„ომი რუსეთმა დაიწყო, ოღონდ სააკაშვილმა უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა“ - მამუკა არეშიძე

„ომი რუსეთმა დაიწყო, ოღონდ სააკაშვილმა უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა“ - მამუკა არეშიძე

სააკაშვილმა იცოდა, რომ რუსეთი ომის დაწყებას აპირებდა, იცოდა, რომ ხაფანგი დაგებული იყო და მაინც შეგნებულად გაჰყო ამ ხაფანგში თავი, - ასე აფასებს 11 წლის შემდეგ აგვისტოს ომს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

როგორც არეშიძე ამბობს, 11 წლის შემდეგაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობები სტაბილურად მძიმეა.

„ვინ დაიწყო ომი?! - ეს სპეკულანტური კითხვაა, რომელშიც ორივე მხარე სცოდავს, როგორც ის, ვინც ამ კითხვას სვამს, ასევე ისიც, ვინც ამ კითხვას ატრიალებს სხვადასხვა კონტექსტში. ჩემთვის პირადად ნათელია და ყოველთვის ამას ვამბობდი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურად ვიყავი განწყობილი სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, ომი რუსეთმა დაიწყო, ოღონდ სააკაშვილმა უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა. მან იცოდა, რომ რუსეთი ომის დაწყებას აპირებდა, იცოდა, რომ ხაფანგი დაგებული იყო და მაინც შეგნებულად გაჰყო ამ ხაფანგში თავი - ეს უფრო დიდი დანაშაულია ვიდრე ის, რომ ომი დაიწყო.

ჩემთვის ეს კითხვა არასდროს არსებობდა და დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში არსებული კითხვა და გაუთავებელი სპეკულაცია არის ჩემთვის და საქმეში ჩახედული სხვა ადამიანებისთვისაც მიუღებელი და უსაგნო" - განაცხადა მამუკა არეშიძემ „ინტერპრესნიუსთან".

მისივე თქმით, პოლიტიკურ წრეებში და მედიის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული სიმართლეს არ შეესაბამება.

„რუსეთს საქართველოს მხოლოდ 20%არ აქვს ოკუპირებული, როგორც ამას ქართული მედია და პოლიტიკური ელიტა ამბობს, არამედ ბევრად უფრო მეტი, ვინაიდან ზღვის აკვადორიაც ოკუპირებულია. ასე რომ, რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებაზე არ შეიძლება ლაპარაკი. ჩვენ გვაქვს სტაბილურად მძიმე ვითარება, ბოლო პერიოდამდე არ შეიმჩნეოდა დამძიმების ტენდენცია, თუმცა გავრილოვის ბოლო ვიზიტმა კიდევ უარესობისკენ შეცვალა რეალობა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამ ვითარებაში საქართველო-რუსეთ შორის არ შეიძლება არსებობდეს კეთილმეზობლური ურთიერთობა", - დასძინა არეშიძემ.