“ჩილეში ლამაზი დილა გათენდა. ყველამ იცის რომ მსოფლიოში მშვიდობის დამყარება ქართველების დამსახურებაა რომელთა შიშითაც ცაზე ჩიტს ვერ გადაუფრენია და მიწაზე ხვლიკს ვერ გაურბენია. პატარა უმბერტო ელ მოლინეროს როგორც იქნა მსოფლიოს საბავშვო წიგნების ბესტსელერი, “ქართული არმია: ფეხებს ვერ მოგვჭამს ვერავინ“, მოუტანა დედიკომ. უმბიკოც დიდის გულმოდგინებით ათვალიერებს სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ახოვან ვაჟკაცებს და თვითონაც ქართულ არმიაში მსახურობაზე ოცნებობს.
აი, თავი ქართველების მიერ რუსეთში ლაშქრობის შესახებ, პირველი გვერდი ასტრახანის აღებას ეთმობა, მეორე გვერდზე წითელი მოედანი ცეცხლში გახვეულა, მესამეზე კი ის ადგილია ნაჩვენები სადაც ოდესღაც დიადი პეტერბურგი იყო ახლა კი... აღარაფერი აღარაა. მხოლოდ გამომწვარი მიწა და შიგადაშიგ ტალახი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ატომურ-ტოქსიკური წვიმა კვლავ გაახარებს პეტერბურგელი მუტანტების გულებს“.
ქართულ ინტერნეტფორუმებზე პროზას, უფრო სწორად კი, ზემოთ მოყვანილის მსგავს მოდელირებულ პროზას ხშირად გადააწყდებით. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამგვარი მოთხრობები ჯერ კიდევ მაშინ იყო პოპულარული, როდესაც სიტყვა: “მოდელირებულის“ მნიშვნელობა საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანმა თუ იცოდა...
მიხეილ სააკაშვილი ამერიკის სურვილს არ ითვალისწინებს და კვლავ უმძრახადაა დიმიტრი მედვედევთან. ამის შესახებ, სტატიასთან – “სააკაშვილი და მედვედევი შეხვედრას თავს შეგნებულად არიდებენ“ – დაკავშირებულ კომენტარებში, მკითხველი – ლევანი წერს:
ლევანი: “მედვედევი, პუტინი და სააკაშვილი იმიტომ არ ხვდებიან ერთმანეთს საჯაროდ (თუმცა ამბობენ, რომ ფარულად მიშა ორივესაც ხვდება და პირადად იღებს დირექტივებს), რომ მათ მოქმედების გეგმა უკვე გაწერილი აქვთ და არაფერი აქვთ სალაპარაკო. მიშამ ხახვივით გაგვყიდა და მისი ხელისუფლებაში მოყვანის შეთანხმებისამებრ მოქმედებს.
მე ძალიან მიკვირს იმ ხალხისა, რომლებიც გამოთქვამენ ათასნაირ ვარაუდებს მიშასა და მისი ზემოთხსენებულ ხელდამსხმელებს შორის ურთიერთობებზე, როდესაც ყველაფერი დღესავით ნათელია. ფაქტები გნებავთ? მათ მრავლად ნახავთ საქართველოს დღევანდელ ცხოვრებაში. ეს იქედნეს ნაშიერი კი აწყობს ათასნაირ წარმოდგენებს ხალხის თვალებში ნაცრის შესაყრელად, მაგალითად ისეთს როგორიცაა ე.წ. ჯაშუშური ქსელის გახსნა, იმ დროს როდესაც თვითონაა პირველი ჯაშუში და რენეგატი. ღმერთო იხსენ საქართველო!“.
მაინც ვერ გავიგე, ეს მიშა რუსების კაცია, ამერიკის, ორივესი ერთად, თუ საერთოდ არაა ეს კაცი მიშა სააკაშვილი და ყველაფერში ფრანკენშტეინის ხელი ურევია.
წინა კვირის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაადგილება, გიგა ბოკერიას უშიშროების საბჭოში გადაყვანა იყო. ეს თემა საკმაოდ ვრცლად განიხილეს სტატიის: “რას შეცვლის ცვლილებები?“ – კომენტარებში.
Patrio: “გიგა ბოკერიას დანიშვნა უშიშროების საბჭოს მდივნად ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ნუთუ არ შეიძლება უფრო კვალიფიციური კადრების მოძებნა ასეთი სერიოზული თანამდებობებისთვის? ჩემი აზრით ამ თანამდებობაზე უნდა იყოს ან პროფესიონალი სამხედრო კადრი დიდი გამოცდილებით, ან პროფესიონალი სპეცსამსახურების მაღალი ჩინის ოფიცერი დიდი გამოცდილებით. გიგა ბოკერია ცოტა არასერიოზულია“.
დავიჯერო, ამ კაცს, საქართველოს ხელისუფლებაში ბოკერიაზე არასერიოზული ხალხი არ უნახავს?
ერიკ კანტონა და ევროპელთა პროტესტი. ანუ, რა უნდა ვისწავლოთ ევროპელებისგან...
maxo999: “რამოდენიმე დღეა გაფაციცებით ვადევნებ თვალს ცნობილი ფეხბურთელის, ერიკ კანტონას მიერ პროტესტის ორიგინალური ფორმის იდეის ხორცშესხმის პერიპეტიებს, რომელიც მიმართულია ევროპის სახელმწიფოების დიქტატის საწინააღმდეგოდ!
ფინანსური კრიზისის შედეგად ევროპის ქვეყნებმა შეამცირეს სოც–პაკეტები და გაზარდეს საპენსიო ასაკი, რამაც “მწყობილებიდან გამოიყვანა” ევროპული საზოგადოება
ფეხბურთელმა - ერიკ კანტონამ, მოუწოდა საზოგადოებას, ანახონ სახელმწიფოს თუ ვინაა რეალურად ძლიერი. სახელმწიფო მანქანა თუ ხალხი და მან გააჟღერა იდეა, რომლითაც ხალხს მოუწოდა ბანკებიდან გამოიტანონ თავიანთი ფული და დახურონ დეპოზიტები. კარგად მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო მანქანა დღეს დგას ბანკებზე და სწორედ მათი მეშვეობით აკონტროლებენ საზოგადოებას...“
ჩვენი ოპოზიციის ლიდერებს (თუ რომელიმე მაინც მართლა ფიქრობს სერიოზულ პროტესტზე) არ აწყენდა ამ გამოცდილების შესწავლა და ხალხამდე მიტანა...
პოლიტ–ჭორი: ბადრი პატარკაციშვილის 2.5 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ, მიშა რუსებს WTO-ში გაწევრიანებაზე დათანხმდება...
Beelphegor: “რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელდა ინფორმაცია მიშას ლონდონური ვიზიტის საიდუმლო დეტალებზე, “ნოვაია გაზეტას“ ცნობით, მიშა შეხვდა რუს ბიზნესმენ ვ. ანისიმოვს (“მეტალოინვესტი”) ,რომელსაც არაოფიციალურ დონეზე კრემლიდან დაევალა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) რუსეთის საწინააღმდეგო ქართული ვეტოს არ დადების სანაცვლოდ მიშასთან “დაახლოებული ბიზნესმენებისათვის” ბადრის $2.5 მილიარდიანი ქონების “დაპადაგრევება”.
ამ საიდუმლო შეხვედრის მოტივაცია კი 4-5 წელიწადში საქართველოსთან ურთიერთობის და ურთიერთობის აღდგენის მიზნით იატაკქვეშა დიალოგის დაწყება (თუ პუტინი 2012-ში კრემლში არ დაბრუნდება). მოკლედ, მკვდარი “დეზ-იხვები“ ისევ შემოგვიფრინეს“.
ანუ, დავუჭერთ WTO-ში რუსეთს გასაწევრიანებლად მხარს?ერთ-ერთი იარაღი (თუ ერთადერთი არა) ეს გვაქვს, რომ რუსები გავამწაროთ და ამაზეც უარს ვამბობთ? კონგენიალურია...
ერთ–ერთი აქტიური ფორუმელი ფიქრობს, რომ ჩვენი პრობლემების სათავე, რეალური პროფკავშირების არარსებობაა.
Mdogvi: “თუ დავაკვირდებით მსოფლიო გამოცდილებას, საზღვარგარეთის ნებისმიერ ქვეყანაში საპროტესტო აქციებს კონკრეტულ სოციალურ პრობლემებზე იწყებს ამა თუ იმ დარგის (სფეროს) პროფესიული გაერთიანება და მხოლოდ ამის შემდეგ ერთვებიან უმეტესწილად პოლიტიკური პარტიები მათ აქციებში.
ანუ, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში პროტესტის გამომხატავი , “პირველი სკრიპკები” პროფკავშირები არიან. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
და, როგორც წესი, კონკრეტული დარგის კონკრეტული პროფგაერთიანება აყენებს ძალიან კონკრეტულ საკითხებს, რომელიც როგორც წესი ხელისუფლებასთან დიალოგის შემდეგ რაღაც კომპრომისულ კონდიციას ღებულობს და ამის იქით აქცია აღარ ვითარდება.
წარმოიდგინეთ, 8 სკოლის დირექტორი საზღვარგარეთ რომ გაეთავისუფლებინათ ისე როგორც ჩვენთან გაათავისუფლეს, რა მოხდებოდა. ჩვენთან ამ ბედოვლათ პროფკავშირს არც კი წაუკნავლია. შედეგი - ხალხი იწყებს პირდაპირ არა განათლების მინისტრის, არამედ მთავრობის გადადგომას“.
საქართველოში ხშირად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც კი ბოლო მომენტში თავს იკავებენ (ზედმეტად გასაგები მიზეზების გამო) პროტესტისაგან და რა გასაკვირია, რომ პროფკავშირებიც მათ გეზზე იდგეს...
კვირის ფორუმული კითხვა: როგორი ჯანდაცვის სისტემა გვაქვს? ჯანმრთელობას იცავს თუ, ვნებს?
Ecclesiast: “ყველას გვიწევს ჯანდაცვის სისტემასთან შეხება. შეაფასეთ, თქვენი აზრით, როგორია. როგორია მედიკამენტების ხარისხი და ფასები, ექიმების პროფესიონალიზმი, მომსახურების ხარისხი და ფასი და აშ.
მოყევით თქვენი გამოცდილების შესახებ ამ სფეროსთან შეხებისას.
ჩემი მაგალითიდან შეიძლება ვთქვა, რომ საშინელია, ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნე. ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჯანდაცვა. მედიკამენტების ფასები და ხარისხი ხომ გასაგებია, როგორია! და რაც დღეს ვნახე მიხაილოვის საავადმყოფოში საერთოდ კატასტროფაა. ერთი ბიჭი სასწრაფოთი ყბა სახის დაზიანებით მიიყვანეს ერთ-ერთ საავადმყოფოში, საიდანაც მიხაილოვში გადმოამისამართეს რადგან შესაბამისი პროფილის ექიმი ჩვენ არ გვყავს “მიხაილოვში“ ყავთო. “მიხაილოვში“ მან მიიღო პირველადი დახმარება და დაუდგინეს ტვინის შერყევაც. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმ პროფილის ექიმი, რომლის გამოც აქ გადმოამისამართეს აქაც არ ყავდათ“.
კომუნისტების დროინდელი ანეკდოტი:
- რას აკეთებენ ექიმები?
- პაციენტებს არჩენენ...
- პაციენტები რას აკეთებენ?
- ექიმებს არჩენენ.
ბოლოს და ბოლოს, არის თუ არა ქვეყანაში დიქტატურა?
Nam: “მთავარი შემოქმედი ამ დიქტატურის კი, ვფიქრობ, არის მოსყიდული მედია და მისი ადმინისტრაციული რესურსი რომელსაც სოფისტურ სტილში შეუძლია მთავრობის ნებისმიერი იდიოტობა დანაშაული და შეცდომა გაამართლოს. ეს ხალხი ჩემი აზრით რეალურად ნებით თუ უნებლიეთ წარმოადგენენ ქვეყნის მტრებს, ...არიან რა მთვრობის ბნელი საქემეების გამმართლებლები ისინი თავადაც ეზიარებიან ამ საქმეებს“.
და შენ, “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიით“, საზოგადოებრივი მაუწყებლით, “იმედით“ არ ისმენ ყოველდღე რომ პირველ ადგილზე ვართ რეფორმების მხრივ?
რომ აქ ბიზნესი ყვავის? რომ აქ მიშა დ ამისი პარტია უპირობოდ ლიდერობს?
დასასრულს კი, კვლავ მოდელირებული სამყარო წარმოვიდგინოთ. მაგალითად – მოდელირებული 2011 წელი...
რეჟისორი: “სააკაშვილის გამოსვლა ყანდაურას ველზე მოწყობილ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე: “ბევრს ეცადა ეს მუწუკი შაშკინი, რომ დაენგრია ჩვენი განათლების სისტემა, ჩვენი ბავშვები გაეხადა ოროსნები, სკოლა ექცია ციხედ... მაგრამ ნურას უკაცრავად! ჩვენმა “ხერხემალმა“ მისი ფესვების შესწავლისას აღმოაჩინა, რომ ეს კაცი (სხვათაშორის წარმოშობით რუსი) ერთდროულად იყო “გრუს” და “ფსბს” აგენტი კოდური სახელით – “ბლანჟე” და მას პირადად პუტინი კურირებდა ჩვენი განათლების სისტემის დასავლურდემოკრატიული გზისკენ სვლის შესაფერხებლად...“..
ჩვენ თუ კიდევ შეფერხება გვინდა...