მანანა თოქმაჯიშვილი ნოდარ ხადურის შესახებ:  “არ ვიცი ამას რატომ ვწერ ახლა…”

მანანა თოქმაჯიშვილი ნოდარ ხადურის შესახებ: “არ ვიცი ამას რატომ ვწერ ახლა…”

49 წლის ასაკში, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ნოდარ ხადური მოულოდნელად გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.

სამწუხარო ინფორმაციას   დედაქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“ნოდარი გავიცანი 2012 წლის გაზაფხულზე, რთული პერიოდი იყო. მოვიდა და შემოტანა გუნდში სილაღე, პოზიტივი, გულწრფელობა. დღეში ასჯერ რომ მოეთხოვა მედიას კომენტარი, ასივეჯერ მთელი გულით და პასუხისმგებლობით აკეთებდა საქმეს.

რა თქმა უნდა, ძალიან განიცდიდა მედიაში აგორებულ ცილისწამებას და ტალახს, რომელსაც დაუსაბუთებლად, დამიზნებით ესროდნენ. მაგრამ, არასდროს ამის გამო ჟურნალისტებს არ დაპირისპირებია, ისევ ისე ღიმილით იდგა მათი კამერების წინ (სხვათა შორის ციკანი არასდროს უჭამია).

არ ვიცი ამას რატომ ვწერ ახლა, არც იმის მჯერა, რომ სხვა დროსაც ასევე არ ჩავქოლავთ და არ გავიმეტებთ ადამიანებს…

უბრალოდ მინდა საჯაროდ ვუთხრა მადლობა ნოდარ ხადურს მეგობრობისთვის, გულწრფელობისთვის, საერთო საქმის ერთგულებისთვის, ადამიანობისთვის!”, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში.

ნოდარ ხადური 2016 წლის 1-ლი დეკემბრიდან საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე იყო.

2012-2016 წლებში ის საქართველოს ფინანსთა მინისტრი გახლდათ.

იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვედეთში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში.