„აბა, ერთი მე მკითხეთ, 1979-ში, 81-ში ან 83-ში რომ მიჭერდნენ, როგორ მეპყრობოდნენ!“

„აბა, ერთი მე მკითხეთ, 1979-ში, 81-ში ან 83-ში რომ მიჭერდნენ, როგორ მეპყრობოდნენ!“

შევარდნაძის დროიდან მოყოლებული დღემდე უამრავი მიტინგი დაშლილა ძალისმიერად. ყოველი დარბეული აქციისას ხალხს ასოციაცია უჩნდებოდა 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობისდროინდელ მილიციასთან, რომლებმაც 9 აპრილს ქართველ ხალხზე ხელის აღმართვა არ ისურვეს და ოკუპანტების სამსახურში არ ჩადგნენ.

რეალურად როგორი გზა გაიარა ქართულმა მილიციამ, სანამ ის ქართველი ერის სამსახურში ჩადგებოდა და გააცნობიერებდა, რომ ოკუპანტს კი არა, ქართველ ხალხს უნდა ემსახუროს?!

ეროვნული მოძრაობის წიაღიდან წამოსული ადამიანები იხსენებენ, რომ ეროვნულ რელსებზე ქართველი სამართალდამცავების გადაყვანა არც ისე მარტივი აღმოჩნდა და ეს პროცესი ეროვნული მოძრაობის მიერ სიტუაციის მორალურად გადატეხას დაუკავშირდა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას იხსენებს, რომ 9 აპრილს მაშინდელმა ქართულმა მილიციამ ნამდვილად კარგად იმუშავა იმისთვის, რომ მომიტინგეები გაერიდებინა სახიფათო ადგილიდან და ნაკლები სისხლი დაღვრილიყო. უფრო ადრინდელ პერიოდში კი, ეროვნული მოძრაობის საწყის ეტაპზე იყო შეტაკებები, შეხლა-შემოხლა, დაპატიმრებები, შემდეგ ისევ გამოშვებები და ეს პროცესი ორი წელი მაინც გრძელდებოდა.

„თუ მაინცდამაინც პარალელებზეა საუბარი, იმ პერიოდში რეზინის ტყვიები არ იყო, უფრო ხელკეტებს იყენებდნენ, ოღონდ არა ისეთი ფორმით, როგორც 9 აპრილს და მის შემდგომ „ნაცმოძრაობის“ პერიოდში. პარალელს 9 აპრილთან ძირითადად მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები ავლებენ და ეს ძალზე სიმპტომატურია, რადგან „ნაციონალებს“ უნდათ, 20 ივნისის მოვლენები შეადარონ 9 აპრილს, რათა არ წამოტივტივდეს 7 ნოემბერი და 26 მაისი, რომელზეც საუბარი მათ არ აწყობთ.

„ნაციონალებს“ საზოგადოება მიჰყავთ სხვა მიმართულებით და გვახსენებენ 1989 წლის 9 აპრილს, რაც არ არის სწორი პარალელი, რადგან 9 აპრილს ჩვენ იმპერია გვებრძოდა და, ცხადია, ბოროტების იმპერიამ ბოროტება გააკეთა, 7 ნოემბერს, 26 მაისს და 20 ივნისს კი ჩვენ საკუთარი ხელისუფლება გვებრძოდა. ეს არის განსხვავება 9 აპრილთან შედარებით და ეს გაცილებით დიდი უბედურებაა, ვიდრე ის, რომ ოკუპანტი და ბარბაროსი გებრძვის. რაც 9 აპრილს მოხდა, ამას ვერაფერი გაამართლებს, მაგრამ გასაგები მაინცაა, რადგან რუსეთი მტერია, ხოლო, როდესაც საკუთარი ხელისუფლება თვალებს გთხრის, ამის გამართლება რთული, ძნელი და შეუძლებელია“,-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ დღეებში რატომღაც ჩვენი ძველი მილიციის გაფეტიშება ხდება, მაგრამ ეროვნულ მოძრაობასთან შედარება სწორი არ არის, რადგან ეს სრულიად განსხვავებული ეპოქებია.

„აბა, ერთი მე მკითხეთ, 1979-ში, 81-ში ან 83-ში რომ მიჭერდნენ, როგორ მეპყრობოდნენ, რა იარაღს იყენებდნენ ჩვენს დასარბევად და გასალახად? მოგვიანებით ეროვნულმა მოძრაობამ სიტუაცია მორალურად გადატეხა და იმდროინდელი ბევრი მილიციელი უკვე ჩვენი მეგობარი გახდა. დღესაც ძალიან ბევრ ცნობილ მილიციელთან ვმეგობრობ და ძველ ამბებს იუმორში ვიხსენებ. იმ წლებში მილიციელები შეიცვალნენ, რადგან ისინიც ადამიანები არიან, ქართველები არიან, მათაც პატარა ბიძგი სჭირდებოდათ, რომ შეცვლილიყვნენ. თორემ, გავიხსენოთ, მაშინდელი უშიშროება როგორ მუშაობდა, მარიამ ბაღდავაძე რა წამებაში იყო... კგბ-ს იზოლატორში ჩემს პერიოდში უკვე ცემა აღარ იყო, ცემა თუ უნდოდათ, გადაჰყავდათ ორთაჭალაში, გუბერსკის ციხეში და იქ აწამებდნენ, მერე გადმოიყვანდნენ კგბ-ს იზოლატორში და უკვე აქ მიდიოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა“,-აცხადებს მამუკა გიორგაძე, რომლის თქმითაც, დღესაც, სანამ ოპოზიციას მორალური უპირატესობა არ ექნება, მანამდე ეს პროცესები არ შეიცვლება.

მამუკა გიორგაძის აზრით, პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლება ოპოზიციად ისეთ ძალას გვთავაზობს, რომელსაც არასოდეს არ ექნება მორალური უპირატესობა. ამიტომ დანარჩენი საზოგადოების ვალია, თავად შექმნას და მოედანზე გაიყვანოს ისეთი ძალა, რომელსაც მორალური უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა ექნება ხელისუფლებაზე და ხელისუფლება ვეღარ გამოიყენებს ამ მეთოდიკას, როდესაც კანონის დარღვევით დარბეულ აქციაზე საქართველოში ვიღაც იტყვის, ახია „ნაცებზეო“. ამიტომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ცხადია, ხელისუფლებაზეა, მაგრამ პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანზეა, რადგან ინიციატივას „ნაცმოძრაობას“ ვუთმობთ, ინიციატივას იმ ადამიანებს ვუთმობთ, რომლებიც ვერასოდეს მოახერხებენ ქართველი ხალხის ძირითადი ნაწილის შეკვრას ერთიანი მიზნით აქციაზე გასაყვანად. აქ დგება ჩვენი მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რადგან ამის გაკეთება შეგვიძლია და ვერ ვაკეთებთ, ან არ ვაკეთებთ ამას.

„სახალხო პარტიის“ ლიდერის მოსაზრებით, ბუნებაში არ არსებობს ისეთი არგუმენტი, რომელიც ახალგაზრდა გოგოსთვის სახეში მიბჯენით სროლას გაამართლებს.

„შე კაი დედმამიშვილო, ყველაზე მარტივს გეტყვი, რკინებშია მთელი პარლამენტის შენობა მოქცეული, რატომ დგას პოლიცია რკინის წინ, დააყენე რკინის უკან. ვერც ერთი ქმედებით ეს ვერ გადაიფარება. თუ დამნაშავეა, დაიჭირე ბატონო, მაგრამ შენ რომ გადაამეტებ, შენც აგე პასუხი. ამის ნაცვლად ხელისუფლება გვეუბნება, დამნაშავენი სხვები არიან, მაგრამ თავად მე პასუხს არ ვაგებო. ჩვეულებრივ მოქალაქეს დილემად რატომ მიჩენს ხელისუფლება, რომ ორ უკანონო ქმედებას შორის ერთი მათგანი ავირჩიო?! რომლის მხარეზე დავდგე?! რეალურად, ყოველთვის პასუხისმგებელია პოზიცია და არა ოპოზიცია“, - აცხადებს მამუკა გიორგაძე.

 

thrgg@yahoo.com მაგრადა გვაქვს რამსები არეული, რა გინდათ თქვით ბოლოსდაბოლოს, გინდათ სახელმწიფო თუ არა, ყველას ჭკუის ქეიფზე ვიაროთ თუ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, დამნაშავე დაისაჯოს თუ არა, მივცეთ ხელისუფლებას საშუალება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე იფიქროს თუ არა, და ასე შემდეგ...
თვალების დათხრა ვისი პოლიტიკური პრეროგატივა იყო კარგად ვიცით, რაც 20 ივნისს ხდებოდა ის რომ სხვა ქვეყანაში მოხდეს, ნამდვილ ტყვიებს დაუშენენ ხალხს 100%-ით. რა გინდათ ჩამოყალიბდით და თუ სერიოზული რამე იქნება ქვეყნისა და ხალხის სასიკეთო ერთად გავაკეთოთ...
5 წლის უკან