ხელისუფლების სამხედრო გადატრიალებით დამხობის გაგრძელება პირდაპირი შედეგი იყო აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იურისდიქციის დე ფაქტო დაკარგვა .... - წერს ანალიტიკოსმი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში.
ჩემთვის სრულიად ნათელია - ტერიტორიული მთლიანობის რღვევა დაიწყო თბილისის ომით: გამსახურდიას ხელისუფლების სამხედრო გადატრიალებით დამხობის გაგრძელება და პირდაპირი შედეგი იყო აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იურისდიქციის დე ფაქტო დაკარგვა ....
...1995 წელს, როცა კონსტიტუცია მივიღეთ, გაჩნდა შანსი სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და სწორედ წარმართული ეს პროცესი, ადრე თუ გვიან მიგვიყვანდა ჩვენი იურისდიქციის აღდგენამდეც; თუმცა ეს არ მოხდა, პირიქით - "ვარდების რევოლუციით", ფაქტიურად დაემხო არა მხოლოდ შევარდნაძის უკიდურესად სუსტი, კორუფციით მთლიანად გამოხრული ხელისუფლება, არამედ კონსტიტუციური წყობილებაც საქართველოში;
როგორც თბილისის ომის პირდაპირი შედეგი იყო ქართულ ტერიტორიებზე იურისდიქციის დე ფაქტო დაკარგვა, ასევე "ვარდების რევოლუციისა" - ამ ტერიტორიების სრული სეცესია, მათი სამხედო ოკუპაცია, "სახელმწიფოებად" იურიდიული აღიარება რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო ფაქტობრივად - მათი ანექსია;
დაბეჯითებით შეიძლება მტკიცება, რომ - შემდეგი გადატრიალება, რომელსაც გეგმავს მტრული ძალა - ნაცობა, კიდევ უარესს შედეგს მოგვიტანს - ამ ტერიტორიებს, როგორც ქართველთა სამკვიდროს, საბოლოო დავკარგავთ და უარესიც: არსებობს საფრთხე ქვეყნის შემდგომი ტერიტორიული ფრაგმენტაცია-დანაწევრებისა;
ფრაგმენტაცია-დაშლას განაპირობებს ულმობელი ლოგიკა - თუკი ფუნდამენტი, რაზეც დგას ყოველი ერი-სახელმწიფო, ყოველ ჯერზე ჩვენვე ვანგრიეთ, თუნდაც იმიტომ, რომ ესა თუ ის ხელისუფლება თურმე არ მოგვწონს, ბუნებრივია, ფრაგმენტაცია შეუქცევადი გახდება და ბოლოს - "უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიან".
ისიც უნდა გვახსოვდეს - მამული, სამკვიდრო, უფრო მეტია, ვიდრე თუნდაც სახელმწიფო იურისდიქცია ამ სამკვიდროზე;
დიახ: რუსეთის მიერ ჯერ კიდევ 1801წლიდან მოყოლებული, საქართველოს ანექსიის უმძიმეს პირობებშიც კი არ დაგვიკარგავს ქართველებს ჩვენი სამკვიდრო;
ბედის დაცინვაა, საშინელი ტრაგედიაა, ეროვნული უბედურებაა, როცა სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ, ვინაიდან ჩვენ ფაქტიურად გადავეჩვიეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, პოზიტიურ თავისუფლებას, ვკარგავთ ამ სამკვიდროს, ანუ იმას, რისი შენარჩუნებაც ანექსიის პირობებშიც კი შევძელით!
დიახ - რუსეთი მტერია! მაგრამ იგი ასევე, არანაკლები და უარესიც კი, მტერი იყო მაშინაც, როცა დაპყრობილი ვყავდით და მიუხედავად ამისა, ვიმეორებ - ჩვენ ჩვენი მამული, ჩვენი სამკვიდრო - მაინც შევინარჩუნეთ!
რა არის ეს?! ეს ის არის, რომ ვერანაირი გარეშე მტერი იმდენ ზიანს ვერ მოგვაყენებს, რაც საკუთარ თავს შეიძლება დავმართოთ!
არსებითია: დამოუკიდებელი სახელმწიფო მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება იყოს თავისუფალი, ანუ - თავისუფლების პასუხისმგებლობა სისხლში უნდა გვქონდეს გამჯდარი, ყოველი ქმედება ამით, პასუხისმგებლობით უნდა იყოს განსაზღვრული და მისი შედეგები ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე -რაციონალურად გაცნობიერებული!
რატომ ვწერ ამას?! უწინარესად იმიტომ, რომ ნეგატიურად და უარესიც - ნიჰილისტურად გაგებული ე.წ. თავისუფლება, გვანგრევს! ხოლო ის ძალა, ვინც ასეთ ნეგატიურ, ნიჰილისტურ, ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან დაცლილ თავისუფლებას ნერგავს, რათა თავად იბატონოს - დაუძინებელი, ნებისმიერ გარეშე მტერზე გაცილებით საშიში, მტერია!
ნიჰილისტური, ოიკოფობიური ციტადელი - ნაცობა, უნდა დაინგრეს, თუკი საქართველოს მომავალი უწერია!
ხოლო ეს - მტრული ძალის აღკვეთა, ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის ერთობლივი პასუხისმგებლობაა!