დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა შეაჩერა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა ოფიციალურად შეაჩერა. დეპუტატები სამსახურს 14 ოქტომბერს დაუბრუნდებიან.

რამდენიმე დეპუტატმა მუშაობის შეჩერება გააპროტესტა. ისინი სკანდირებდნენ: „სირცხვილია“, ზოგს კი ხელში ფურცლები ეჭირათ, სიტყვით „გაგვაჩუმეს“.

მუშაობის შეწყვეტამდე პარლამენტმა მიიღო კანონი ხისტი Brexit-ის წინააღმდეგ, რომელიც დედოფალმა ელისაბედ მეორემ დაამტკიცა. თემთა პალატაში კი ქვეყნის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე უარი მეორედ უთხრეს.

პარლამენტის მუშაობის შეჩერების თხოვნით მთავრობამ დედოფალს 28 აგვისტოს მიმართა. ამის საბაბად პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მთავრობის ახალი პროგრამის მომზადების პროცედურა დაასახელა. ჯონსონის გადაწყვეტილებამ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან დეპუტატები Brexit-ის პროცესში სრულყოფილ მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გადადგა.