34-წლიანი კვლევის შედეგად, რომელშიც სიცოცხლის ხანგრძლივობის და სხვადასხვა ჩვევის კავშირი იყო შესწავლილი, გაირკვა, რომ ამ ხუთ თავისებურებას ადამიანის სიცოცხლის დაახლოებით 10 წლით გახანგრძლივება შეუძლია.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 123 000 მოხალისეს სპეციფიკური კითხვარი შეავსებინებს, რომლითაც მათი ცხოვრების სტილი ისაზღვრებოდა, მეცნიერებმა მათი სამედიცინო ისტორიაც გააანალიზეს, რათა დაედგინათ, რამდენად უფრო დიდ ხანს ცოცხლობდნენ ადამიანები, რომლებიც ჯანსაღად იკვებებოდნენ, აკონტროლებდნენ საკუთარ წონას, ვარჯიშობდნენ რეგულარულად, არ ეწეოდნენ და ალკოჰოლს მხოლოდ ზომიერად სვამდნენ.
როდესაც მეცნიერებმა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გამოთვალეს, ამ ჩვევების გავლენა ცალსახა აღმოჩნდა. ქალები, რომლებიც ამ ხუთივე წესს იცავდნენ, მათთან შედარებით, ვინც არც ერთს ითვალისწინებდა, საშუალოდ 14 წლით უფრო მეტ ხანს ცოცხლობდნენ. კაცები კი, ანალოგიურ შემთხვევაში, 12 წლით უფრო მეტს.
"როდესაც კვლევას ვატარებდით, რა თქმა უნდა, წინასწარ ვიცოდი, რომ ამ ჩვევების მქონე ადამიანები უფრო დიდი ხნის განმავლობაში იცოცხლებდნენ. მაგრამ გასაკვირი განსხვავების მასშტაბი იყო, მე ამხელა სხვაობას ვერ წარმოვიდგენდი", — აცხადებს კვლევის თანაავტორი მეირ სტემპფერი.
კვლევაში ეს ხუთი ჩვევა შემდეგნაირადაა დახასიათებული:
არამწეველობა;
სხეულის მასის ინდექსი 18,5-სა და 25-ს შორის;
ყოველდღიურად მინიმუმ 30-წუთიანი ზომიერი ვარჯიში;
კაცებისთვის დღეში 300 მილილიტრზე, ქალებისთვის 150 მილილიტრზე ნაკლები სასმელის მიღება;
ხილით, ბოსტნეულით და დაუცეხვავი მარცვლეულით მდიდარი რაციონი, რომელიც ნაკლებად შეიცავს წითელ ხორცს, გაჯერებულ ცხიმებსა და შაქარს.
მათთან შედარებით, ვინც არც ერთ ჩამოთვლილ რჩევას არ ითვალისწინებდა, ქალებსა და კაცებს, რომლებიც მსგავსი ჯანსაღი ცხოვრების სტილით ცხოვრობდნენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით დაღუპვის 82%-ით ნაკლები შანსი ჰქონდათ. კიბოთი დაღუპვის რისკი კი 65%-ით იყო შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ ყველამ ვიცით, თუ რა არის ჩვენი ჯანმრთელობისთის სასარგებლო. უცნაური კი ისაა, რომ ამ ჩვევების გამომუშავებას მაინც ვერ ვახერხებთ.
"ადამიანებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და პირველი ნაბიჯი გადადგან. საზოგადოებამ კი ასეთი გადაწყვეტილებები უნდა წაახალისოს. ადამიანები ზოგჯერ ფიქრობენ, რომ მათ უკვე დააგვიანეს. თუმცა რეალობა ისაა, რომ ასეთ გადაწყვეტილებებსა და ცვლილებებს შედეგი ყოველთვის აქვს", — აცხადებს სტემპფერი.