ამერიკელი მსახიობი დენი ტრეხო წლების განმავლობაში სხვადახვა ფილმებსა თუ სერიალებში ყველასათვის საყვარელ პერსონაჟებს ქმნიდა.
მათ შორის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი Spy kids-ში შესრულებული როლი იყო, სადაც ტრეხო აგენტი ბავშვების ბიძისა და ქარიზმატული გამომგონებლის როლს ასრულებდა.
თუმცა, 75 წლის მსახიობმა დღეს ჩვენი ყურადღება არა თავისი რომელიმე როლით, არამედ რეალურ ცხოვრებაში ჩადენილი გმირული საქციელით მიიქცია.
საქმე ის არის, რომ დენიმ ლოს-ანჯელესში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გადაბრუნებულ მანქანაში გაჭედილი ბავშვი გადაარჩინა.
Spy kids-ის ვარსკვლავი ორი მანქანის შეჯახების მომსწრე გახდა, რა დროსაც ერთ-ერთ მანქანაში გაჭედილი ბავშვი შენიშნა, სხვა თვითმხილველის დახმარებით კი ღვედის გახსნა და მისი გამოყვანა მოახერხა.
"ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგი, მხოლოდ სხვების დახმარებით მოხდა", — ამბობს ტრეხო ერთ-ერთ ინტერვიუში და იმასაც იხსენებს, რომ პანიკაში ჩავარდნილ ბავშვს, საკუთარი სუპერძალების გამოყენება და დამშვიდება ურჩია.