„რუსთავი 2"-ის ახალი მფლობელი საინფორმაციო სამსახურის უფროსის შეცვლას გეგმავს. „კურიერს" ამ დროისთვის ნოდარ მელაძე ხელმძღვანელობს, თუმცა, შესაძლებელია ის დავით ნიკურაძემ შეცვალოს. ნიკურაძე ვაშინგტონში „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტია. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, დავით ნიკურაძეს საინფორმაციო სამსახურის უფროსობა თავად ქიბარ ხალვაშმა შესთავაზა.
„მე არ შემითავაზებია არავისთვის არაფერი, დირექტორი სთავაზობს და დირექტორს ჰკითხეთ. საინფორმაციო სამსახურის უფროსებს მე არ ვცვლი", - განუცხადა „პრაიმტაიმს" ხალვაშმა.
კითხვაზე ისურვებდა თუ არა დავით ნიკურაძეს საინფორმაციო სამსახურის უფროსად, ხალვაში პასუხობს: „ნიკურაძის მსგავსი ჟურნალისტი ძალიან იშვიათია"
დავით ნიკურაძესთან შეხვედრას ადასტურებს „რუსთავი 2"-ის დირექტორი პაატა სალიაც, თუმცა, მისი თქმით, ცვლილებები არ იგეგმება.
„გუშინ შევხვდით დავით ნიკურაძეს, ვისაუბრეთ მის სამომავლო გეგმებზე. ვისაუაბრეთ, რომ ის გააგრძელებს მუშაობას ვაშინგტონში. შესაბამისად, რამე ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა. ამ შეხვედრას სხვა არავინ ესწრებოდა", - უთხრა „პრაიმტაიმს" პაატა სალიამ.