (რომლის „მწვერვალიც“ მარიხუანას თემა იყო) გაეჯიბრო ანაკლიის პროექტს და მისი ალტერნატივა დადო, მით უმეტეს, რომ ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებას არ შემოუთავაზებია არც ერთი მასშტაბური ეროვნული იდეა, თუნდაც ისეთი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური, როგორიც სინგაპურიზაციის იდეა იყო.
იმის ნაცვლად, რომ ამ პროექტის ხელის შეწყობით გამარჯვება გაენაწილებინათ, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, საჭიროზე მეტად გაითვალისწინეს რუსეთის სატრანზიტო ინტერესები. დღეს მხოლოდ გულუბრყვილო ვერ შეამჩნევს, თუ მხარდაჭერის ყალბი ნიღბებით როგორ უშლიან ხელს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას. სხვა რა შეიძლება კაცმა თქვა? როდესაც შენი მოკავშირე ანტიამერიკულ აქციებს აწყობს, ხოლო თავად ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ პროექტს ეღობები წინ, სხვა თუ არაფრის, ისტორიის განაჩენისა მაინც უნდა გეშინოდეს კაცს. შენს შთამომავლობასაც ამ განაჩენის პირობებში მოუწევს არსებობა.
რაც შეეხება ახალი მოძრაობის მიერ დაკავებულ ნიშას. თუ ამ ნიშად მივიჩნევთ უკვე არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში ერთ–ერთის მხარის დაჭერას, მაშინ პოლიტიკურ ველზე მესამე ძალის შემოსვლის იმედი ფუჭი ყოფილა. მესამე ძალა იმის მესამე უნდა იყოს, რომ იმას არ გააკეთებს, რასაც ორნი აკეთებენ და განსხვავებულ იდეებს, პროექტებს და პოლიტიკური ქცევის წესს შესთავაზებს საზოგადოებას, ამ უკანასკნელისათვის რაღაც აზრით რომ განახლების ნიშანი იქნება.
მთავარი, როგორც მგონია, არის არა რაღაც ჰიპოთეტური ნიშა, რომელსაც ე.წ. მესამე ძალა დაიკავებს, არამედ იმის შანსია, რომ ქვეყანაში აღდგება პოლიტიკური პროცესი. ის, რაც დღეს ხდება, არ არის პოლიტიკური პროცესი. დღეს „ოცნება“ პრაქტიკულად სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა ბერკეტს დაეუფლა. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი მხოლოდ ან პროპაგანდისტებს შეუძლიათ, ან – გულუბრყვილო ადამიანებს; ოპოზიცია, თავისი წარსულის გამო, იმთავითვე მარცხისთვის არის განწირული; ძირითადი ოპონენტების მთავარი საზრუნავია დაგვანახონ, რომ მეტოქე მათზე უარესია. პოლიტიკური პროცესი გახევებულია და მისგან ძნელია, რამეს ველოდოთ.
ამ ფონზე მიშვნელოვანია საკადრო ცვლილება, რომელიც განხორციელდა. ჯარი და პოლიცია ივანიშვილმა მისი გავლენის ქვეშ მყოფ პირებს ჩააბარა, ამით კონტოროლის დაწყებას ცდილობს პარტიის ლიდერი? იმიტომ, რომ სწორედ პოლიცია და ჯარი არის ის ნაწილი, სადაც ყოფილი ხელისუფლების გავლენა მეტ–ნაკლებად იგრძნობა. საპრეზიდენტო არჩევნებზე შეიარაღებულმა ძალებმა მხარი არ დაუჭირეს სახელისუფლებო კანდიდატს...
– მართალი ბრძანდებით. დღევანდელი ქართული ჯარი რუსეთთან ფარულ თუ აშკარა დაპირისპირებასა და ნატოსთან თანამშრომლობაში ჩამოყალიბდა და როდესაც იქ შენს მიმართ ნდობა არ არის სასურველ დონეზე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებზე შეიარაღებული ძალები მხარს არ გიჭერენ, ბევრი კითხვა ჩნდება. ქართული ჯარი ყველაზე დასავლური ინსტიტუციაა. ახალმა მინისტრმა შეიძლება მოინდომის ვითარების შეცვლა და ხელისუფლების მიმართ ნდობის ზრდაზეც იმუშაოს. ალბათ, საკადრო ცვლილებებსაც უნდა ველოდოთ, რაც ნამდვილად არ იქნება იოლი. ჯერჯერობით, ახალ ამპლუაში მან თავი ბირთვული იარაღის დამზადებაზე უარის თქმით დაგვამახსოვრა.
პოლიცია ყოველთვის უფრო ლოიალური იყო ხელისუფლებისა და ამ მიმართულებით თითქოს მინისტრს ბევრი არაფრის გაკეთება არ უნდა დაჭირდეს. თუმცა ისიც აშკარაა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შესუსტდა პოლიციის ნეგატიური გავლენა არჩევნების შედეგებზე და ივანიშვილის უშუალო გარემოცვის წარმომადგენლის აღმოჩენა ამ თანამდებობაზე უკვე გარკვეულ კითხვებს აჩენს.
რა გავლენა ექნება სამთავრობო ცვლილებებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მით უმეტეს, რომ გიორგი გახარიამ ღიად მიმართა „ნაციონალურ მოძრაობას“ – „მე თქვენ დაგასრულებთ“ – ეს ერთგავრი პოლიტიკური მესიჯი რას ეუბნება ამომრჩეველს?
– ცხადია, სამთავრობო ცვლილებების ძირითადი მიზანი 2020 წლის არჩევნებია. რაც შეეხება ბატონი გიორგი გახარიას განცხადებას, ეს იყო საზოგადოების იმ ნაწილისადმი მიმართული განცხადება, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი“ განასახიერებს და რომელსაც ამ ქვეყანაში ყველა უბედურების წყაროდ „ნაციონალური მოძრაობა“ მიაჩნია. უკვე ბევრჯერ ითქვა, რომ ისტორიული სიმწიფის დეფიციტის გამო ჩვენი საზოგადოება უკვე 30 წელია სასწაულმოქმედს ეძებს, პოულობს და შემდეგ გაცრუებული იმედების გამო მასვე აქცევს განტევების ვაცად.
მიხეილ სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის ბედი ყველა ჩვენგანის დრამაა იმ აზრით, რომ სწორედ ჩვენ შევქმენით ისინი ისეთებად, როგორებიც არიან. 2003 წლის საყოველთაო ეიფორია გაიხსენეთ. ასეთად შევქმენით ჩვენ თავის დროზე გამსახურდიაც, შევარდნაძეც, ივანიშვილიც. ჩვენ რომ 2003 წელს მეტი საზოგადოებრივი სიბრძნე გამოგვეჩინა, სააკაშვილი ხელისუფლებაში ცხრა თვით გვიან მოვიდოდა და ასე სავალალოდ არ დაასრულებდა.
როდესაც უბრალო ადამიანი აზროვნებს „სასწაულთმოქმედისა“ და „განტევების ვაცის“ პრინციპით, კიდევ არა უშავს, მაგრამ როდესაც სახელმწიფოს ხელმძღვანელი უწყობს ხელს ასეთი განწყობების გაძლიერებას და კუდიანთა დევნას გვთავაზობს, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მას ცუდად ესმის, რას აკეთებს და ერთ მშვენიერ დღეს თავადაც განტევების ვაცად იქცევა. გიორგი გახარია საკმაოდ გონიერი ადამიანია, ეს რომ არ ესმოდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, „ოცნებაში“ თანდათან ძლიერდება 2020 წლის გამო შიში, ხოლო შიში რომ ყველაზე ცუდი მრჩეველია, ბევრი მტკიცება არ უნდა. გახარიას განცხადების მიზანი „ნაციონალებთან“ ბრძოლის პათოსისა და 2012 წლის განწყობების რეანიმირება იყო.
შორს ვარ აზრისაგან, რომ „ნაციონალების“ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება განელდა. ჭრილობები ჯერაც თავს გვახსენებს; მათი თავისი ხალხისაგან გაუცხოვება და მასთან კომუნიკაციის მთლიანად ჰიპერტროფირებული პიარზე აგება დღემდე მუშაობს. მაგრამ, უნდა დამეთანხმოთ, რომ ამ განწყობების კუდიანთა დევნად ქცევა უკეთური ხერხიცაა და საზოგადოების მხოლოდ მცირე სეგმენტში პოვებს გამოძახილს, მით უმეტეს, მას შემდეგ, რითაც თავად „ოცნებამ“ დაგვამახსოვრა თავი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან.
„ოცნების“ პრობლემა მის მიმართ ნდობის დაქვეითებაა და არა „ნაციონალური მოძრაობის“ აღორძინება. ჩვენ კიდევ ბევრ მსოფლმხედველობრივ სალტო–მორტალეს ვნახავთ 2020 წლამდე. „პატრიოტთა ალიანსის“ ანტიამერიკული აქციები ნათელი მინიშნებაა იმაზე, თუ რა გზას შეძლება დაადგეს „ოცნება“, თუ მარცხის გარდუვალობა იგრძნო. იმედი მაქვს აქამდე არ მივა საქმე და „ოცნებაში“ საკმაოდ ბევრნი არიან ისეთი ადამიანები, ვისაც ესმის, თუ ქვეყნისათვის რა ტრაგედიად შეიძლება შემობრუნდეს ასეთი დემარშები.
ეს ჩვენ ბევრჯერ გვინახავს - როდესაც პოლიტიკური ძალა მარცხის სიახლოვეს გრძნობს და ამის გამო პანიკაშია, შეცდომას შეცდომაზე უშვებს, თითქოს წერას ჰყავს ატანილი. 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილი ზედიზედ უშვებდა შეცდომებს. 20 ივლისის მძიმე მოვლენების გამო ბატონი გიორგი გახარიას ავტორიტეტის გასამყარებლად კონფლიქტის ზონაში ქართული პოლიციის საგუშაგოს შექმნაც მძიმე შეცდომა აღმოჩნდა. სეპარატისტებმა საპასუხოდ სამი „სასაზღვრო“ საგუშაგო გახსნეს და დღეს ჩვენთვის ამ რეგიონში მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე აქამდე იყო.
რას შეეხება კოალიციურ მთავრობას, პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ყველა ოპოზიციურ პარტიას მიმართავენ ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება“ დადგება იმ რეალობის წინაშე რასაც კოალიციური მთავრობა ჰქვია?
– ამ თემაზე საუბრისას ასე დავსვამდი კითხვას: რამდენად არიან მზად ჩვენი პოლიტიკური ძალები, ერთმანეთთან დაპირისპირების ბარბაროსული რეჟიმიდან თანამშრომლობის რეჟიმზე გადავიდნენ? რამდენად მზად არის ჩვენი რიგითი ამომრჩეველი, ასეთი კოალიაცია ბუნებრივ მოვლენად ჩათვალოს? ევროპული პოლიტიკური ცხოვრებისათვის სრულიად ნორმალური ფენომენი – კოაბიტაცია – ჩვენში ბოროტების სიმბოლოდ იქცა. ჩვენში ჯერაც ძლიერია რევოლუციური ინერცია და პოლიტიკურ ბრძოლაში დამარცხებულის სრული განადგურების წყურვილი.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი პოლიტიკური სპექტრიდან ვინც არ უნდა მიაღწიოს სხვებთან შედარებით წარმატებას, კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდება. მხოლოდ იმის აღნიშვნა მინდა, თუ როგორი რთული იქნება ეს. რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მოწოდებას, ვერ გეტყვით რა შედეგი შეიძლება მას მოჰყვეს. ვფიქრობ, მათი მიზანი, უმალ, ახალი მოძრაობის ძველ თამაშში ჩართვა იყო. როგორც ვხედავთ, ხაზარაძე საგანგებოდ ზრუნავს, რომ „ლელო“ არ აღიქმებოდეს კიდევ ერთ ოპოზიციურ მოძრაობად და მას ახალი, კონსტრუქციული პარადიგმის შეთავაზება სურს ორივე მხარისათვის.