Disney ცნობილი ანიმაციური ფილმის „ლედი და მაწანწალას“ ეკრანიზაციაზე მუშაობს. ამის შესახებ People წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პერსონაჟებს ნამდვილი ძაღლები განასახიერებენ. მაწანწალას როლს ძაღლი, სახელად მონტე შეასრულებს, რომელიც თავშესაფარში დაძინებას გადაარჩინეს. პერსონაჟის გახმოვანებაზე მსახიობი ჯასტინ ტერუ იზრუნებს. ლედის როლს კი კოკერ-სპანიელი როუზი შეასრულებს, რომელსაც ტესა ტომპსონი გაახმოვანებს. Disney-მ ძაღლების ფოტო უკვე გამოაქვეყნა.
ფილმის რეჟისორის სავარძელს ჩარლი ბინი დაიკავებს, სცენარზე კი ენდრიუ ბუჟალსკი იმუშავებს. სურათის პრემიერა 12 ნოემბერს სტრიმინგ-სერვისზე Disney+ შედგება.
"ლედი და მაწანწალა" ეკრანებზე 1955 წელს გამოვიდა. სურათი Walt Disney Productions-ის რიგით მეთხუთმეტე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი იყო.