ამბობს, რომ ვუყვარვართ, მაგრამ მტერია - გავრილოვი ქართული ფესვებით

ამბობს, რომ ვუყვარვართ, მაგრამ მტერია - გავრილოვი ქართული ფესვებით

სერგეი გავრილოვის ვიზიტმა, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მისმა გამოჩენამ, საზოგადოების დიდი პროტესტი გამოიწვია.

გთავაზობთ რუსი დეპუტატის ბიოგრაფიას, რომელსაც ქართული ფესვები აქვს. გავრილოვის დედა მამით ქართველია. რუსი დეპუტატის ბაბუა გრიგოლი ლომთაძე იყო, რომელიც საქართველოშია დაკრძალული.

გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი გავრილოვი რაღაც პერიოდი თბილისში, კერძოდ საბურთალოზეც ცხოვრობდა, თუმცა ოფიციალურ მონაცემებში ასეთი ჩანაწერი არ იძებნება. თავად რუსი დეპუტატი, გაზეთ “კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მას საქართველო და ქართველი ხალხი ძალიან უყვარს და ჩამოსვლას კიდევ გეგმავს.

„მე მიყვარს საქართველო, ქართველო ხალხი და ქართული კულტურა. ბაბუაჩემი საქართველოშია დაკრძალული და საქართველოში მომხდარი პროვოკაციის გამო, მისი საფლავის მონახულება ვერ მოვახერხე. მე ძველებურად მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობების გამოსწორება“, -განაცხადა გავრილოვმა.

აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვი 2019 წლის 20 ივნისამდეც ყოფილა საქართველოში. კერძოდ, 2013 წელს 7 ივლისს გავრილოვი თბილისის “დინამოსა“ და მოსკოვის “დინამოს“ შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო.

მაშინ რუსი დეპუტატი რუსილი ბანკის “ვი-თი-ბის“ სათათბიროს წევრი იყო და ეს ბანკი აპირებდა თბილისური კლუბის დაფინანსებას.

ცნობისთვის, მაშინაც რუს დეპუტატს, თბილისის “დინამოს“ გულშემატკივარმა საპროტესტო აქცია მოუწყო. იმ პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა განაცხადა, რომ გავრილოვმა ჩამოსვლით დაარღვია საქართველოს ეროვნული ღირსება, რადგან 2008 წელს აგვისტოს ომის დასრულებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

კენჭისყრაში მონაწილე დეპუტატებიდან წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია, მხოლოდ დუმის სამმა წევრმა შეიკავა თავი კენჭისყრაში მონაწილეობისგან. სერგეი გავრილოვი ერთ-ერთია იმ 447 დეპუტატს შორის, ვისაც ხმა აქვს მიცემული აფხაზეთისა და ცხივალის რეგიონის დამოუკიდებლობელ ქვეყნებად აღიარებაზე.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთის ომში, ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. თუმცა, ღია წყაროებში გავრილოვის აფხაზეთის ომში მონაწილეობის დამადასტურებელი ჩანაწერები არ იძებნება. თავად სერგეი გავრილოვი 1966 წელს ტულაში დაიბადა. 1989 წელს დაამთავრა მოსკოვში ლომონოსოვის უნივერსიტეტი. 1993 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - მომავალი საზოგადოების ცნებები რუსული ანარქიზმის ეკონომიკურ თეორიებში. 90-ან წლებში რამდენჯერმე სცადა პარლამენტში მოხვედრა, თუმცა წარუმატებლად. გავრილოვს მესამე მცდელობისას გაუმართლდა და 2007 წელს დუმის დეპუტატი გახდა. არის რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წევრი. რუსეთის დუმაში სწორედამ პარტიიდან მოხვდა. ასევე ის არის ფრაქციათაშორისი ჯგუფის კოორდინატორი ქრისტიანული ფასეულობების დაცვის კუთხით. დაჯილდოებულია რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.

შეგახსენებთ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში 20 ივნისს დელეგაცია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრა. სერგეი გავრილოვმა სხდომის წასაყვანად პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. ეს მოქმედება პარლამენტში მწვავედ გააპროტესტეს. ამ ფაქტს საყოველთაო პროტესტიც მოჰყვა, რაც პარლამენტთან მრავალათასიან მიტინგში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ. კობახიძე მეორე დღეს გადადგა.

გიორგი გახარია კი დღემდე იკავებს პოსტს. საპროტესტო აქციები გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით ერთ თვეზე მეტია იმართება.