„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენება გამოძიების მიმართ ბევრ კითხვას აჩენს. არასამთავრობო სექტორი გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, წარმოადგინოს და გაასაჯაროვოს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელიც ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბრალეულობას ადასტურებს, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები ბრალდების სხვა მოტივებთან დაკავშირებით.
ამ სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ეხება, კითხვები აქვს აშშ–ის საელჩოს. საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ–ი ყურადღებით აკვირდება გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
„ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით. მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.
ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“, – ნათქვამია აშშ–ის საელჩოს განცხადებაში.
for.ge–სთან საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ საელჩოს განცხადება პირდაპირ გამოხატავს მათი ხელისუფლების პოზიციას. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ შანტაჟის ენით დაიწყო საუბარი აშშ–თან. შესაბამისად, ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ასეთ შანტაჟზე აშშ–ის პასუხი იქნება ძალიან მძიმე.
დღეს რატომ დასჭირდა გენერალურ პროკურატურას უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენება და ამის ფონზე, რამდენად მკაცრია და რაზე მეტყველებს აშშ–ის საელჩოს განცხადება?
გია ხუხაშვილი: ხელისუფლებამ ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყო. ამოცანა აქვს ძალიან მარტივი – ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი მეთოდით. ძალაუფლების კონტექსტში მისი მოქმედებების არსი არის ის, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ყველაფერზე წამსვლელები არიან. მათ ერთი მხრივ ანაკლიის პორტში დაინახეს ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტი.
გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც ჩანს, აშშ დაინტერესებულია ამ პროექტის განხორციელებით, იგივე შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. საქართველოს ხელისუფლება ახლა ევაჭრება აშშ–ს – რად გინდა ხაზარაძე, მე გავაკეთებ ამ პროექტს გრძელვადიანი პოლიტიკური გარანტიების სანაცვლოდ. ამით უნდათ შექმნან სიტუაცია, როდესაც აშშ თვალს დახუჭავს შიდა პოლიტიკურ პროცესში, თუნდაც ამ ტიპის ქმედებაზე, რასაც ახლა ხაზარაძესთან მიმართებაში ახორციელებენ. ეს ძალიან სახიფათო თამაშია, იმიტომ რომ, აშშ–თან ასე შანტაჟის ენაზე ლაპარაკი წარმოუდგენელი სიბრიყვეა. ცეცხლს ეთამაშებიან. ბოლო პერიოდის მოვლენებს თუ გავიხსენებთ, კონტექსტში იკითხება კაპიტულანტური ნაბიჯები რუსეთის ხელისუფლების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ გაბუნია პროვოკატორია, ყველაფერი იკითხება ასე – თუ შენ არ მომცემ გარანტიებს, ასეთ შემთხვევაში იძულებული გავხდები, რომ ცოლად გავყვე ჩრდილოელ მეზობელს. ასეთი კონტექსტები იკითხება აქ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მძიმე საყურებელია.
ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, თან ისე, რომ მე ეჭვი მაქვს, ამას ვერ ხვდებიან. არ მინდა იმის თქმა და არც ვამბობ, რომ პრორუსი ხელისუფლება არის, თუმცა ასეთი ტიპის ქმედებით თვითონ მიექანებიან იქით, საითაც თითქოსდა, რიტორიკულად, არ უნდათ.
ერთი წამით დავუშვათ, რომ სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა მამუკა ხაზარაძეს, ასეთ შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ პროცესების განვითარება?
– რა მნიშვნელობა აქვს, დააპატიმრებენ თუ არა ხაზარაძეს, ანაკლიის კონსორციუმს ზიანი უკვე მიაყენეს. წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ პოტენციური ინვესტორი, ფულის ჩადება გინდათ პროექტში და ამ დროს გეუბნებიან, რომ ამ პროექტის ხელმძღვანელი ფულის გათეთრებაშია ბრალდებული. ეს საკმარისია იმისათვის, რომ ფული არ ჩადო. ანუ, ფაქტობრივად, პროექტი უკვე დანგრეულია იმისდა მიუხედავად, ხაზარაძეს დააპატიმრებენ თუ - არა. ამას ყველაფერს, რა თქმა უნდა, ემატება ისიც, რომ შიდა პოლიტიკურ პრიზმაში ხაზარაძე რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ხელისუფლებისთვის.
იმიტომ რომ, პოლიტიკურ ველზე შემოვიდა? ეს უქმნის ხელისუფლებას საფრთხეს?
– იმიტომ რომ, ხელისუფლებისთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი ინსტრუმენტი არის არასიმბიოზური ურთიერთობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ანუ, კეთილი ძალა ვარ მე და არის ბოროტი ძალა „ნაციონალური მოძრაობა“. სხვა ამ სამყაროში არაფერი არ არის, ამ ნარატივით ყველა არჩევნებს იგებენ. ფაქტობრივად, ადამიანებს ფსიქოლოგიურად ანადგურებენ და მერე მანიპულირებენ მათზე, რომ ცუდსა და უარესს შორის გააკეთონ არჩევანი. ერთმანეთს კვებავს ეს ორი ძალა. ხაზარაძის შემოსვლა ამ მოედანზე, რა თქმა უნდა, მათთვის მიუღებელია და ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებს.
თქვენ აღნიშნეთ, რომ აშშ–ს ევაჭრება ხელისუფლება, როგორ ფიქრობთ, რა შედეგით დასრულდება ეს ვაჭრობა?
– მარტივ რაღაცას გეტყვით – ასეთ შანტაჟზე აშშ უპასუხებს ძალიან მძიმედ. შეიძლება პირდაპირ არ უპასუხონ, რაღაც მომენტამდე გადადონ, მაგრამ აუცილებლად დასჯიან. იმიტომ რომ, წარმოიდგინეთ საქართველო, რომელიც ტრამპმა რუკაზეც კი არ იცის სად არის, შანტაჟის ენით ესაუბრება. ბუნებრივია, ასეთ ხელისუფალს პერსპეტივა არ აქვს. ფაქტობრივად, ამ ქმედების გამო საქართველო აშშ–ის ადმინისტრაციის შავ სიაშია შეყვანილი. აშშ ირანს არ ევაჭრება, იქ ინარჩუნებს პრინციპულობას და საქართველო, როდესაც ასე ორი თითით უწყებს ლაპარაკს... ამიტომ გეუბნებით, რომ ცეცხლს ეთამაშებიან და ამიტომ ვერ ხვდებიან ამას.
მე მეჩვენება, რომ ხელისუფლება არის აფექტის მდგომარეობაში. აფექტის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი რას იზამს, ჩემთვის ძნელად პროგნოზირებადია. შეიძლება ითქვას, რომ მე ყველაზე კარგად ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, ყველაზე ხშირი ურთიერთობა მქონდა, დაახლოებით, შემეძლო წარმომედგინა და პროგნოზი გამეკეთებინა, რა შეიძლება მომხდარიყო. დღეს უკვე არ შემიძლია. ეს არ არის ის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მე ვიცნობდი. ეს არის სულ სხვა ადამიანი.
ბატონო გია, უშვებთ ვერსიას, რომ სხვა მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდეს ამერიკის ხელისუფლების ოფიციალურ პირებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, გარდა ამ ხმაურიანი განცხადებისა, რომელიც აშშ–ის საელჩომ გაავრცელა?
– თქვენ იცით, როგორ მუშაობს საელჩო? როგორც წესი, საელჩო ახმოვანებს აშშ–ის ხელისუფლების პოზიციას. შეიძლება ვიღაცა გაგზავნილია და ვიღაცეებთან არის ლაპარაკი, მე ეს არ ვიცი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას. აშშ–ის პოზიცია არის ის, რაც გაავრცელა საელჩომ. ამათმა ვინც არ უნდა აგზავნონ და რაც არ უნდა იჩალიჩონ, ეს არასერიოზულია. მათ უკვე შანტაჟის ენაზე დაიწყეს ლაპარაკი და ამ ენაზე აშშ საქართველოს ხელისუფლებას არ დაელაპარალება. თუ გარიგება უნდოდათ, სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო და არა შანტაჟით. რადგან შანტაჟი დაიწყეს, ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები არის დახურული.
ანუ, თქვენ გამორიცხავთ, რომ ხელისუფლებაზე გარკვეული გავლენა მოახდინოს აშშ–ის საელჩოს ამ განცხადებამ?
– როგორც ჩანს, დღეს ხელისუფლებისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია ძალაუფლების შენარჩუნება. ისინი თავს გრძნობენ კედელთან მიყენებულად და ამიტომ კონტექსტში ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან ამ მიზნის მისაღწევად, ეს იგრძნობა ყველგან. ეს ბლეფია, თუ რამდენად მძიმე განწყობაზე არიან, ამის თქმა გამიჭირდება. ყველა ვარიანტი დასაშვებია.
აქამდე ხომ თავს გვასკდებოდნენ პოტენციური ინვესტორები ანაკლიის პორტის აშენებაში მიგვაღებინეთ მონაწილეობაო? იყო შემოსული ჩინური კონსორციუმი და აუკრა იმათ აშშ-მ გუდა ნაბადი. ახლა კეთილი ინებოს აშშ-მ და გამოყოს სახსრები, კომპანიები, პერსონალი და თითონ ააშენოს ეს პორტი! უნდა ხაზარაძე დანიშნოს გენ. დირექტორად, უნდა ჯაფარიძე. იხმაროს ეს პორტი თავის ჭკუაზე, ოღონ გადასახადები იხადოს საქართველოს ბიუჯეტში. ვითხოვ ხუხაშვილი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტის შესალახად სისტემატიურად გაკეთებული განცხადებების და პროგნოზების გამო!
რატომ ვერ ეშვებიან თქვენი ჟურნალისტები ჭაობში ჩარჩენილ კინალოკოებთან, ასოებთან, უგზო-უკვალოდ "განათლებულ" საქართველოზე "გულდამწვარ" ექსპეტელებთან (იგივე მოკიკინეებთან) ღლიცინს?!
ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ მექსიკური და თურქული სერიალებივით აცხობენ ინტერვიუებს, რომლის შინაარსი წაკითხვის გარეშეც ვიცით!!!!!!!!!!!!!..............
ცოტა მიდექით, მოდექით და რეალურად მოაზროვნე ადამიანები მოძებნეთ, თორემ ხომ ხედავთ შარშანდელი თოვლივით "მიიპარებიან" საიტიდან ბლოგერები და იუზერები.
თუ ასე არ არის, გადახედეთ თქვენ პუბლიკაციებს, ან გვითხარით მაცბოზბანდას და გვარამიას ნებდებით და თქვენ, თქვენ თავებს მიხედეთქო!...
პატივისცემით, ედ. გაგელი, იგივე "მავერიკი"