ჩინეთი გერმანიას ჰონგ-კონგელი აქტივისტის მიღების გამო აკრიტიკებს

ჩინეთი გერმანიას ჰონგ-კონგელი აქტივისტის მიღების გამო აკრიტიკებს

გერმანიაში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ჰონგკონგელი აქტივისტის ჯოშუა ვონის შეხვედრა "ძალიან ნეგატიური სიგნალი" იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ჩინეთის ელჩმა ვუ კენმა დაადასტურა, რომ ოფიციალურმა პეკინმა პროტესტის ნიშნად გერმანიის ელჩი გამოიძახა. ამ ფაქტს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

"ახლა რაც მოხდა, სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ორმხრივ ურთიერთობებზე უარყოფით შედეგებს იქონიებს. ჩინურმა მხარემ უნდა მოახდინოს რეაგირება", - განაცხადა გერმანიაში ჩინეთის ელჩმა.

როგორც DW წერს, გერმანულ კომპანიებს, რომლებიც აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ომის შედეგად ისედაც დაზარალდნენ, ჩინეთთან თითქმის 2019 წლის პირველ ნახევარში 110 მილიარდი დოლარის ბრუნვა ჰქონდათ.

ჩინეთის ელჩის განცხადებით, ოფიციალურმა პეკინმა ბერლინს სთხოვა, რომ თავი აერიდებინა ჰონგკონგელ აქტივისტთან შეხვედრისთვის.

ჯოშუა ვონი ბერლინში რამდენიმე დღის წინ იყო ჩასული და ის ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიიღო. როგორც მაშინ აქტივისტმა მედიასთან განაცხადა "ჰონგ-კონგი დღეს ახალი ბერლინია ახალი ცივი ომის პირობებში".

ჰონგ-კონგში მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა, რასაც ჰონგკონგელების დიდი ნაწილი არ დაეთანხმა.

მთავრობა დათმობაზე წავიდა და კანონპროექტის განხილვა შეაჩერა. ამის მიუხედავად, პროტესტი არ შეწყდა, რადგან აქციის მონაწილეები კანონპროექტის განხილვის მთლიანად გაუქმებას მოითხოვდნენ, რაც რამდენიმე ხნის წინ ჰონგ-კონგის მთავრობამ დააკმაყოფილა.

თავის მხრივ, საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯოშუა ვონმა განაცხადა, რომ კანონპროექტის განხილვის გაუქმება უკვე გვიანია და მთავრობამ აქტივისტების სხვა მოთხოვნებიც უნდა დააკმაყოფილოს. მანამდე ვონმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.