ჩვენ ყველას გვინდა, ადამიანებსა და გარემოს კარგად შევეწყოთ - განსაკუთრებით, სამსახურში ყოფნისას. ამის გამო უმეტესობა ჩვენგანი დროისა და ფულის მნიშვნელოვან ნაწილს ფარული დრესკოდებისა და ეტიკეტის ამოცნობასა და დაცვას ვახმართ.
ოფისის ნორმებისთვის ზედმიწევნით მიყოლა იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ გათვითცნობიერებულები და მახვილგონივრულები ვართ და რომ დამსახურებულად გვეკუთვნის ჩვენი სამსახურეობრივი პოზიცია, - აცხადებს, ინდიანას უნივერსიტეტის ბიზნეს-ეკონომიკის ასოცირებული პროფერსორი, რიკ ჰარბა.
მაგრამ, იქნებ, საკითხისადმი განსხვავებული მიდგომა უკეთესი შედეგების მომტანია?
ხალხისგან გამორჩეულობა
გარემოზე მორგების ნაცვლად გამორჩეულობა, შეიძლება, წარმატების მისაღწევად უფრო ჭკვიანური გზა იყოს. წითელი კედების ეფექტი - ეს ფრაზა, რომელიც პირველად გამოცემა Journal of Consumer Research-ში 2014 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში გამოიყენეს, მიემართება იმ ფენომენს, როცა ადამიანები კონფორმისტებზე მეტად ინდივიდუალისტებს აღიქვამენ მაღალი სტატუსისა და კომპეტენციის მქონეებად. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანს, რომლის ჩაცმულობაც პროფესიულ ნორმებს უხვევს, უფრო წარმატებულად, ჭკვიანად და დაფასებულად მიიჩნევენ, ვიდრე იმ კოლეგებს, ვინც დრესკოდს იცავენ.
მაშინ, როცა სილიკონ ველიში არაფორმალური ჩაცმის სტილი სულ უფრო მიღებული ხდება, ექსპერტები ამბობენ, რომ სხვა ინდუსტრიებში არსებული დრესკოდებისადმი ჭკვიანური ფორმით დაუმორჩილებლობა ასევე სასარგებლო შეიძლება იყოს.
ნორმისგან გადახვევა მიანიშნებს, რომ ადამიანი თვითმყოფადია და შეუძლია გაუმკლავდეს არაკონფორმისტულობის ფასს - მაშინაც კი, თუ ეს მას სამსახურის დაკარგვად დაუჯდება. "ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ კულტურული ნორმებიდან გადახვევას აქვს სოციალური ფასი ან მოაქვს უარყოფითი შედეგი", - აცხადებს ნიუ-ორკის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი და ამ დაშვებისგან საპირისპირო შედეგების გამომვლენელი კვლევის თანაავტორი, სილვია ბელეცა, - "ამგვარ რისკზე წასვლა მიანიშნებს, რომ ადამიანს აქვს საკმარისი სოციალური კაპიტალი საზოგადოებაში თავისი სტატუსის შესანარჩუნებლად; მაშინაც კი, თუ განსხვავებულობამ უარყოფითი შედეგები მოიტანა".
სწორედ ამიტომ ცდილობენ ახლადდასაქმებულები, მაქსიმალურად შეერწყან გარემოს, რადგან მათთვის ფსონები უფრო მაღალია. "თუმცა, ბევრმა წარმატებულმა ბიზნესმენმა გადაუხვია ნორმას", - ურთავს ბელეცა, - "მაგალითად, სტივ ჯობსმა, რომელმაც შავი მაღალყელიანი სვიტერი კოსტუმს არჩია".
თუ გვინდა, ჩვენზე კარგი წარმოდგენა შეექმნათ, ცხადი უნდა იყოს, რომ განზრახ ვიქცევით არაკონფორმისტულად. "მაგალითად, თუ პროფესიულ გარემოში კედებით მიხვალთ, ხალხმა შეიძლება იფიქროს, რომ კარგი ფეხსაცმლისთვის ფული არ გაქვთ. ეს არ არის წარმატებული ადამიანის მახასიათებელი," - ამბობს ბელეცა.
წესების დამრღვეველები
შავი მაღალყელიანი სვიტერით, ჯინსებითა და ნიუ ბალანსის სპორტული ფეხსაცმლით, სტივ ჯობსი ტექნოლოგიის სფეროს ერთ-ერთ ყველაზე მარტივად საცნობ პირად იქცა.
მეამბოხეთა ყველაზე ცნობილ მაგალითებს, რომელთა შორის მარკ ცუკერბერგი (თავისი ჰუდითა და ნაცრისფერი მაისურით) ან UK’s Channel 4-ის წამყვანი ჯონ სნოუა (მოდური წინდებითა და მყვირალა ჰალსტუხებით), უმეტესწილად თეთრკანიანი კაცები წარმოადგენენ.
ტექნოლოგიების მსგავს ისეთ ინდუსტრიებშიც კი, სადაც დრესკოდი არც ისე მკაცრია, მაღალი თანამდებობის ქალები, როგორიც, მაგალითად, ფეისბუქის შერილ სენდბერგია, მაინც მეტად ფორმალურ ტანსაცმელს არჩევენ.
ეს, შეიძლება, იმით აიხსნას, რომ მაღალ თანამდებობზე უფრო მეტი თეთრკანიანი კაცია, ვიდრე - ქალი ან უმცირესობის წარმომადგენელი. ამგვარად, თეთრკანიანი კაცებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობაა, დაარღვიონ დაწესებული ნორმები, - აღნიშნავს ასტრიდ ჰომანი, ამსტერდამის უნივერსიტეტის ორგანიზაციული ფსიქოლოგიის პროფესორი, რომელმაც არანორმატიული ქცევის შედეგები გამოიკვლია.
მაგრამ კეტრინ ფილიპსი, კოლუმბიის ბიზნესის სკოლის პროფესორი, რომელიც მრავალფეროვნებასა და მიმღეობას სწავლობს, აღნიშნავს, რომ ქალები და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მუშაობისას დიდი წნეხის ქვეშ არიან. მიზეზი კი ისაა, რომ ისეთ სფეროებში, სადაც თეთრკანიანი კაცები დომინირებენ, ასეთი ხალხი თავიდანვე ვერ ერგება სტანდარტად მიჩნეულ ყალიბს.
მისივე თქმით, შენს პოზიციაზე კომფორტულად უნდა გრძნობდე თავს, რათა წითელი კედების სტრატეგიის არჩევის ფუფუნება გქონდეს. "ქალებმა და ფერადკანიანმა ადამიანებმა თავი წარმატებულად და დაცულად უნდა იგრძნონ, რათა სამსახურში საკუთარი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა შეძლონ. ამის გაკეთება მათ უძნელდებათ, რადგან იმაზე წუხან, მიიღებს თუ არა მათ სამუშაო კოლექტივი", - აცხადებს ფილიპსი.
რა თქმა უნდა, კაცებიც ხდებიან კრიტიკის მსხვერპლი არაფორმალური ჩაცმულობისათვის. წამყვანი რობერტ პესტონი, BBC-ს ყოფილი ეკონომიკის განყოფილების რედაქტორი, ბრიტანეთის ხაზინის ყოფილ კანცლერთან, ჯორჯ ოზბორნთან ინტერვიუს ჩამორთმევის დროს მკერდის თმის გამოჩენის გამო გაკიცხეს.
ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ქალებს, ფეისბუქის შერილ სენდბერგის მსგავსად, არაფორმალურად ჩაცმაში ნაკლები თავისუფლება აქვთ.
კოლუმბიის ბიზნესის სკოლის მეცნიერის, ნამრატა გოიალის, კვლევებმა აჩვენა, რომ არაკონფორმისტული ქცევა, როდესაც ის ისეთ დაუწერელ კანონებს ეწინააღმდეგება, რომლებსაც ხალხი პატივს სცემს, უარყოფით შედეგებს იწვევს. მაგალითად, კლიენტთან შეხვედრისას ჰალსტუხის ტარება თავაზიანობის და დაფასების მანიშნებელია.
"წმინდა" ნორმების დემონსტრაციულად უარყოფამ, შეიძლება, სერიოზული უკუშედეგი გამოიღოს. მაგალითად, რელიგიასთან ან ტრადიციებთან დაკავშირებული დრესკოდის დარღვევა კოლეგების თვალში ანტისოციალურ და შეურაცხმყოფელ ქმედებად აღიქმება.
პესტონის შემთხვევის გასაგებად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბრიტანული პოლიტიკური სივრცე დღემდე ფორმალობებშია გამომწყვდეული. მაგალითად, ის ასწლოვანი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც კაცმა დეპუტატებმა პარლამენტისადმი მიმართვისას ჰალსტუხი უნდა ატარონ, მხოლოდ ახლახანს გაუქმდა.
მოძველებული მიდგომა
რომელ ინდუსტრიებშია წითელი კედების ეფექტი ყველაზე ძლიერი? ტრადიციულში თუ ისეთ თანამედროვეში, როგორიც ტექნოლოგიების სფეროა?
ბელეცა ამტკიცებს, რომ საბანკო და სამთავრობოს მსგავს ტრადიციულ სფეროებში ნორმიდან გადახვევა ყველაზე მეტად ჯილდოვდება, რადგან ეს ქცევა არაკონფორმისტულად სწორედ იქ აღიქმება. "მაგრამ ისეთ ადგილებში, როგორიცაა სილიკონ ველი, ასეთი ქცევა უკვე ნორმადაა ქცეული", - აცხადებს ბელეცა, - "მაისურისა და სპორტული ფეხსაცმლის ტარება ასეთ ადგილებში, უბრალოდ, მეინსტრიმია".
ბრიტანელმა ბილიონერმა, რიჩარდ ბრენსონმა კოსტუმსა და ჰალსტუხზე უარი ჯერ კიდევ 90-იანებში თქვა და ჩაცმის ფორმალური სტილი მკერდთან შეხსნილი პერანგებითა და ჯინსებით შეცვალა.
კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი არის კულტურა, რომელშიც ვარღვევთ ნორმებს. ჰომანმა გააანალიზა, თუ როგორი რეაქცია მოსდევს ნორმიდან გადახვევას სხვადასხვა კულტურაში. კვლევამ აჩვენა, რომ ისეთ ინდივიდუალისტურ კულტურებში, როგორიც დასავლურია, მსგავსი ქცევა ნაკლებ აღშფოთებას იწვევს და ნორმის დამრღვეველი კონფორმისტებზე უფრო ძლიერ პიროვნებად აღიქმება. მაგრამ აღმოსავლეთ აზიისა და ლათინური ამერიკის მსგავს, კოლექტიურ კულტურათა წიაღში ლიდერებად ნორმის მიმდევრებს ირჩევენ, რადგან ისინი საკუთარ მიზნებზე წინ საორგანიზაციო მიზნებს აყენებენ.
გოიალი ამბობს, რომ წითელი კედების ეფექტი ძალიან ინდივიდუალურია, რადგან მას სხვადასხვა კულტურის ხალხი განსხვავებულად აღიქვამს. კვლევა კი ყველაზე კარგი ხერხია იმისათვის, რომ ნორმიდან გადახვევა ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. "იმის გაგება, თუ ვინ არიან თქვენი კოლეგები და სად ფასდება განსხვავებულობის ეფექტი, მისი სწორად გამოყენების წინაპირობაა", - ამბობს ის.