The Guardian-თან საუბრის დროს, ჯორჯ მარტინმა გაამხილა, რომ სამეფო კარის თამაშების დასრულება მისთვის შვებისმომგვრელი იყო. ავტორმა შვებით ამოისუნთქა მაშინაც, როდესაც გადაწყვიტა დანარჩენი წიგნების დასრულება არ დაეჩქარებინა, მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან სერიის ორიგინალ დასასრულს — დასასრულს, რომელსაც იმსახურებენ.
მარტინი მომავალი ორი რომანის დაწერას არ ჩქარობს. ამასთან ერთად, მზადაა საჯაროდ აღიაროს, თუ რა ზიანი მიაყენა სერიალმა მის ცხოვრებასა და კარიერას:
"სერიალი ჩემთვის ძალიან კარგი არ ყოფილა. იმან, რასაც უნდა დავეჩქარებინე, პირიქით შემანელა. ყოველდღე ვჯდებოდი დასაწერად, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დღე კარგად ჩაივლიდა, თავს საშინლად ვგრძნობდი, რადგან ვფიქრობდი, "ღმერთო, წიგნი უნდა დავასრულო. მე კი ორმოცი გვერდის მაგივრად, მხოლოდ ოთხი მაქვს დაწერილი".
თუმცა, სამეფო კარის თამაშების მერვე სეზონს წიგნების დასასრულზე გავლენა არ ჰქონია. გულშემატკივრების გამომხმაურებებიდან გამომდინარე, შესაძლოა გვეფიქრა, რომ მარტინი ამბის განვითარებას სხვაგვარად შეეცდებოდა, თუ მას სერიალის მსგავსი დასასრული ჰქონდა ჩაფიქრებული. მიუხედავად ამისა, სერიალის სიუჟეტი მასზე არ მოქმედებს.
"არა, არ ცვლის. საერთოდ არაფერს არ ცვლის. ყველას ვერ ასიამოვნებ. ასე, რომ ჯობია მხოლოდ საკუთარი თავის სიამოვნებაზე იფიქრო", — ამბობს მწერალი.
იგი სპეკულაციებსგანაც შორს იჭერს თავს. ძალიან რთულია მუშაობა, როდესაც მსოფლიოს გარშემო უამრავი ცნობისმოყვარე გულშემატკივარი გყავს, მაგრამ ავტორი ამბობს, რომ ეს მასზე არ იმოქმედებს.
"საკუთარი თავი ამ ყველაფერს ჩამოვაშორე. ზოგი თეორია სწორია, ზოგი — არა. ყველაფერს მაშინ გაიგებენ, როდესაც წერას დავასრულებ", — თქვა ჯორჯ მარტინმა.
და რა ხდება სამეფო კარის თამაშების პრიქველთან დაკავშირებით? The Long Night-ს უკვე წარმოებაშია და მას Bloodmoon ჰქვია. სერიალის გამოშვების ზუსტი თარიღი ჯერ არ გასაჯაროვებულა, თუმცა მას 2021 წლისთვის უნდა ველოდოთ. ამ დროისთვის, წიგნის გულშემატკივრები ელიან, თუ როდის დაასრულებს ჯორჯ მარტინი მომდევნო რომანს, ზამთრის ქარებს.