ოპოზიცია კვლავ სასამართლოს მიკერძოებულობაზე საუბრობს. ექსპერტების შეფასებით, საქართველოს სასამართლო გარემო ნატო-საც კი აფრთხობს. მათი თქმით, საქართველოში სამართალი იქმნება არა სასამართლო სტრუქტურებში, არამედ სამთავრობო ორგანოებში.
პარლამენტარი გიორგი თარგამაძე ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი სასამართლოს უპირატესობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „დღევანდელთან შედარებით, იმ პერიოდში სამართლის პოვნა უფრო მეტად იყო შესაძლებელი“.
ამ მოსაზრებით თარგამაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში წარმატებული რეფორმების გატარების შესახებ მმართველი უმრავლესობის განცხადებებს გამოეხმაურა.
„შევარდნაძის დროს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღწევა კორუმპირებული სასამართლოსთვის ფულის გადახდის შემდეგ ხანდახან მაინც იყო შესაძლებელი, ახლა კი, საბედნიეროდ, ფულის გადახდის პრაქტიკა აღმოიფხვრა, მაგრამ არც სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალება არსებობს. დღეს საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი „დამნაშავეა“ და პროკურატურასთან საპროცესო გარიგება აქვს გაფორმებული. თითქმის არ დარჩა ბიზნესი, რომელსაც კრიმინალურის სტატუსი არ ჰქონდეს“, - განაცხადა თარგამაძემ.
ქვეყანაში სამართლიანობის არარსებობაზე და სასამართლო ორგანოების მიკერძოებულობაზე საუბრობს „ქართული პარტია“, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პირველ რიგში კუდ-სა და სოდ-ს გააუქმებს. აღნიშნული პარტიის სამ მთავარ პრიორიტეტს შორის ეს ერთ-ერთია, რომელიც საზოგადოებას გამართულ ყრილობაზე გოკა გუნცაძემ გააცნო.
„ჩვენ სამუდამოდ შევაჩერებთ ძალადობას. ამისთვის გავაუქმებთ კუდ-სა და სოდ-ს, რითაც შეწყდება ადამიანების დევნა. გავაუქმებთ ფინანსურ პოლიციას, რითაც ბოლო მოეღება ბიზნესზე რეკეტს, აღარ მოხდება ადამიანების სატელეფონო საუბრების მოსნენა“, - განმარტა გუნცაძემ.
მისი განმარტებით, ძალადობის საბოლოდ აღსაკვეთად, პარტიის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება სკოლებში მანდატურების გაუქმება და მასწავლებელთათვის პრესტიჟის დაბრუნება.
გუნცაძის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში „ქართული პარტია“ ამ მიმართულებით შექმნის მიუკერძოებელ სასამართლოს და არ დაუშვებს ძალაუფლების მხოლოდ ერთი ადამიანის ხელში მოქცევას.
შემაშფოთებელ სასამართლო გარემოზე საუბრობს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი. „ამ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, ახალი ტერიტორიები არ დაეკარგა. გარდა ამისა, კვლავინდებურად არსებობს უკიდეგანო უმუშევრობა, ქვეყნის საგარეო ვალი კი 5-ჯერ გაიზარდა. საქართველოს სასამართლო გარემო ნატო-საც კი აფრთხობს და ასე შემდეგ“, - აცხადებს ცისკარიშვილი.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშს, მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში განხილულია მსოფლიოს 194 ქვეყანა. სახელმწიფო დეპარტამენტი მკაცრად აკრიტიკებს იმ ქვეყნებს, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები არ ვითარდება. მათ შორის არის საქართველოც.
მოხსენებაში ასახულია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს პრობლემებიცა და მიღწევებიც. აშშ უარყოფითად აფასებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და ადამიანის უფლებების პატივისცემას. ანგარიში დეტალურად აღწერს საქართველოს სამართალდამცავ სისტემასა და სასამართლოში მომხდარ დარღვევებს.
პოლიტიკური მოტივით ადამიანების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა, ცუდი მდგომარეობა ციხეებში, პატიმრების უფლებების დარღვევა, პოლიტიკური დაპატიმრებები, სამართლიანი სასამართლოს არარსებობა, ელიტური კორუფცია – ეს იმ მახასიათებელთა ჩამონათვალია, რომელებსაც საქართველოს მიაწერენ.
განსაკუთრებით უარყოფითად არის შეფასებული საქართველოს სასამართლო სისტემა. ნათქვამია, რომ გიორგი გამცემლიძის, როინ შავაძის, ხვიჩა კვირიკაშვილისა და ამირან რობაქიძის მკვლელობებთან დაკავშირებულმა სასამართლო პროცესებმა მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩაიარა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ადამიანის უფლებების ერთ-ერთ მთავარ დარღვევად პოლიტიკური დაპატიმრებები მიაჩნია. სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებას საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაზეც. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ციხეებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორების მდგომარეობა საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
„მართალია, ახლად აშენებული ციხეები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს, მაგრამ ძველ ციხეებში პატიმრები ვერ სარგებლობენ სათანადო სამედიცინო დახმარებით, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.“
ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციამ Freedom House–მა ბოლო ანგარიშში საქართველოში ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის კიეფიციენტი 5–დან 7 ბალამდე შეაფასა. შეფასების 7–ბალიან შკალაზე ერთი ქულა უმაღლესი მაჩვენებელია, 7 კი უდაბლესი. საქართველო მხოლოდ შუა აზიის ქვეყნებსა და აზერბაიჯანს უსწრებს.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარის მანანა კობახიძის განცხადებით, ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ, გასული წლების მსგავსად, საქართველოში ადამიანის უფლებები ისევ ირღვევა და ქვეყანაში ხელისუფლება კვლავ ავტორიტარული სტილით ხელმძღვანელობს.
ანგარიშის განსაკუთრებული განხილვის საგანს დემოკრატიული არჩევნებისა და საქართველოში სამართლებრივი სასამართლოს არარსებობა წარმოადგენს. მანანა კობახიძის თქმით, ანგარიშში პირდაპირ ნათქვამია, რომ საქართველოში სამართალი სამთავრობო და არა სასამართლო სტრუქტურებში იქმნება.