„რუსთავი 2“-ის შესაძლო მყიდველთა შორის ორი გავლენიანი ბიზნესმენი განიხილება - ვანო ჩხარტიშვილი და გია ჯოხთაბერიძე. თუ პირველი მათგანი გახდება ამ ტელეკომპანიის მფლობელი, მას უკვე აქვს ტელევიზიის ფლობის გამოცდილება (ტელეკომპანია „მზის“ სახით), მაგრამ ამჯერად მის უკან ბიძინა ივანიშვილი მოიაზრება, ხოლო, თუ ჯოხთაბერიძე დაინტერესდება „რუსთავი 2“-ით, გასათვალისწინებელია, რომ მას ამერიკული ბიზნესი აქვს. თუ ორივემ გამოთქვა შეძენის სურვილი, მაშინ კონკურენცია გაიზრდება და ახალ მფლობელს გაცილებით დიდი თანხის გადახდა მოუწევს 70-მილიონიანი დავალიანების მქონე ტელეკომპანიის შესაძენად.
გია ჯოხთაბერიძისა და ვანო ჩხარტიშვილის გარდა სავარაუდო მყიდველები შეიძლება იყვნენ დავით კეზერაშვილი, ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, დავით ბეჟუაშვილი, „ტელეიმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე...
ჩამოთვლილთგან ვინ იქნება „რუსთავი 2“-ის სავარაუდო შემძენი?!
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ტელევიზიის შეძენით დაინტერესდება ყველა, მაგრამ აქ მაინცდამაინც ფულზე საუბარი არაა. თავისთავად ის ფაქტი, რომ გამოცხადდა ღია ტენდერი და ერთკვირიანი ვადა, ეს მიანიშნებს, რომ უკვე იციან, ვინც იქნება შეძენის მსურველი. იციან ისიც, რომ 1 მილიონი დოლარი გამზადებული იქნება ანგარიშზე დასადებად. არც ისაა გამორიცხული, 1 მილიონი დოლარი ბიძინასი იყოს, მაგრამ გამორიცხულია, ბიძინა ივანიშვილმა უშუალოდ მიიღოს ეს ტელევიზია.
„არ გამოვრიცხავ, ამ სიას დაემატოს მამუკა ხაზარაძეც. მისთვის მაინცდამაინც „რუსთავი 2“-ის ყიდვა არაა მთავარი, უბრალოდ, თუ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას, მას, ალბათ, დასჭირდება ტელევიზია. თუ ეს ტელევიზია იქნება ოპოზიციური, მაგრამ ნორმის ფარგლებში, ეს შეიძლება ხელისუფლებისთვისაც იყოს მომგებიანი. რაც შეეხება სხვა კანდიდატურებს, ვანო ჩხარტიშვილს თავის დროზე ჰქონდა ტელევიზია... თუკი ჯოხთაბერიძეზეა საუბარი, ჯოხთაბერიძე, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ასოცირდება რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან. საინტერესო იქნება, თუ ეს არხი იყიდა კეზერაშვილმა, ან არხი დაუბრუნდა ირაკლი ოქრუაშვილს. ოქრუაშვილი ვერ იყიდის ამ არხს, რადგან ამბობს, ისედაც მე მეკუთვნისო“,-აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
პოლიტოლოგის აზრით, შესაძლოა, პრობლემური გახდეს ოქრუაშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ეს ტელევიზია მას ეკუთვნოდა და საამისოდ გერმანიაში გაფორმებული ხელშეკრულებაც არსებობდა. მართალია, ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობა სამხარაულის ბიურომ არ დაადასტურა, მაგრამ ახლა წავლენ საზღვარგარეთ ხელმოწერების შესამოწმებლად და შესაძლოა, ეს ერთკვირიანი ვადაც სწორედ ამას უკავშირდებოდეს. ანუ, სანამ სიმართლე გაირკვევა, ქიბარ ხალვაში ცდილობს, მოიშოროს ტელევიზია, რის შემდეგაც ირაკლი ოქრუაშვილს უკვე საქმე ექნება კეთილსინდისიერ შემძენთან. ვერსიების დროს ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას ჯოხთაბერიძის დაინტერესებას გამორიცხავს, რადგან მას ამ ხნის განმავლობაში არ გამოუვლენია ინტერესი ტელევიზიის მიმართ. ჯოხთაბერიძეს, როგორც „მაგთის“ მფლობელს, ადვილად შეეძლო ამ ინტერესის დაკმაყოფილება, რაც არ გაუკეთებია. ამდენად, ჯოხთაბერიძისთვის ამ ტვირთის აწევა, რასაც ჰქვია „რუსთავი 2“-ის ვალები, სახალისო და საინტერესო არ უნდა იყოს.
რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, რომელმაც გამოაცხადა, რომ ახალ ტელევიზიას ქმნის, ცხადია, მას პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებს, ოღონდ ახალი ტელევიზიის შექმნა ურჩევნია, თუ ძველი „რუსთავი 2“-ის შესყიდვა, რამაზ საყვარელიძის აზრით, ამაზე მსჯელობა იოლი არაა. მეორე მხრივ, ქიბარ ხალვაშმა და მისმა ჯგუფმა განაცხადეს, „ნაციონალების“ ხალხს არ გავიკარებთო, ამდენად, კეზერაშვილის ჩართვაც ამ საქმეში არ უნდა იყოს სავარაუდო.
„ბიძინა ივანიშვილის დაინტერესება ამ თემით ღიმილის მომგვრელია. კაცს თავისი ტელევიზია ჰქონდა, საკმაოდ მაღალი რეიტინგის მქონე „მეცხრე არხი“, მაგრამ დაშალა. ამიტომ გაუგებარია, ახალი ტელევიზიის გაკეთება მოინდომო მაშინ, როცა საკუთარ ტელევიზიას ქუჩაში აგდებ?! ის ხალხი ხომ ქუჩაში დარჩა? მაშინ უნდა დავაბრალოთ ივანიშვილს, რომ ის თანმიმდევრული არ არის თავისი ნაბიჯებში, თუ ეს ასეა, მაშინ გაუგებარია, როგორ გახდა ამხელა ქონების პატრონი?! ამიტომ ახალი ტელევიზია ივანიშვილს რატომ უნდა უნდოდეს? საამისოდ ერთი მოტივი შეიძლება არსებობდეს, რომ მას არ სურს, კრიტიკა ისმოდეს „რუსთავი 2“-ის ეთერში, ამ მოტივით თავის დროზე ბიძინა ექსპერტებსაც გადაგვემტერა, რატომ მაკრიტიკებთო“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე და არ გამორიცხავს, ეს ტელევიზია პოლიტიკით დაინტერესებულმა მამუკა ხაზარაძემ შეიძინოს, ოღონდ ეეჭვება, ამდენი ფული ჰქონდეს ხაზარაძეს.
საეჭვოა, ხაზარაძის ხელში აღმოჩნდეს „რუსთავი 2“, რადგან ხალვაშს სურს აპოლიტიკური ტელევიზია, ანუ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს არ ჩაუვარდეს ხელში ეს ტელევიზია. ხაზარაძის შემთხვევა კი არ იქნება პოლიტიკური ინტერესის გარეშე.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, რამაზ საყვარელიძის აზრით, „რუსთავი 2“-ს შეიძენს ის, ვინც პოლიტიკითაა დაინტერესებული, ან ბიზნესინტერესის მქონეა, მესამე ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს.