ნოდარ მელაძის წინააღმდეგ „რუსთავი 2"-მა შესაძლოა სამართალდამცველებს მიმართოს. საქმე ეხება რუსთავი 2-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე უნებართვო წვდომას.
„რუსთავი 2" -ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას თქმით, ნოდარ მელაძე ტელეკომპანიის Facebook გვერდის პაროლს ფლობს, მიუხედავად იმისა რომ ის რუსთავი 2-ში აღარ მუშაობს.
„რუსთავი2-ის ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორი იყო ნოდარ მელაძე. მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლდა სამსახურიდან, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარს აცხადებს ადმინისტრატორის უფლებების (ლოგინი და პაროლი) გადმოცემაზე. აღნიშნულის თაობაზე ოფიციალურად ეცნობა ფეისბუქის ადმინისტრაციას და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. მელაძის მოქმედება სხვა არაფერია, თუ არა უპასუხისმგებლობა და თვითნებობა. ამასთანავე, შესაძლოა, მის მოქმედებაში იყოს კიბერდანაშაულის ნიშნები.- განუმარტა პაატა სალიამ „პრაიმტაიმს".
კითხვაზე, აპირებს თუ არა კომპანია ნოდარ მელაძის წინააღმდეგ სამართლებრივ რეაგირებას, პაატა სალია პასუხობს:
„იმედი მაქვს, დროულად გაიაზრებს თავისი მოქმედების შინაარსს და შეწყვეტს უპასუხისმგებლოდ სხვის „ფეისბუქ" გვერდზე უნებართვოდ განთავსებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა გზას არ დატოვებს"
ცოტა ხნის წინ ნიკა გვარამიას მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვება რუსთავი 2-ის Facebook გვერდზე გაზიარდა. „მთავარი არხის" facebook პოსტი „რუსთავი 2"-ის გვერდზე დღეს ერთხელ უკვე გაზიარდა. ამ დროისთვის ორივე პოსტი წაშლილია.