„ახლა რაღაცნაირი სინანულის გრძნობა მაქვს და ვერაფერს ვუხერხებ“ - ამის შესახებ გირჩის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ჯაფარიძე ნოდარ ხადურის გარდაცვალებას გამოეხმაურა და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
„უცნაური თვისება ჰქონდა ნოდარ ხადურს - საკმაოდ კარგად ესმოდა ჩემი ხედვები ეკონომიკაზე და სატელევიზიო დებატში ყოველთვის ახერხებდა ისე საუბარს რომ საკამათოს ძალიან ცოტას მიტოვებდა. მერე, სხვა სატელევიზიო ეთერში ან გაზეთში, 180 გრადუსით საპირისპიროს მტკიცებას მოჰყვებოდა.
ამის გამო ბევრს ვაკრიტიკებდი, საჯაროდ, ხშირად დაუნდობლად. განსაკუთრებით 2013 წლიდან, როცა ოცნების მხრიდან ჩემს ერთერთ მთავარ მოპასუხედ იქცა ეკონომიკურ საკითხებზე.
მიუხედავად ამისა, ყოველთვის ნორმალური ადამიანური ურთიერთობა გვქონდა, მეტწილად იუმორის წყალობით და მაინც ახლა რაღაცნაირი სინანულის გრძნობა მაქვს და ვერაფერს ვუხერხებ საკუთარი საქციელის გამო სინანულის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს“, - დაწერა ჯაფარიძემ
შეგახსენებთ, რომ 49 წლის ასაკში, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ნოდარ ხადური მოულოდნელად გარდაიცვალა.