დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა ახალი მთავრობის პოლიტიკურ პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა 2020 წლის არჩევნებისთვის შეირჩა და მათი პოლიტიკური ბედი მხოლოდ 1 წელზეა გათვლილი.
„ეს მთავრობა დანიშნულია საარჩევნოდ, არჩევნების მოსაგებად. იმის მერე, იქით ვერავინ ვერ ხედავს, ასე რომ, არა მგონია ჩვენ უნდა გავიხედოთ იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილიც არ იხედება. 2020 წელს კი ეს ხელისუფლება წააგებს. ამიტომ, მაქსიმუმ რაც აქვს ამ, ხელისუფლებას ეს არის 1 წელი", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსთან".
მისივე შეფასებით, პრემიერ-მინისტრი ფორმალურად მაინც უნდა ცდილობდეს ოპოზიციასთან თანამშრომლობას, თუმცა გიორგი გახარიას პარტნიორი ქვეყნების რჩევები და სტანდარტები არ აინტერესებს.
„საერთოდ, პრემიერ-მინისტრი, რომელიც პოლიტიკოსი და პირველი ფიგურა არის ქვეყანაში, ოპოზიციასთან უნდა თანამშრომლობდეს, ყოველ შემთხვევაში, იმის ზრდილობა მაინც უნდა ჰქონდეს, რომ ვითომ თანამშრომლობს. ყველა გვეუბნება, რომ ნუ გაზრდით დაძაბულობასო. ამ კაცმა კი გამოგვიცხადა: ფეხებზე მკიდია ევროპაც, ამერიკაც და საქართველოს ინტერესებიცო. ასეთი ფიგურა აირჩია ჩვენმა სახელოვანმა პარლამენტმა, რომლის ერთ-ერთი წევრი ემზარ კვიციანია, რომელმაც აჩვენა მათი ნამდვილი სახე. არა მგონია რაიმე ტიპის განსხვავება იყოს ემზარ კვიციანსა და პრემიერ-მინისტრს შორის. ერთიც და მეორეც მკვლელის ტიპური წარმომადგენელია", - დასძინა ლევან ბერძენიშვილმა.