თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება მათმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ უკვე მიიღო.
"დღეს 11:00 საათზე ჩაგვბარდა და ახლა მოსწრებაზე ვარ, რომ გავასაჩივროთ", - განუცხადა მან BM.GE-ს.
მისივე განმარტებით, 2019 წლის 26 ივლისს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გამოეცხადათ მოსამართლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე დაახლოებით 19 სთ-ზე. სსსკ 207-მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი, განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 48 საათში.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც პროკურატურის განმარტებით, თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით).
პროკურატურა ბრალდებულებისთვის გირაოს სახით 1-1 მლნ ლარის შეფარდებას ითხოვდა.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ჩაინიშნა.