„რომის კონგრესმა არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევა განიხილა, როგორც წამების შედეგად სასტიკი მკვლელობა“

„რომის კონგრესმა არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევა განიხილა, როგორც წამების შედეგად სასტიკი მკვლელობა“

არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტი რომის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონგრესზე განიხილეს. აღნიშნული საკითხი წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ წარადგინა. რა გამოხმაურება მოჰყვა ამ ფაქტს დასავლეთში, ამის შესახებ For.ge-ს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი ესაუბრა.

არჩილ ტატუნაშვილის მიმართ 10-ზე მეტი სასტიკი წამების მეთოდი იყო გამოყენებული. როგორ აღიქვეს რომის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონგრესის მონაწილეებმა ტატუნაშვილის ტრაგიკული შემთხვევა?

- კონგრესის მონაწილეებმა არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევა განიხილეს, როგორც წამების შედეგად სასტიკი მკვლელობა. რამდენიმე დღეში ავსტრიულ ჟურნალში იგეგმება რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასა და იქ მცხოვრები ადამიანების შესახებ იქნება საუბარი. ეს შემთხვევა საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ, პრაქტიკულად, ექსპერტიზა ჩატარდა ძალიან შეზღუდულ მასალებზე, ვინაიდან რუსულმა და ცხინვალის რეგიონის მხარემ არ გადმოგვცეს მასალები, რაც აუცილებელი იყო ექსპერტიზისთვის. შესაბამისი მასალა, ორგანოები არ გაგვაჩნდა, რა ვითარებაში მოხდა ეს ტრაგიკული ფაქტი, ამაზე გამოძიებას წვდომა არ ჰქონდა, მაგრამ სხეულის, როგორც რუკის გამოყენებით, ექსპერტიზამ შეძლო აღედგინა წამების ის მეთოდები და გარემოება, რა გარემოებაშიც შეიძლებოდა ეს ფაქტი მომხდარიყო. ამავდროულად, ძალიან ბევრი ცნობილი საერთაშორისო უფლებადამცველისა და პროფესიონალისთვის ცხადი გახდა, რა მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს მოსახლეობა, რომელიც საზღვრისპირა სოფლებში ცხოვრობს.

ჩვენი მოხსენება ჩატარდა ასეთი დევიზის ეგიდით - „ჩვენ დღესაც ომში ვართ“, ანუ ათი წელი გავიდა, მაგრამ დღესაც ომში ვიმყოფებით, ვინაიდან დღესაც ხდება ტრაგიკული ფაქტები. უკვე არის გამოხმაურება, გერმანიიდან გვთხოვენ, გავუგზავნოთ ეს მოხსენება და, ალბათ, კიდევ იქნება შემდგომი გამოხმაურება. ამგვარ ქმედებებს მხოლოდ „ემპათია“ კი არ უნდა ახორციელებდეს, არამედ სახელმწიფო უნდა უწყობდეს ხელს და თვითდანაშაულის, თუ თვითბრალდების რეჟიმში არ უნდა ცხოვრობდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ, როდესაც ასეთი ძალადობრივი სიკვდილია, გარდაცვალების მიზეზში მნიშვნელობა მიენიჭოს ძალადობას და არა საბოლოო შედეგს, რითაც დადგა სიკვდილი. სწორედ ეს არის საერთაშორისო მიდგომა. მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა შეფასდა, როგორც სერიოზული წამება, როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რამაც როგორც მატარებლის ორთქმავალმა გამოიწვია შემდგომში სიკვდილის ჯაჭვის დაძვრა.

არჩილ ტატუნაშვილის წამების ფაქტის გარდა, თქვენ იკვლევთ აგვისტოს ომის დროს ოკუპანტებისგან დაზარალებული სხვა ადამიანების შემთხვევებსაც. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა 11 წლის შემდეგ?

- ჩვენ გვყავს დაახლოებით 200 დაზარალებული, რომელთაგან საქმეების ნაწილი შეტანილი გვაქვს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ესენი არიან ომში დაზარალებული ხალხი, ძირითადად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი, ტყვეობაში ნამყოფნი. ასევე, 140 საქმე მივაწოდეთ სისხლის სამართლის საერთაშორისო გამოძიებას. მოგეხსენებათ, რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება, სადაც ერთ-ერთი ძირითადი მუხლი გახლავთ ეთნოწმენდა და სამხედრო დანაშაულები, საამისოდ 140 ქეისი მომზადებული გვაქვს. კვლევებს ყოველწლიურად ვახორციელებთ. ძალიან მალე გამოქვეყნდება სტატია „ათი წელი ომის შემდეგ“. ძალიან მძიმეა ის ფსიქოლოგიური შედეგები, რაც დაზარალებულებს აქვთ. სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, ამ ომის შესახებ საკუთარი განცხადებებით რა ტრავმას აყენებს საკუთარ მოსახლეობას. განსაკუთრებით, ყურადღება მინდა გავამახვილო აფხაზეთში დარჩენილ ქართულ მოსახლეობაზე, რომელიც, პრაქტიკულად, მონობაში ცხოვრობს. დღესდღეობითაც უამრავ სტრესს განიცდის ეს მოსახლეობა. ამას ემატება საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მცხოვრები ადამიანების ბედი, რომლებსაც პრაქტიკულად ყოველდღიურად, 21-ე საუკუნეში მონებივით იტაცებენ.

ჩვენ გვაქვს ორი მძიმე შემთხვევა, კვარაცხელიას დაღუპვის ფაქტიც ჩვენი ცენტრის მიერ განიხილება. ახლა უნდა წამოვიღოთ ეს საქმე პროკურატურიდან, დავწეროთ ექსპერტიზის დასკვნა და შევიტანოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი ქმედითი სტრატეგია ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში, არც ადამიანის უფლებების დაცვის და არც უსაფრთხოების მიმართულებით. გარდა ამისა, ზეგავლენას ახდენს დონორ ორგანიზაციებზე, რომლებიც არ არიან აფილირებულნი სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა არ იყოს ადეკვატური დახმარება დევნილი მოსახლეობისთვის.

თქვენ ახსენეთ ხელისუფლების მხრიდან მტკივნეული განცხადებები. რომელ არასწორ განცხადებას გულისხმობთ, რამაც აფხაზეთში მძევლად მყოფი მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო?

- პირველ რიგში, ეს არის ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ და გაუთავებელი დებატები ომის დაწყებასთან დაკავშირებით. ცენტრი „ემპათია“ ამ საქმეში პირველივე დღეებიდან ჩართული იყო, ჩვენ ბევრი მასალა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავაგზავნეთ. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ ხდებოდა საომარი მოქმედებების დაწყება და ვინ იყო ინიციატორი. ამიტომ ამგვარი განცხადებები აზარალებს არა მარტო ქვეყანას, არამედ, პირველ რიგში, აზარალებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღესაც ფრონტის წინა ხაზზე ცხოვრობენ. ერთი თვის წინ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ყოფნა მომიწია, ვუყურებდი რუსულ არხებს და მესმოდა პუტინის პროპაგანდისტული განცხადება საქართველოს ისტორიის გადაწერის შესახებ, რომ თურმე საქართველოს საკუთრება არ ყოფილა ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. ეს რუსული პროპაგანდა საკმაოდ ფართოდ გავრცელდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ დროს კი ჩვენს ხელისუფლებას არანაირი ადეკვატური რეაქცია არ ჰქონია ამაზე, თუ როდის შეიქმნა საერთოდ ცხინვალისა და აფხაზეთის წარმონაქმნები. პრაქტიკულად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ისტორიასაც უკვე ეჭვის ქვეშ აყენებენ.

წინა ხელისუფლებასაც ბევრჯერ ვაძლევდით რეკომენდაციას, რომ დევნილ მოსახლეობას, მათ მიერ გადატანილ ტრავმებს, ომის სერიოზულ დანაშაულებს შეფასება სჭირდება პარლამენტის დონეზე. საჭიროა ამის ოფიციალური შეფასება. ეს ხალხი მხოლოდ დევნილებად არ უნდა გამოაცხადონ. რას ნიშნავს დევნილი? რომ ამ ხალხს გამოეკიდნენ და ესენიც გამოიქცნენ? ეს ხალხი დევნილი კი არ არის, არამედ ესენი არიან მსხვერპლები და ისინი უნდა გამოაცხადონ ეთნოწმენდისა და გენოციდის მსხვერპლებად. ეს არ არის პირველი სამხედრო კონფლიქტი, ჩვენ გვყავს დევნილთა დაახლოებით ნახევარმილიონიანი არმია. იმ ადამიანებს, რომლებმაც სახლები დაკარგეს, ომის უმძიმესი ტრავმები გადაიტანეს, ჩვენ დღეს ვუწოდებთ დევნილებს. ახლა წარმოიდგინეთ, რუსეთის დუმაში დგას საკითხი, რომ თურმე ოსური მხარე ყოფილა გენოციდის მსხვერპლი. ასეთ რაღაცებზე საპასუხო რეაქციები უნდა იყოს, პროაქტიური უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით.

თქვენ აგვისტოს ომის მსხვერპლნი ახსენეთ. 11 წლის შემდეგ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რამდენად შეიცვალა? რუსეთის წინააღმდეგ სარჩელების შეტანის შემდეგ მათ ფინანსურ მდგომარეობას მაინც ეშველება?

- სისხლის სამართლის საერთაშორისო გამოძიება კონკრეტულ დამნაშავე პირებზე გადის და ამის შემდეგ დამნაშავე პირთა სამართლებრივ დევნას მოითხოვს. არ ვიცით, როდის და როგორ იქნება, მაგრამ, ცხადია, ვერანაირი ფინანსური კომპენსაცია ამ ადამიანთა ტრაგედიას ვერ შეცვლის. მათი ტრაგედია არის განვრცობადი და, შესაბამისად, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ჯანმრთელობა უარესდება. თანაც, იმ პირობებში, როცა სახელმწიფო მათ ადეკვატურად ვერ ეხმარება და ხელს უშლის კიდეც სხვა არასამთავრობო მიუკერძოებელ ორგანიზაციებს, ამ ხალხს აღმოუჩინონ დახმარება.