ირმა ინაშვილი:  ვეუბნები და ვაფრთხილებ ბოკერია-სააკაშვილის პარტაქტივს, ნუ გვიწვევთ

ირმა ინაშვილი: ვეუბნები და ვაფრთხილებ ბოკერია-სააკაშვილის პარტაქტივს, ნუ გვიწვევთ

 

"ვინც ემზარ კვიციანს კბენს, წარმოიდგინოს საკუთარი თავი მის ადგილზე“, - "პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც ემზარ კვიციანმა რამდენიმე აქტივისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ძალადობა მხოლოდ ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ არის. ძალადობაა ის, რაც პარლამენტის შესასვლელთან ხდება, რომელიც მიმართულია ადამიანის ღირსების წინააღმდეგ.

"ძალადობას ამართლებთ? " - მკითხა დღეს ჟურნალისტმა. რა თქმა უნდა - არ ვამართლებ! არც მე და არც ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ადამიანი, მაგრამ ძალადობა მარტო ფიზიკური შეხლა-შემოხლა, ცემა და წამება არ არის.

ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ფორმა ადამიანის ღირსების შელახვაა, ადამიანის შეურაცხყოფაა და რაც პარლამენტის შესასვლელთან ხდება, ესაა ძალადობა მიმართული ადამიანის ღირსების წინააღმდეგ, ამიტომ ვინც ემზარ კვიციანს კბენს, წარმოიდგინოს საკუთარი თავი მის ადგილზე.

ძალადობის ამ ფორმის მიზანია დაურღვიოს ე. წ. მსხვერპლს წონასწორობა. მერე კი, საკუთარი თავი წარმოაჩინოს მსხვერპლად. ამდენად, დეპუტატია, თუ არადეპუტატი, ყველას აქვს ღირსება.

დამიძახო "მოღალატე" (როცა არა ვარ) ნიშნავს, რომ მიწვევ ემოციური აფეთქებისკენ. ნუ გვიწვევთ, ვეუბნები ბოკერია-სააკაშვილის პარტაქტივს, რომელიც საკუთარ თავს ე.წ. ახალგაზრდა აქტივისტებს უწოდებს.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. გასათვალისწინებელია ისიც, ვინ გეძახის მონას და მოღალატეს. როცა ამას არამართალი ხალხი აკეთებს, ასმაგად დამთრგუნველია“, - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.