ამ ფესტივალზე აგრეთვე იმყოფებოდნენ საერთაშორისო პენ კლუბის პრეზიდენტი ჯონ როლსტონ სოული და მისი საერთაშორისო მდივანი იუჯინ შულგინი. სწორედ ამ დროს ჩემთან მოვიდა იუჯინ შულგინი, რომელმაც მთხოვა რომ დამეკავშირებინა ქართული პენ კლუბის თავმჯდომარე დავით მაღრაძესთან და დავხმარებოდი მას საქართველოში ჩასვლაში. ჩვენ მაშინვე დაველაპარაკეთ ტელეფონით დათო მაღრაძეს და გადავწყვიტეთ, რომ ივლისის დასაწყისში ჩავიდოდით საქართველოში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი საქართველოში ჩამოსვლა იუჯინ შულგინის თხოვნით მოხდა და მეც აბსოლუტურად საკუთარი ხარჯებით გადავწყვიტე გადამედგა ეს ნაბიჯი და დავხმარებოდი ქართულ პენ კლუბს საერთაშორისო კოლეგებთან ურთიერთობების გამყარებაში.
იუჯინ შულგინისა და ჩვენი შეთანხმებით ამ აღმასრულებელ საბჭოში შევიდნენ მწერლები: ნაირა გელაშვილი, დათო ტურაშვილი, გიორგი კეკელიძე, დათო ქართველიშვილი, რატი ამაღლობელი. გამომცემლები: შორენა შავერდაშვილი და ქეთი კიღურაძე და წიგნის მაღაზიათა ქსელის “ლიტერატურული კაფის” მმართველი ნინო ჟვანია. დათო მაღრაძის გადადგომის შემდეგ 2010 წლის აგვისტოში დირექტორთა საბჭოს თხოვნით მისი ადგილი მე დავიკავე და მოვაწყვეთ არაფორმალური, დროებითი პრეზიდენტის არჩევნები, სადაც ხმათა უმრავლესობით დავით ქართველიშვილმა გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა რომ თავიდანვე საბჭოს 9 წევრიდან 5-ს მისთვის ხმა არ მიუცია (ხმები უბრალოდ 3 კანდიდატს შორის დაიქსაქსა) მას ყველამთანამშრომლობის სურვილი და ნდობა გამოუცხადა და ახალმა ქართულმა პენ კლუბმა მუშაობა დაიწყო.
შედგა საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი რომელსაც ქეთი კიღურაძე ჩაუდგა სათავეში. გიორგი კეკელიძისა და მისი კოლეგების მეშვეობით მომზადდა რამოდენიმე საინტერესო პუბლიცისტური პროექტი. დაიწყო მუშაობა ბატონი გივი მარგველაშვილის ნობელის პრემიაზე წამოსაყენებლად, რომელსაც ჩვენ ჩავუდექით სათავეში. ახალგაზრდა პოეტებმა – ალექს ჩიღვინაძემ და პაატა შამუგიამ შემოიტანეს ძალიან საინტერესო ინტერაქტიული პოეზიის პროექტი. მოკლედ, აგვისტოს თვეში ბევრი რამ მოხდა.
თუმცა, ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ პენ კლუბის ახალმა თავმჯდამარემ, დავით ქართველიშვილმა აშკარა უკმაყოფილება გამხატა პოსტ-ფაქტუმ. მან თქვა, რომ ასეთი წერილები ამ ორგანიზაციის მარგინალიზაციას შეუწყობდა ხელს და საჭირო იყო ტელევიზიის სამთავრობო არხებთან ურთიერთობის გაბმაც. თავისთავად, ამ ურთიერთობის წინააღმდეგი არავინ ყოფილა, თუმცა ცხადია, რომ “კავკასიური სახლის” დაცვას “რუსთავი 2”, “იმედი” და საზოგადოებრივი ტელევიზია არ ითავებდნენ. და ბევრი ჩვენთაგანის გაკვირვება იმანაც გამოიწვია, თუ რატომ უნდა გაურბოდეს სიმართლის მთქმელი მწერალი ნამდვილად საპატიო მარგინალურ სტატუსს, მაშინ როდესაც ვაჟა ფშაველაც, თომას მანიც, ფრანც კაფკაც და მსოფლიო მწერლობის ბევრი გამოჩენილი მოღვაწეც მათი ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედაც რომ მარგინზე იყვნენ და ასე ქმნიდნენ გენიალურ ნაწარმოებებს. დღესაც ცნობილია რომ კარგი ლიტერატურული ნაწარმოები პოპ-კულტურის და მასიური “შოუ-ბიზნესის” ნაწილს უმრავლეს ცივილიზებულ ქვეყნებში არ წარმოადგენს. მაგრამ, მაშინ ჩავთვალეთ, რომ ეს უცნაური ლტოლვა ბატონ ქართველიშვილისა ერთი პატარა სისუსტე იყო და სხვა არაფერი და მუშაობაც შემართებით გავაგრძელეთ.
პენ კლუბი უფლებადაცვითი ორგანიზაცია და მისი მოღვაწეობის “პოლიტიზაცია” აბსურდულ გამონათქვამთა რიგებს მიეკუთვნება. მაგრამ დირექტორთა საბჭომ აქაც გადაწყვიტა რომ ეპატიებინა ქართველიშვილისათვის ეს დეზინფორმაცია და არაეთიკური საქციელი (სრულიად არაკოლეგიალურია ორგანიზაციის ახლანდელი თავმჯდომარის მიერ მისი წინამორბედების ასე მოხსენიება - ეს უკვე უბრალო კრიტიკა არ არის - ანგარიშსწორების ელემენტები ახლავს თან). ამაზე შიდა დისკუსიაში მან შენიშვნები კი მიიღო მაგრამ დირექტორთა საბჭომ მაინც ჩათვალა რომ ქართველიშვილი დროთა განმავლობაში გაიზრდებოდა და აღარ გაიმეორებდა ასეთ საქციელს.
მოგეხსენებათ, ამ აქციას ჩვენი დაპატიმრება მოჰყვა და ომბუდსმენის მოხსენებას თუ დავუჯერებთ – ფიზიკური შეურაცხყოფაც. ჩვენი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ქართული პენ კლუბი შეიკრიბა და ახალგაზრდა მწერლებთან სოლიდარობის წერილი დაწერა. მე ამ წერილის დაწერაში, ბუნებრივია, არავითარი მონაწილეობა არ მიმიღია, რადგანაც ნაწილობრივ იქ ჩემი ღირსების შელახვაზეც იყო ლაპარაკი. ქართველიშვილი ამ წერილის დაწერის წინააღმდეგიც იყო, მაგრამ აქაც უმრავლესობის აზრმა გადაძლია.
როგორც ეტყობა ბატონ ქართველიშვილს ამ დროს კიდევ უფრო შეეშინდა მარგინზე დარჩენის (მიუხედავად იმისა ,რომ საქართველოში არსებული თითქმის ყველა პრემია მიღებული აქვს) და საერთაშორისო პენის აღმასრულებელ მდივანს კონფიდენციალური წერილი მიწერა მეორე დღესვე, ანუ 11 სექტემბერს. გთავაზობთ ამ წერილის თარგმანს:
ძვირფასო იუჯინ,
ეს ჩემი პრივატული (კერძო) წერილია შენდამი და მინდა გთხოვო რჩევა. შენ იცი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ და იცი, რომ საქართველოს მთავრობა მთლიანად აკონტროლებს მედიას. აგრეთვე, არის პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ლიტერატურული პროცესები არ მიმდინარეობს: მე ვგულისხმობ თარგმანის პრობლემებს.
მე ვცდილობ, რომ რეორგანიზაციის პროცესში ეს საკითხები მოვაგვარო, მაგრამ ვაწყდები მნიშვნელოვან პრობლემას, კონკრეტულად – მოქმედების ფორმებს. ჩემი თვალსაზრისით, ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა ვიყოთ დიპლომატიურებიც და პრინციპულებიც ულტრა-რადიკალიზმის გარეშე: რადგანაც ეს ულტრა-რადიკალიზმი შეაფეხებს ქართული პენის მუშაობას და ეს ორგანიზაცია გადაიქცევა მარგინალურ და გარიყულ ორგანიზაციად, რომელიც არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში სრულ იზოლაციაში ჩაგვაგდებს და ჩვენ ვეღარ შევასრულებთ ჩვენს მისიას.
მეთანხმები თუ არა ჩემს პოზიციაში და ფიქრობ თუ არა, რომ ამ პოლიტიკურ სიტუაციაში მხოლოდ პრინციპული და დიპლომატიური პოზიციაა სწორი და არა პროტესტი და რადიკალიზმი? ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი რჩევა და აზრი. გამაგებინეთ ჩემი მოსაზრება და პოზიცია თქვენთვის მისაღებია თუ არა?
პატივისცემით, დავით ქართველიშვილი
შეგახსენებთ, რომ ეს კონფიდენციალური წერილი მაშინ დაიწერა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ, გიგა ბოკერიას ცოლის თამადობით, გააფთრებული ბრძოლა გამოგვიცხადა და ლამისაა მსოფლიოს ყველაზე საშიშ ტერორისტებად გამოგვაცხადა. პარალელურად, თურმე, ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობი იყო, რომ ქართული პენ კლუბის თავმჯდომარეც იგივეს სწერდა საერთაშორისო ორგანიზაციას.
ცხადია, ამ წერილმა დიდი ზიანი მიაყენა განახლებულ ქართულ პენ კლუბს. როდესაც თავმჯდომარე, საქართველოს ავტორიტარული ხელისუფლებისა არ იყოს, წერს რომ ორგანიზაციაში ულტრა–რადიკალები ჰყავს (და ამ ტერმინით დღევანდელ პოლიტიკურ ტერმინილოგიაში მხოლოდ ძალადობის მქადაგებლებს მოიხესნიებენ), საერთაშორისო პენის წევრებიც დააფიქრა. რაც მთავარია, ამ წერილში ქართველიშვილმა არ დააკონკრეტა, ვინ არიან ეს ავადსახსენებელი ულტრა-რადიკალები და ამით ეჭვი გაავრცელა დირექტორთა საბჭოს დანარჩენ 8 წევრზე.
ამ წერილში ბევრი სიცრუეა. ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ დირექტორთა საბჭოს არც ერთ წევრს საერთაშორისო პენის წერილზე უკმაყოფილება არ გმოუთქვამს და, რაც ამაზე უფრო მნიშვნელოვანია, ბორდის არც ერთი წევრი არ გახლავთ ულტრა-რადიკალი და ძალადობის მომხრე. ამის თქმა ნაირა გელაშვილზე, რატი ამაღლობელზე, ნინო ჟვანიაზე, შორენა შავერდაშვილზე, გიორგი კეკელიძეზე, ქეთი კიღურაძეზე, დათო ტურაშვილზე არის სრულიად აბსურდული გამონაგონი. ცხადია, ალბათ, ქართველიშვილს არ მოწონს ჩვენი პოლიფონიური პოეზია, მაგრამ ამაში ულტრა-რადიკალური არაფერია. საკმარისია, იგი გაეცნოს მსოფლიოს და, კერძოდ, ამერიკის ბევრი გამოჩენილი პოეტის ლექსებსა თუ ქმედებებს. ზოგი მათგანი ამერიკას პირდაპირ უხამსი სიტყვებით აგინებს, ზოგიც დროშას წვავს და ამის მერე სახელმწიფო პრემიებს იღებენ. გაგარინისა და ჩიღვინაძის მრავალხმოვანმა პრეფორმანსმა კი არათუ მარგინალური სტატუსი მოიპოვა ახლახანს სტამბულში გამართულმა კონფერენციამ დისკურსის თავისუფლების საკითხებზე, რომელშიაც ნოამ ჩომსკი და რიჩარდ ფალკიც მონაწილეობდნენ. ეს მსოფლიო ლიტერატურულ დისკურსში ახალ სიტყვად აღიარა და ფეხზე წამოდგომით დაუკრა ტაში აქციის ავტორებს.
ამას მოჰყვა ტოკიოს წერილის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მთავრობის მიერ. აქ ახალი თავმჯდომარის როლი ნაკლებია. მან საკუთარ თავზე აიღო გარკვეული პასუხისმგებლობა, რადგანაც ის წერილი პირადად მისი დაწერილი იყო, თუმცა პოზიციები მაგრად ვერ დაიცვა, ისე როგორც ამ ორგანიზაციას შეეფერებოდა.
15 დეკემბერს ქართულმა პენ კლუბმა უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე. და იმედია ეს ახალი თავმჯდომარე დირექტორთა საბჭოს თვითონვე დააკომპლექტებს. მე, პირადად, ნაირა გელაშვილთან და შორენა შავერდაშვილთან ერთად რატი ამაღლობელის კანდიდატურას დავუჭირე მხარი. ვფიქრობ, ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი სიტყვის თავისუფლების დაცვის ამ ორგანიზაციისათვის. თუმცა, იქნებიან ალბათ სხვა კანდიდატებიც.