ქართული ფეხბურთი-როდესაც მშენებლობა სახურავიდან იწყება

ქართული ფეხბურთი-როდესაც მშენებლობა სახურავიდან იწყება

ევროთასების წლევანდელ საკვალიფიკაციო მატჩებში ქართული კლუბების მორიგ ფიასკოს თითქოსდა არც უნდა გაებრაზებინა  ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივარი, რომელიც უკვე 27 წელია ჩვენი გუნდების პერმანენტულ საცოდაობას უყურებს. მაშინ რატომ ასეთი მძაფრი რეაქცია მორიგ მარცხზე?  იმიტომ ხომ არა, რომ იმედიანი სტარტის შემდეგ  წაგებების სერია საზოგადოებამ   ტოტალიზატორზე გაყიდულ მატჩებს დაუკავშირა.   არის თუ არა ამაში სიმართლის მარცვალი, გასარკვევია.  თუმცა ის ხომ გარკვეულია და დამტკიცებული, რომ საქართვე;ლოს ჩემპიონატში ე.წ. „გარიგებული მატჩების“ რაოდენება იზრდება, რაც უპირველეს ყოვლისა გამოწვეულია  ფეხბურთის  გუნდების მძიმე ფინანსური მდგომარეობით.  გარიგებული მატჩების გამოვლენილი შემთხვევები შესაძლოა არც კი ასახავდეს პრობლემის რეალურ მასშტაბებსა და სიმძიმეს. ზოგადად, ეს არის  იმ არასახარბიელო ცხოვრების შედეგი, რომლითაც ცხოვრობს დღეს ქართული ფეხბურთი მწვრთნელებიდან, მსაჯებიდან და ფეხბურთელებიდან დაწყებული  ფეხბურთის ინფრასტრუქტურით დამთავრებული.

პასუხი კითხვაზე თუ რატომ ვერ მოხერხდა 27 წლის მანძილზე დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყანაში ფეხბურთის იმ დონეზე აყვანა, რომ საქართველოს ნაკრები ერთხელ მაინც მოხვედრილიყო მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო ქართული კლუბი ერთხელ მაინც გასულიყო რომელიმე ევროთასის ფლეი-ოფში, არის ერთი - ჩვენ არ ვიცით რა სჭირს ქართულ ფეხბურთს.  ავადმყოფს ვერ უმკურნალებ სწორად და მითუმეტეს ვერ მოარჩენ, თუ ზუსტად არ იცი მისი დიაგნოზი. დიახ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენ არ ვიცით ზუსტად ქართული ფეხბურთის ავადმყოფობის (ავად რომ არის, ამაზე უკვე ორი აზრი არ არსებობს) დიაგნოზი. 

დიაგნოზის გასაგებად შესაბამისი კვლევების ჩატარებაა საჭირო. საქართველოში კი დღემდე არ ჩატარებულა ფეხბურთის მდგომარეობის ყოვლისმომცველი შეფასება  კომპეტენტური და დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ.  უეფას და ფიფას რეიტინგები არ იძლევა სრულფასოვან სურათს. ჩვენ ჩვენი საკუთარი შეფასება გვჭირდება, რომელიც ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა დაგროვილ კითხვას. 

რატომ არ ატარებს ასეთ შეფასებას ფეხბურთის ფედერაცია, როდესაც მისივე წესდების თანახმად, შეუძლია ეს გააკეთოს. სფფ-ს წესდებაში ვკითხულობთ, რომ „სფფ-ს აღმასრულებელ კომიტეტს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში შექმნას სპეციალური კომიტეტი განსაკუთრებული დავალებების შეზღუდულ დროში შესასრულებლად.“  შეფასება კი არ ტარდება იმის გამო, რომ სფფ-ს ხელმძღვანელობას არ სურს აღიაროს ქართული ფეხბურთის სერიოზული ავადმყოფობა. არადა, რეალობა სულ სხვაა. უკვე მესამე ათეული წელია ჩვენი ფეხბურთი  ინტენსიური თერაპიის პალატაში წევს დიაგნოზისა და შესაბამისი მკურნალობის გარეშე.

მას შემდეგ რაც ტურბულენტური 1990-იან წლების შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია ოდნავ დაწყნარდა, გაპარტახებული ფეხბურთის ხელახალი მშენებლობა ფუნდამენტიდან კი არა, სახურავიდან დავიწყეთ. შეფასების და დიაგნოზის დასმის ნაცვლად, ხსნას უცხოელი მწვრთნელების მოწვევასა და სხვადასხვა დროებით ღონისძიებებში ვხედავდით.

საქართველოში მოწვეულმა პირველმა უცხოელმა მწვრთნელმა ჰოლანდიელმა იოჰან ბოსკამპმა აქედან წასვლის მერე თქვა, რომ ქართულ საფეხბურთო მაფიაზე მთელი წიგნის დაწერა შეიძლებაო. ქართული საფეხბურთო მაფია რომ ძლიერია, ეს არა მხოლოდ გარიგებული მატჩების მომრავლებით ვლინდება. ამის თვალსაჩინო მაგალითია სფფ-ს პრეზიდენტის ყოველი მორიგი არჩევნები. მათი ისტორიების მოყოლით თავს არ შეგაწყენთ. 

იქნებ  სწორედ საფეხბურთო მაფიის მიერ ფეხბურთიდან მიღებული არალეგალური შემოსავლები არის ერთ-ერთი მიზეზი, იმისა, თუ რატომ არ სურდათ და არ სურთ ქართული ფეხბურთის მესვეურებს მოიწვიონ დამოუკიდებელი შემფასებელი, რომელიც ჩაატარებდა ქართული ფეხბურთის ყველა კომპონენტის მიუკერძოებელ და ყოვლისმომცველ შეფასებას, სამზეოზე გამოიტანდა პრობლემებს, დასვამდა დიაგნოზს და დანიშნავდა მკურნალობას, ანუ რეკომენდაციებს თუ რა უნდა გაკეთდეს,  მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. რეკომენდაციების შესრულებაზე  მონიტორინგს კი თავად სფფ-ს ხელმძღვანელობა, საზოგადოება და ხელისუფლება განახორციელებდნენ.  

ქართული ფეხბურთის მდგომარეობის ყოვლისმომცველი შეფასების სასწრაფოდ ჩატარება აუცილებელია იმიტომაც, რომ ჩვენი ფეხბურთის მდგომარეობა კი არ უმჯობესდება, უარესდება. მაგალითად, რით შეიძლება აიხსნას, რომ ამ წლის სეზონის დასაწყისში ერთდროულად რამდენიმე კლუბში ხმამაღლა ალაპარაკდნენ ფინანსურ პრობლემებზე. ბუნებრივია, რთულია ელოდო ხარისხიან თამაშს და მაღალ მოტივაციას ფინანსურ და მასთან დაკავშირებულ სოციალურ პრობლემებში ჩაძირულ ფეხბურთელებისგან.

შეფასების ჩასატარებლად საჭიროა ნება და რესურსები. ველოსიპედის ხელახლა გამოგონება არაა საჭირო. არსებობს ფეხბურთის შეფასების სხვადასხვა აპრობირებული სისტემები. მაგ. KPMG Football Benchmark https://www.footballbenchmark.com/home.  არის ფეხბურთის განვითარების სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება. თურქულმა ფეხბურთმა ნახტომისებური განვითარება განიცადა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მის განვითარებაზე სერიოზულად დაიწყო ზრუნვა, რომელიც სხვათა შორის, ეროვნული ფეხბურთის მდგომარეობის კვლევასაც მოიცავდა.

საქართველოში კი ავადმყოფი სახელით „ფეხბურთი“ კვლავ საავადმყოფოში წევს, ხოლო მისი ავადმყოფობის ისტორიაში გრაფა „დიაგნოზი“ კვლავ ცარიელია.

thrgg@yahoo.com სწორი და რეალური ანალიზია ქართულ ფეხბურთში არსებული მდგომარეობის, ვითარებას სერიოზული მკურნალობა და არაორდინალური ჩარევა სჭირდება, წიმააღმდეგ შემთხვევაში ვიქნებით ათეული წლები იგივე სტაგნაციაში, რაშიც დღეს ვართ!!!
5 წლის უკან
სოციალისტი მე მგონია სტაგნაციაში არ ვართ. ობიექტურ რეალობაში ვართ, დაახლოებით იმ ადგილზე ვართ სადაც უნდა ვიყოთ.
5 წლის უკან