დიღმელაშვილი გომურის სტატუსზე განმარტებას აკეთებს: ჩვენი შეცდომაა, ტვინი უნდა დაგვეტანებინა 

დიღმელაშვილი გომურის სტატუსზე განმარტებას აკეთებს: ჩვენი შეცდომაა, ტვინი უნდა დაგვეტანებინა 

აქცია „სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი 20 ივნისის აქციაზე დაშავებულის, მაკო გომურის სტატუსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

დიღმელაშვილის თქმით, მაკო გომურს კითხვა ჰქონდა გამოგზავნილი და სწორედ ამ კითხვის დასმა უნდოდათ აქციის მონაწილეებს თუ ისინი პარლამეტში შეაღწევდნენ.

„გუშინ, გვიან ღამის პირველი საათისკენ გავიგეთ, რომ მაკო მიდიოდა ქალაქიდან, როცა საშვების სიაში უკვე იყო. მაგრამ კითხვა გამოგზავნა, შედით და ჩემი სახელით დაუსვითო. ამას ვაპირებდით თუ გამოგვივიდოდა შეღწევა, მაგრამ დიდი იმედი არ გვქონდა. როგორც ვთქვი, მეოთხე დღეა სისტემამ გაჭედა, კვირის დასაწყისში დაიწყო ეს ჭიდაობა. თითქმის ნულოვანი ალბათობა იყო, რომ კანონიერად მოიქცეოდნენ და პარლამენტში შევაღწევდით და არც გვითხოვია, მაკოსთვის დარჩენილიყო და ტყუილად მდგარიყო გარეთ.

ცუდია, რომ ამგვარი მისკომუნიკაციის საფუძველი შეიქმნა, რაც სახელისუფლებო მედიას ასეთი სპინის საშუალებას მისცემს. ჩვენი შეცდომაა, ტვინი უნდა დაგვეტანებინა, მაგრამ ეს ტვინებიც 79 დღე ქუჩაში დგომის შემდეგ, აქციის მერე, ღამის პირველ საათზე, ისე კარგად აღარ მუშაობს. აღარ დავიწყეთ შუაღამისას სიიდან ამოღებაზე ჩალიჩი. აღმოჩნდა, ამ ამბავმა სირცხვილიას დისკრედიტაცია გამოიწვია, რადგან ამ დროს მაკო თბილისში აღარ იყო. კარგი გაკვეთილია. აწი მეტ ყურადღებას გამოვიჩენთ. თუმცა კითხვებს, რომელთა დასმაც გვინდოდა, მაინც შევიტანთ პარლამენტში. დიდი მადლობა ამისთვის ოპოზიციურ პარტიებს - შემოგვთავაზეს, რომ თვითონ გააჟღერებდნენ #სირცხვილიას კითხვებს",- წერს სოციალურ ქსელში შოთა დიღმელაშვილი.

დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენენდნენ.

ოპოზიციის ინფორმაციით, საშვი დაშვებული იყო მაკო გომურზეც, თუმცა მას პარლამენტში შემოსვლა ეზღუდებოდა.

ცოტა ხნის შემდეგ მაკო გომურმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ის წერდა, რომ 5 წუთით ადრე შეიტყო, პარლამენტში მის სახელზე საშვის დაშვების შესახებ.