რამდენად პოპულარულია ელექტროსიგარეტები. სტატისტიკა

რამდენად პოპულარულია ელექტროსიგარეტები. სტატისტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არომატიზებულ ელექტრონულ სიგარეტებზე კანონის გამკაცრება დააანონსა მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ ვეიპინგის გამო რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. რამდენი ადამიანი მოიხმარს მსოფლიოში ელექტრონულ სიგარეტს, რა ღირს დღეს ეს ბიზნესი და რა ტენდენციებით ხასიათდება. ამასთან დაკავშირებით სტატია BBC-მ მოამზადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში მწეველთა რაოდენობის ოდნავ შემცირება შეინიშნება, თუმცა არსებული ინფორმაციით მსოფლიოში მილიარდამდე ადამიანი მოიხმარს თამბაქოს. ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა კი 7 მილიონიდან (2011 წელი) 7 წელიწადში 41 მილიონამდე (2018 წელი) გაიზარდა.

ბაზრის კვლევის ჯგუფის Eურომონიტორ-ის მონაცემებით, ზრდასრული ადამიანების რიცხვი, რომლებიც ელექტრონულ სიგარეტებს მოიხმარენ, 2021 წლისთვის 55 მილიონს მიაღწევს.

ამის პარალელურად ასევე იზრდება ელექტრონული სიგარეტის ბაზარიც, რომელიც 19.3 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს, 5 წლის წინ 6.9 მილიარდი დოლარის ღირებულების იყო. აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ელექტრონული სიგარეტის ყველაზე დიდი ბაზრებია. ვეიპერებმა ამ სამ ქვეყანაში 2018 წელს ელექტრონული სიგარეტის თამბაქოსა და მოწყობილობებზე 10 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს.

თეთრმა სახლმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) დაასრულებს გეგმაზე მუშაობას, რომელიც არომატიზებული თამბაქოს შემცვლელების ბაზარზე გაყიდვას შეაჩერებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სავარაუდოდ ვეიპინგის გამო აშშ-ის 33 შტატში გარდაცვალების 5, ხოლო ფილტვებთან დაკავშირებული დაავადების 450 შემთხვევა გამოვლინდა.

2016 წლის Ernst & Youn-ის მონაცემების მიხედვით, ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელთა უმეტესობა მოწყობილობას სპეციალურ მაღაზიებში ყიდულობს. ივარაუდება, რომ ადამიანი პირველად ელექტრონულ სიგარეტს მეგობრების ან ოჯახის გარემოცვაში ისეთი პირისგან სინჯავს, რომელიც მას უკვე მოიხმარს. ვეიპინგ-მაღაზიები დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებით პოპულარული გახდა, მხოლოდ 2019 წელს ლონდონის ცენტრალურ უბნებში 69 ახალი მაღაზია გაიხსნა.

არის თუ არა ელექტრონული სიგარეტი უსაფრთხო?

აშშ-ში, მიჩიგანის შტატი პირველი გახდა, რომელმაც არომატიზებული ელექტრონული სიგარეტი აკრძალა, რასაც წინ უძღოდა სიკვდილისა და ფილტვების დაავადებების შესახებ ცნობები. ექიმები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები და სიმსივნესთან ბრძოლის საქველმოქმედო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ არსებული მტკიცებულებების მიხედვით, ელექტრონული სიგარეტი გარკვეულწილად რისკს შეიცავს. როგორც BBC წერს, დიდ ბრიტანეთში თამბაქოსთან დაკავშირებით კონტროლი უფრო ძლიერია ვიდრე მაგალითად აშშ-ში. ამის მიუხედავად, ელექტრონული სიგარეტები შეიძლება შეიცავდნენ მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, ისევე როგორც სიგარეტი, თუმცა შესაძლებელია დაბალი მოცულობით იყოს ეს შემცველობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც ცოტა ხნის წინ ელექტრონულ სიგარეტებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარადგინა, რომლის ძირითადი არსიც არის:

- ხანგრძლივი მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ეფექტი უცნობია;

- თხევადი ნიკოტინი, რომელიც ელექტრონულ სიგარეტში ორთქლდება, დამოკიდებულებას იწვევს;

- მომხმარებლები, რომლებიც ელექტრო სიგარეტებში სითხეს ცვლიან, შესაძლებელია ეს სითხე კანზე მოხვდეთ და ნიკოტინით მოწამვლა დაემართოთ;

- ელექტრონული სიგარეტის ზოგიერთი არომატიზატორი გაღიზიანების გამომწვევია და შესაძლებელია სასუნთქი გზების ანთების მიზეზი გახდეს.