მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სახელმწიფოს მიმართ დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს, თავის ხელფასსაც კი გვისახელებს და გულისტკივილით ამატებს ქვეყანაში ხელოვანების როგორი დაუფასებლობაა.
"ჩემი ხელფასი თუმანიშვილის თეატრში 635 ლარია. მიხეილ თუმანიშვილის ხელში ვარ გაზრდილი, 16 წლიდან მსახიობი ვარ. მამა, ცოტნე ნაკაშიძე, კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო და ორი წლის ვიყავი ამ თეატრში რომ მიმიყვანა. თუმანიშვილის მეთოდები სისხლსა და ხორცში მაქვს გამჯდარი. არ ვარ ბიზნესმენი ტიპი, რომელსაც თან შემოქმედება უნდა, თან ფულის კეთება. ფულთან საქმე არ მაქვს. მინდა ჩემი პროფესიით ვიღებდე შესაბამის ხელფასს.
ზამთარში კომუნალურები რომ მოიმატებს, ბოდიში და ჩემი ხელფასი სად „გავიკეთო?“ გადასახადებს რომ გადავიხდი, ასი ლარით ჯიბეში, შარვალი რომ გამეხეს, რა გავაკეთო? არც გადაღებაა, არც არაფერი. ასეთი დაჩაგრულები ვყავართ მთავრობას კულტურის მოღვაწეები. დედა მუსიკის მასწავლებელია. ათწლედში მუშაობს, ალა ქუთათელაძე. ყველა იცნობს, მაგარი პედაგოგია. 200 ლარი აქვს ხელფასი. 100 ლარს წამლებისთვის გადადებს ხოლმე, 100 ლარით რა უნდა გააკეთოს დედამ? ასეთი გულნატკენი ადამიანი ვარ. არა მხოლოდ მე, ბევრს ვერ გვაფასებენ. უამრავი არტისტია ამ მდგომარეობაში, მსახიობები მით უმეტეს. როგორ უნდა ვიფიქრო მეფე ლირზე და ჰამლეტზე, როცა ვიცი, სახლში გადაუხდელობის გამო შუქს გადამიჭრიან? ეს ციფრი დაწერეთ პირდაპირ, რომ ხალხმა იცოდეს, კარგი მსახიობები როგორ „ვუყვარვართ“ სახელმწიფოს. იქნებ სახელმწიფომ ყურები გამოიფხიკოს, რომ ჩვენ ხელწამოსაკრავი ხალხი არ ვართ", - განუცხადა "პრაიმტაიმს" ნაკაშიძემ.