ქიბარ ხალვაშის შეხვედრა ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალთან დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ, ხალვაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან „რუსთავი2"-ის დამფუძნებლებს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა.
„შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე „რუსთავი2"-ის 40%, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყე, მაგრამ არც ისეა, რომ ხვალ ამაზე საუბარი არ გაგრძელდეს. თვითონაც მითხრეს წინადადება, რომელიც ჩემი მხრიდან საფიქრალია. მოვიფიქრებ",-განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. იმავე დღეს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორი ნიკა გვარამია გაათავისუფლა და მის ადგილზე საქმის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.
ცნობისთვის, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.
იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2"-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.
სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღეში, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2"-ის მესაკუთრეა და ტელეკომპანიის 100%-იანი წილი ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, თუმცა ხალვაში ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.
ტელეკომპანიასთან დაკავშირებით დანებებას არ აპირებენ ძმები ყარამანიშვილები და ნიკოლოზ ნაყოფია.
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" საკონტროლო პაკეტის ყოფილი მფლობელი კომპანიის „ტვ საქართველოს" 50%-იანი წილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, კობა ნაყოფიას შვილმა, ნიკოლოზ ნაყოფიამ შეიძინა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული ცვლილება 2018 წლის 16 აგვისტოს დარეგისტრირდა.
წილების გასხვისებამდე „ტელეკომპანია საქართველოს" 60% და 40%-ს ლევან და გიორგი ყარამანიშვილები ფლობდნენ. ცვლილების შედეგად, მათი წილი 25%, 25%-მდე შემცირდა.
პრაიმ-ტაიმი.