„ქართული აკადემიის“ მიმართვა მამუკა ბახტაძეს: „მოუსმინეთ პროფესიონალებს, მეცნიერებს - საფუძვლიანად გაიაზრეთ განათლების სტრატეგია“

„ქართული აკადემიის“ მიმართვა მამუკა ბახტაძეს: „მოუსმინეთ პროფესიონალებს, მეცნიერებს - საფუძვლიანად გაიაზრეთ განათლების სტრატეგია“

საქართველოს პრემიერ-მინისტრს,

ბატონ მამუკა ბახტაძეს

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

თქვენდამი ეს ღია მიმართვა 20 ივნისის წინ დაიწერა, როდესაც განათლების, მეცნიერების, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, გაახმოვანა რამდენიმე „ფუძემდებლური“ მოსაზრება, რომლებსაც, როგორც ჩანს, უნდა დაეყრდნოს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რეფორმის მორიგი ტალღა. ბუნებრივია, ქვეყანაში განვითარებული ვნებათაღელვათა „კასკადის“ გამო მიმართვის გამოქვეყნება გადავდეთ. თუმცა ვთვლით, რომ ახალგაზრდა თაობის განათლების საქმე და საამისო სისტემა ქვეყნის მომავლისა და მისი რაობისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის, ფუნდამენტური პრობლემაა - განათლების კრახი ერის კრახია. თქვენგანაც მოველით შესაბამის შეფასებასა და რეაგირებას.

მინისტრის მოადგილის მიერ გახმოვანებული თეზები უგულებელყოფს ახალგაზრდის განათლების მიღებისა და პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესების მრავალპლასტიან ბუნებას, ამ ხილული თუ სიღრმისეული პლასტების პირდაპირ და ირიბ ურთიერთკავშირებს. მეტიც, ისინი განათლების ცნებას არსს აცლიან და იგი დაჰყავთ მის სუროგატულ შემცვლელზე - მომავალი თაობის ტრენინგზე ბავშვობის ასაკიდან. ამაზე მეტყველებს ქალბატონი ირი­ნა აბუ­ლა­ძის საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებები. თვალსაჩინოებისათვის საკმარისია, გავიაზროთ მისი ორი შეხედულება: 

„რე­ფორ­მის მი­ზა­ნია, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­მა­ვალ­ში არ აი­ღონ ისეთი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ვერ შე­ას­რუ­ლე­ბენ“.

„21-ე სა­უ­კუ­ნე­ში უკვე აღა­რაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, იცო­დე მა­თე­მა­ტი­კის კონ­კრე­ტუ­ლი ფორ­მუ­ლე­ბი, ან კი­დევ - ფი­ზი­კის. უნდა აღი­ზარ­დოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­კუ­თა­რი როლი აქვს გაცნობი­ე­რე­ბუ­ლი“.

გაუგებარია, როგორ შეიძლება განათლების რეფორმის მიზანი იყოს რაიმე კონკრეტული ჩვევის გამომუშავება? განათლება ახალგაზრდას შთაგონებას უნდა უძლიერებდეს, ჰორიზოტს უნდა უფართოებდეს და კრიტიკული აზროვნების უნარს უყალიბებდეს, კონკრეტული ცნებების (მათ შორის, მათემატიკის კონკრეტული ფორმულებისა და ფიზიკის კონკრეტული კანონების) ანალიზით მის ტვინს მრავალწახნაგოვნად „ლესავდეს“ და ავარჯიშებდეს. სწორედ ასეთ ფუნდამენტურ ინსტრუმენტებზე დაფუძნებული სოციალური და ყოფითი (მათ შორის, ფინანსური) აქტივობა იქნება ღირებული; სწორედ ასეთი, აზროვნების კულტურის მქონე, ადამიანების ერთობას შეუძლია შექმნას ქმედითი, თავისუფალი (ანუ - არა სხვისი უფლებისათვის განწირული) სახელმწიფო 21-ე საუკუნეში.

ზედმეტი არ იქნებოდა, რომ მინისტრის მოადგილეს კონკრეტული ევროპული მაგალითები მაინც შეესწავლა და გაეთვალისწინებინა. დასავლეთში ახალგაზრდების ბიზნესში ინტეგრირების საკმაოდ გავრცელებული, აპრობირებული გზაა პირველ ეტაპზე ღრმა მათემატიკური და ფიზიკური განათლების მიღება (ანუ - მინისტრის მოადგილის ლექსიკით - „მათემატიკური ფორმულებისა და ფიზიკის კანონების“ საფუძვლიანი შესწავლა), ამ მიმართულებით სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომის შესრულება და მხოლოდ ამის შემდეგ გადასვლა ფინანსურ და საწარმოო საქმიანობაზე. ბუნებრივია, ასეთი განათლების მქონე ახალგაზრდა/მოქალაქე არის ქმედობაუნარიანი, „გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს სა­კუ­თა­რი როლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში“, ნამდვილად შესწევს უნარი, „შეასრულოს ფინანსური ვალდებულებები“ და მეტიც - იყოს საზოგადოების ფინანსური, საწარმოო და პოლიტიკური ცხოვრების გამწევი ძალა. ცხადია, დასკვნა ტრივიალური და ბანალურია, მაგრამ მინისტრის მოადგილის ლოგიკა სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს და იძულებულნი ვართ, გავახმოვანოთ იგი: ახალგაზრდის „სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­კუ­თა­რი როლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბისა“ და „ფინანსური ვალდებულებების შესრულების“ უნარები გამომუშავდება არა უშუალოდ ამ საკითხებში ტრენინგით (რაზეც, ფაქტობრივად, დადის მინისტრის მოადგილის განცხადებები), არამედ - საფუძვლიანი განათლებით.

თუკი „ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რეფორმის მორიგი ტალღა“ მინისტრის მოადგილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეა დაფუძნებული, მაშინ ეს ეჭვქვეშ აყენებს როგორც ცალკეული ადამიანების, ასევე ქვეყნის მომავალს, მის ბედს. ამდენად, თუკი მსგავსი „აზროვნების“ ხელმძღვანელთა ქმედებები დროულად არ შეჩერდება, ეს „რეფორმა“ საბედისწერო აღმოჩნდება, ვინაიდან წინასწარვე ცხადია, ასეთ „ტალღაზე“ (ანუ - პრიმიტიული ტრენინგული სულისკვეთებით) „აღზრდილ“ ადამიანთა ერთობა გლობალიზაციის რთულ ეპოქაში ვერავითარ სახელმწიფოებრიობას ვერ შეინარჩუნებს; ჩვენი ქვეყნის თავის-უფლება ფორმალურადაც მიილევა და ჩვენი „სახელმწიფოებრიობა“ დავა სხვათა ნების უპირობო აღსრულებაზე. ეს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის აბსურდული, მაგრამ სევდიანი აღსასრული იქნება.

ეს მოვლენათა დრამატიზება არ არის - ვაი მას, ვინც ვერ ხვდება ფუნდამენტური განათლების გადამწყვეტ მნიშვნელობას ჩვენი მომავლისათვის, საქართველოს სუვერენულ ქვეყნად დარჩენისათვის. მიუხედავად ქართული საზოგადოების ღონეგამოცლილობისა, გვწამს, რომ მისი თვითგადარჩენის ინსტინქტი მოვლენათა ამგვარ მსვლელობას არ შეეგუება და შეაჩერებს მას, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა ჩვენი ისტორიის გარდამტეხ ფაზებში. ბუნებრივად გვესახება, რომ საქართველოსადმი კეთილგანწყობილ ადამიანთა ერთობა, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი, მოვლენათა ასეთ მომაკვდინებელ მსვლელობას უნდა აცნობიერებდეს და ამას არ უნდა უშვებდეს. ამ მხრივ, ყველაზე მეტი მოგეთხოვებათ თქვენ, საქართველოს დღევანდელ ხელისუფალთ, მით უმეტეს, რომ დეკლარირებული გაქვთ უახლოეს მომავალში განათლების სისტემის დაფინანსების აქამდე არნახული ზრდა.

ნუთუ თავისთავად ცხადი არ არის, რომ განათლების მორიგი „რეფორმისათვის“ დაფინანსების ზრდას, მით უმეტეს - სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მეოთხედის გამოყოფას, წინ უნდა უძღოდეს სტრატეგიის ჩამოყალიბება?! არ უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად რა ამოცანების გადაწყვეტას უნდა მოხმარდეს სხვა სფეროებისათვის ჩამოკლებული და განათლებისათვის მობილიზებული სახსრები? რაში დაიხარჯება ეს ფული - მინისტრის მოადგილის მიერ გახმოვანებული ზრახვების რეალიზაციაში, ანუ - ქვეყნის დაქცევაში? საუბედუროდ, შექმნილ სიტუაციას ესადაგება ვაიმარელი ბრძენის ნააზრევი: „ქმედით უმეცრებაზე უფრო დიდი საშინელება არაფერია“. მით უმეტეს, როდესაც ეს საშინელება საქვეყნო მასშტაბისაა და მის მომავალს წამლავს.

მოგმართავთ მოწოდებით: მოუსმინეთ პროფესიონალებს, მეცნიერებს, ფართო კულტურული ჰორიზონტისა და აზროვნების მქონე ადამიანებს! საფუძვლიანად გაიაზრეთ განათლების სტრატეგია - ნუ გახდით მას ნაცმოძრაობის დაბალი რანგის მოხელეებისა და, ასევე, მათ წიაღში აღზევებული უსახური პიროვნებების განსასჯელად და განსაკარგავად!

 

ქართული აკადემიისსახელით:

გოგი ანთელავა

გიგა ბათიაშვილი

თემურ გოცაძე

აველინა დავითულიანი

გელა დოლიძე

ივანე კიღურაძე

ჯემალ მებონია

ზაზა მრელაშვილი

თემურ ნანეიშვილი

გოგი ქავთარაძე

დავით ქარქაშაძე

გიორგი ჩაგელიშვილი

ნინელი ჭანკვეტაძე

ალექსანდრე ხარაზიშვილი

კოტე ჯანდიერი

თამაზ ჯოლოგუა

amo "დასავლეთში ახალგაზრდების ბიზნესში ინტეგრირების საკმაოდ გავრცელებული, აპრობირებული გზაა პირველ ეტაპზე ღრმა მათემატიკური და ფიზიკური განათლების მიღება . . .". და რა ხდება ჩვენთან? იმისათვის, რომ აბიტურიენტები არ დაკარგონ უნივერსიტეტებში ბიზნესის სპეციალობაზე მოსახვედრად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საკმარისია გეოგრაფიისა და ისტორიის ჩაბარება. ანუ მათემატიკის ჩაბარება არაა აუცილებელი! გესმით რა ხდება? შიგნით კი უმაღლესი მათემატიკა ეკითხებათ?! უმრავლესობამ კი წილადების შეკრება არ იცის. რატომ ამაზე არ ყვირის ნაცმოძრაობა და რუსთავი 2? იმიტომ რომ თვითონ არიან ამის შემოქმედნი! მერე "ოცნება"? "ოცნება" ფაფუ, შთანთქა ნაცებმა! შ თ ა ნ თ ქ ა! ნორმალური განათლების რეფორმა აღებულ მოცემულობაში შეუძლებელია. შეიჭმება, როგორც ყოველთვის, თანხები, მერე, ამის გამოსაძიებლად, შეიქმნება კომისია და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ვინმეს გუბერნიად ან შტატად არ გადავიქცევით.
5 წლის უკან
trampi და.................... იმდენ რეფორმებს ჩაგვიტარებენ, მანამ მოსწავლეეებს ბოლომდე არ გამოათაყვანებენ
მათემატიკაო...,
მათემატიკა კი არა .......
რაღა დროს მათემატიკააა?....... საცააა ბავშვებს წერა კითხვასაც დაავიწყებენ და მერე ხელის მოწერის ნაცვლად ....ჯვარს დასვამვენ
და........გავალთ კიდეც დამკაში ..
მხოლოდ ამის მერე დაგვანებებენ თავს.....მანამდე კი სუ ახალ ახალ რეფორმებს ჩაგვიტარებენ
რეფორმების დანიშნულება ხომ კაკრას ბავშვების გამოთაყვანებააა...
ხოოდა ჩაგვიტარებენ და ჩაგვიტარებენ იმ რეფორმებს და დამიჯერე ........ წარმატებითაც....
საზიზღარი კომუნისტები....იმ ჩათლახებმა საქართველოში იმდენი განათლება დატოვეს, რომ ამ 30 წლის მაძილზე ძირკვავენ იმ განათლებას,
ძირკვავენ და ბოლომდე მაინც ვერ ამოძირკვეს....
დღევანდელ დღეს ხომ განათლების მაჩვენებელი მხოლოდ ინგლისურის ცოდნააა და სტუმრებთან ინგლისურად კუდის ქიცინი?....
ხოოდა მეტი რაღა გინდა.......ვიმაღლებთ განათლების დონეს.....
5 წლის უკან