უკრაინის ახალი მთავრობა 5 წელიწადში ეკონომიკის 40%-იან ზრდას გეგმავს

უკრაინის ახალი მთავრობა 5 წელიწადში ეკონომიკის 40%-იან ზრდას გეგმავს

მომავალი 5 წლის განმავლობაში უკრაინის ეკონომიკა 40 პროცენტით გაიზრდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ოლექსი გონჩარუკმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკიც ესწრებოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრემიერმინისტრის განცხადებით, 2019 წელი ინვენტარიზაციის, 2020 წელი კი „ტოტალური ციფროვიზაციის“ წლად გამოცხადდება. 2021-2024 წლებში კი უკრაინის ეკონომიკა მიზანმიმართულ ზრდას დაიწყებს. ეკონომიკის განვითარების გეგმას მთავრობა უმაღლეს რადას ერთი თვეში წარუდგენს.

უკრაინის უზენაესმა რადამ ოლექსი გონჩარუკი ქვეყნის პრემიერმინისტრად 29 აგვისტოს აირჩია.

35 წლის ოლექსი გონჩარუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი ეკოლოგიის მინისტრის იგორ შევჩენკოს მრჩეველი, შემდეგ კი პირველი ვიცეპრემიერის სტეპან კუბივის მრჩეველი იყო.

2015 წლიდან გონჩარუკი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ეფექტური რეაგირების ოფისს (BRDO) ხელმძღვანელობდა, საიდანაც ზელენსკის ადმინისტრაციაში გადავიდა.