სალომე სამადაშვილი “იმედს“ რუსულ პროპაგანდაში ადანაშაულებს

სალომე სამადაშვილი “იმედს“ რუსულ პროპაგანდაში ადანაშაულებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ტელეკომპანია „იმედს“ რუსულ პროპაგანდაში ადანაშაულებს.

დეპუტატის თქმით, „იმედი“ იმ ადამიანებს „დაესხა თავს“, ვინც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას უჭერენ მხარს. სალომე სამადაშვილი ყველა პოლიტიკურ პარტიას, საზოგადოებრივ მოძრაობას და მოქალაქეს მოუწოდებს, ვისაც სურს რომ საქართველო ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი გახდეს, 20 სექტემბერს დაგეგმილ აქციაზე მივიდეს და ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადოს.

„მინდა, გამოვეხმაურო „იმედის“ სიუჟეტს, რომელშიც ტელეკომპანია რუსული პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით თავს დაესხა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გმირს, სენატორ მაკკეინს, მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას და სხვა ყოფილ თუ მოქმედ ამერიკელ დიპლომატებს.

ყველა ის ადამიანი, რომელიც თავდასხმის ობიექტი გახდა ამ სიუჟეტით, ასევე, ძალიან ხშირად არის თავდასხმის ობიექტი რუსეთის ტელეარხებზე. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველა ადმინისტრაციის პირობებში მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანებას ნატოში, გამოირჩევიან უკომპრომისო პოზიციით რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე. სწორედ ამიტომ არიან ისინი სამიზნე რუსული პროპაგანდისტული საშუალებებისთვის, თუმცა, მათ ახლა დაემატა ქართული ერთ-ერთი ძირითადი ტელეარხი „იმედი“, რომელიც სიტყვა-სიტყვით იმეორებს რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს.

ტელეიმედი საკუთარი სიუჟეტით თავს ესხმის არა რომელიმე ამერიკელ დიპლომატს, ის თავს ესხმის ჩვენს ევროატლანტიკურ მომავალს და ეს ხდება იმ ფონზე, როცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თუ არ ვცდები პირველად, გუშინ ვიხილეთ აშშ-ის საელჩოსთან მრავალრიცხოვანი მიტინგი, რომელიც „ქართული ოცნების“ სატელიტმა „პატრიოტთა ალიანსმა“ გამართა. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი არჩევანი გახდეს ქვეყანა ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი და ნატოს წევრი, მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკურ პარტიას, საზოგადოებრივ მოძრაობას და მოქალაქეს, მოვიდეს 20 სექტემბერს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან და ხმამაღლა განაცხადოს საკუთარი პროტესტი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ამ ქვეყანას დაეპატრონა და საკუთარი მედიასაშუალებებით ცდილობს გზა-კვალი აუბნიოს საქართველოს მოქალაქეებს. „იმედის“ სიუჟეტში ასევე იყო არაერთი სიცრუე დაფიქსირებული. მინდა მივმართო „იმედის“ ჟურნალისტებს, თქვენ ღიად ემსახურებით რუსეთის პროპაგანდისტულ საშუალებას. ყველას აქვს არჩევანი სად იმუშაოს, მაგრამ მორალური პასუხისმგებლობა იმ სიუჟეტებზე, რომელსაც „იმედი“ ამზადებს პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება, ვინც მუშაობს ამ ტელეარხზე“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.