ნებისმიერ მამაკაცს, მიუხედავად იმისა ბუნებით პოლიგამიური ტიპაჟია იგი თუ გამოკვეთილი მეოჯახე, საკუთარ წარმოსახვაში გააჩნია იდეალური ქალის მოდელი, რომლის მიხედვითაც ირჩევს იგი ცხოვრებაში პარტნიორებს, როგორც მოკლევადიანი ფლირტისთის, ისე სამომავლოდ, ხანგრძლივი თანაცხოვრებისთვის. აქედან გამომდინარე, მამაკაცს იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას, საოცნებო ქალის, ინდივიდუალური სტერეოტიპი ახასიათებს.
მამაკაცი ვერძი ძალიან მომთხოვნია მეწყვილის მიმართ. მას სურს გვერდით ჰყავდეს ტემპერამენტიანი, პრინციპული, გულწრფელი, რაღაცით ინფანტილური, თუმცა ერთგული და მოსიყვარულე ქალი, რომელსაც აუცილებლად უნდა გააჩნდეს იუმორის გრძნობა. ვერძი ვიზუალურად საშუალო სიმაღლის, მუქთმიანი ქალით მოიხიბლება, რომელსაც მომრგვალებული ქალური ფორმები და სავსე ტუჩები უნდა ჰქონდეს აუცილებლად.
მამაკაცი კურო რომ მოხიბლოს, ქალს მასავით უნდა უყვარდეს კომფორტი, სიმშვიდე და ჰარმონია. კურო გაწონასწორებული, სტაბილური, საიმედო, მოწესრიგებული და პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობის მქონე ქალებით იხიბლება. გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ ინტელექტუალურ მონაცემებზე მეტად, კურო საყვარელ ქალში კულინარიულ შესაძლებლობებს აფასებს. ვიზუალურად კი სავსე მკერდის მქონე, ხორბლისფერი ქალები ხიბლავს, მშვიდი გამომეტყველებითა და მელოდიური ხმის ტემბრით.
მამაკაცი ტყუპი აღფრთოვანებაში მოჰყავს მეგობრულ, კომუნიკაბელურ, გულუხვ, ერუდირებულ და დახვეწილი მანერების მქონე ქალბატონებს. ტყუპისთვის მნიშვნელოვანია გვერდით ჰყავდეს მეწყვილე, რომელსაც ოპტიმისტური ხედვა გააჩნია ცხოვრებაზე. მას ძალიან მოეწონება თუ საყვარელი ქალი კარგად ცეკვავს, მღერის ან სულაც ხატვა ეხერხება. ვიზუალურად გამხდარი, საშუალოზე მაღალი, მუქთმიანი ქალი მოსწონს. რომელთაც მოცეკვავე ნაბიჯებით სიარული ახასიათებთ და გადამდები ღიმილი აქვთ.
მამაკაცი კირჩხიბი ცხოვრების მეწყვილედ ეძებს ქალს, რომელსაც აქვს უნარი ბოლომდე დაიხარჯოს მისთვის და თავი ოჯახს მიუძღვნას. მისთვის სასურველი ქალი პირველ რიგში მზრუნველი და მოსიყვარულე უნდა იყოს. გარდა ამისა, მას გემრიელი კერძების კეთება და სახლში სიმყუდროვის შექმნაც უნდა ეხერხებოდეს. ვიზუალურად სასურველია იყოს ქერა, თეთრი კანით. აუცილებლად საშუალოზე დიდი მკერდით და სხეულის ფუმფულა ფორმებით. ზოგადად კირჩხიბ მამაკაცებს ე.წ. "დედის ტიპის" ქალები იზიდავთ. ამიტომ თუ კირჩხიბი მამაკაცის მოხიბვლა გაქვთ გადაწყვეტილი, პირველ რიგში დედამისთან ნაცნობობის თადარიგი უნდა დაიჭიროთ.
მამაკაცი ლომი მხიარული, გულღია, ბავშვური და ოპტიმისტი ქალებით იხიბლება. მისი საოცნებო ქალი ასევე აქტიური, დინამიკური ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს. უნდა იყოს გამორჩეული, როგორც ვიზუალურად, ისე ჩაცმის სტილით. თუმცა, ამასთან ერთად, ლომი ზედმეტ ვულგარულობასა და სითამამეს ვერ აიტანს მის იმიჯში. მთავარი მოთხოვნა კი, რაღა თქმა უნდა, ერთგულების უნარი და თბილი გულია. ლომს გარეგნულად ნაზი, შინაგანად მამაცი და ბავშვურად მიამიტი ქალები მოსწონს. ხშირად უპირატესობას ანიჭებს ქერა, სიფრიფანა ქალბატონებს.
მამაკაც ქალწულს მოწესრიგებული, გაწონასწორებული, სერიოზული და ინტელექტუალური ქალები იზიდავს. მისი მოსაწონი ქალი გამჭრიახი ჭკუით, წინდახედულებითა და მოქნილობით უნდა გამოირჩეოდეს. იგი ცხოვრების მეგზურად ეძებს ქალს, რომელიც მას ბევრი ახსნა განმარტების გარეშე, რამდენიმე სიტყვით გაუგებს. ქალწულის მოსაწონი ქალბატონი, ზედმეტად თვალშისაცემი იმიჯით არ უნდა გამოირჩეოდეს. თუმცა, ქალწული პატივს სცემს გემოვნებით შემოსილ ქალებს. იგი უმეტესად საშუალო აღნაგობის, მუქთმიანი ქალებით იხიბლება.
მამაკაცი სასწორისთვის საოცნებო ქალი მოსიყვარულე, ნაზი, გამორჩეულად ქალური მანერების მქონე და მზრუნველი ტიპაჟი უნდა იყოს.
მას ასევე უნდა შეეძლოს მისთვის სტიმულის მიცემა და წახალისება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. იგი ეძებს ქალს, რომელსაც შეუძლია ერთდროულად იყოს მზრუნველიც, მაცდურიც და კარგი კომპანიონიც, როგორც საქმეში, ისე მოგზაურობისას. ვიზუალურად მოსწონს ორიგინალური ჩაცმის სტილის მქონე, დახვეწილი, თუმცა, არაგამომწვევი იმიჯის ქალები, რომელთაც კარგად ეხერხებათ სამოსსა და აქსესუარებში ფერების შეხამება.
მამაკაცი მორიელისთვის საოცნებო ქალი ერთდროულად უნდა იყოს მამაცი, ბრძოლისუნარიანი, გამოკვეთილად სექსუალური და ცოტა ხულიგანი. რომლესაც ასევე შეუძლია უპირობო ერთგულება და საყვარელი ადამიანის გამო ყველაფერზე წასვლა. მორიელი დამოუკიდებელი, მკვეთრი ინდივიდუალიზმის მქონე, დაუმორჩილებელი ქალებით იხიბლება. მისი იდეალია მწვანე ან ცისფერთვალება, ჟღალი ან მუქთმიანი ქალი.
მამაკაცი მშვილდოსნისთვის საოცნებო ქალი გულღია, სამართლიანი, ბავშვური, მეგობრული და ხეტიალის მოყვარული ადამიანი უნდა იყოს. ამასთან ერთად მოქნილი, გამჭრიახი და წინდახედულიც. მას უნდა შეეძლოს მოსმენა და პარტნიორის იდეების მხარდაჭერა-გაზიარება. ვიზუალურად მშვილდოსანს წაბლისფერ ან შავგვრემანი ქალები მოსწონს, კარგი აღნაგობითა და მაღალი ფეხებით.
მამაკაც თხის რქას თავდაჭერილი, მომთმენი, გამგებიანი, სტაბილური და გაწონასწორებული ქალი სჭირდება გვერდით. მისი ოცნების მანდილოსანი რესპექტაბელური, საზოგადოებაში მიღებული, კარგი წარმომავლობის მქონე და რაც მთავარია, დასაქმებულ-რეალიზებული პიროვნება უნდა იყოს. თხის რქას მოსწონს აქტიური, საქმიანი და ჭკვიანი ქალები. ვიზუალურად სადა, არამკვეთრი მაკიაჟისა და იმიჯის მიყვარული ტიპაჟებით იხიბლება. თუმცა, მისთვის საოცნებო ქალს, დახვეწილი სტილი და მანერები აუცილებლად უნდა გააჩნდეს.
მამაკაცი მერწყული ბუნებით ექსპერიმენტატორი და კრეატივისტია, ამიტომ ქალი, რომელიც მას მოეწონება უნდა იყოს ორიგინალური, სხვებისგან გამორჩეული და ნიჭიერი ინდივიდი. მას უნდა გააჩნდეს როგორც ჩაცმის, ისე აზროვნების საკუთარი, განუმეორებელი სტილი. ამასთან ერთად სასურველია, იყოს კომუნიკაბელური, ლოიალური და სიახლეების მოყვარული. მერწყულს ვიზუალურადაც "კრეატიული" ქალები მოსწონს. მაგალითად, ჟღალი თმით, სახეზე ჭორფლით. ან მუქთმიანი მკვეთრი მწვანე თვალებით.
მამაკაცი თევზი მოსიყვარულე, მზრუნველ, დამთმობ და ლოიალურ ქალს ეძებს ცხოვრების მეგზურად. მისი საოცნებო ქალი უნდა ითავსებდეს ერთდროულად სულიერი მეგობრის, მზრუნველი დედისა და ინტელექტუალური თანამოსაუბრის როლს. თევზი გარეგნულად სათნო, გემოვნებიანი და დახვეწილი ქალებით იხიბლება. რომელთაც გააჩნიათ მოსმენის კულტურა და თანამგრძნობი ბუნება.