უკვე ერთი თვე გავიდა საქართველოში გავრილოვის ჩამოსვლით გამოწვეული ხალხის მასობრივი აღშფოთებიდან და 20 ივნისს დატრიალებული ტრაგედიიდან. ამ ხნის განმავლობაში არ შემწყდარა ახალგაზრდობის საპროტესტო გამოსვლები, პერიოდულად მუხტი მინავლდებოდა, პერიოდულად ისევ აქტიურდებოდა, მაგრამ მთლიანობაში, მომიტინგეები ფეხმოუცვლელად იყვნენ გამაგრებულნი რუსთაველის გამზირზე და მიიჩნევდნენ, რომ საქართველოს სამსახურში ყოფნა მათი მოვალეობა იყო.
20 ივნისიდან დღემდე ამ ახალგაზრდების მიერ წამოწყებულ ანტისაოკუპაციო მოძრაობას ყველა ადამიანი თავისებურად უყურებს. საინტერესოა, რას ურჩევს მიტინგებსგამოვლილი მამების თაობა შვილების თაობას და რა შეცდომების გამოსწორებას სთავაზობს, როგორც ახალგაზრდებს, ისე ხელისუფლებას?!
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუ შეიძლება ამას შეცდომა დავარქვათ, მომიტინგე ახალგაზრდების შეცდომაა ის, რომ, როდესაც ისინი აქციას უწოდებენ ანტისაოკუპაციოს, მაშინ უნდა გაამართლონ კიდეც თავიანთი ქმედებებით ამ აქციის სახელწოდება და დანიშნულება. მომიტინგე ახალგაზრდებმა უნდა შესთავაზონ საზოგადოებას რაღაც კონკრეტული გეგმა, წინადადება ან ინიციატივა, რომელიც მოემსახურება ანტისაოკუპაციო მიზნებს, რაც არ მომხდარა.
„ჯერჯერობით ჩვენ ამ ახალგაზრდებისგან საპროტესტო აქციებზე მოვისმინეთ მხოლოდ ის ინიციატივები, რომლებიც ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგში იყო, ანუ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა და შს მინისტრის გადადგომა, რისკენაც მიილტვოდა ოპოზიცია. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და თავდაპირველად, პირველ საათებში საპროტესტო აქცია მართლაც ატარებდა აშკარა ხალას სამოქალაქო პროტესტის ხასიათს, თუმცა მას შემდეგ, რაც იქ სადავეები ხელში აიღეს პოლიტიკოსებმა, საპროტესტო აქცია, ფაქტობრივად, პოლიტიზებულად გადაიქცა და ამის შედეგიც უკვე ვნახეთ“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.
„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ყველა მონაცემია საიმისოდ, რომ ეს ახალგაზრდები მამების თაობაზე უკეთესები იყვნენ, მათ მეტი განათლება, მეტი ინფორმაცია, თავისუფლების მეტი ხარისხი აქვთ, თავიანთ ასაკში მეტი რამ უნახავთ ცხოვრებაში, მაგრამ ამ ახალგაზრდებს არ აქვთ გამოცდილება. ამ მიზნით მათ უფროსი თაობისგან გამოცდილების შეთავაზება სჭირდებათ, რომ, რასაც ისინი აკეთებენ, ეს უკვე გავლილია და გავლილ მასალაზე რაღაცის სწავლა შეიძლება. უმთავრესი კი ის არის, რომ ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, როგორ წარმართონ მიტინგი, რათა მიტინგი ქვეყნისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს და არა -დამანგრეველი.
„ეს ყველაფერი გაიარა ეროვნულმა მოძრაობამ. ღმერთმა ნუ ქნას, შვილების თაობა არ სჯობდეს მამების თაობას. ეს ახალგაზრდობა სჯობს წინამორბედებს და მადლობა უფალს ამისთვის, მაგრამ მათ თავისუფლებას შესაბამისი მიმართულების მიცემა სჭირდებათ. 40-42 წელიწადია, ჩემს გარშემო სულ აქციების ორგანიზებაში ვართ, ძალიან დიდი გამოცდილებაა დაგროვილი, დიდი გამოცდილებაა პოლიტიკური მეთოდოლოგიისა, ჯერ უცხოეთში არსებული გამოცდილების, შემდეგ ჩვენი გამოცდილების სახით. ვურჩევდი ამ ახალგაზრდებს, შექმნან პლატფორმა, მოვიდნენ ჩვენთან, თუნდაც გვაგინონ ძველ თაობას, ოღონდ შემოვიდნენ დიალოგში, რათა მათ მაინც არ გაიმეორონ ჩვენი შეცდომები და უფრო იოლად გაიარონ ეს გზა. ახლა რა სიტუაციაა? ანტისაოკუპაციო აქცია ითხოვს გახარიას გადადგომას, მაგრამ თვითონ ოკუპაციის წინააღმდეგ, ანუ ოკუპაციის საწინააღმდეგო საკანონმდებლო ცვლილებებს არ ითხოვს; არ ითხოვს ოკუპაციის შესახებ კანონში ისეთი ცვლილებების შეტანას, რომელიც გავრილოვისნაირებს აღარ ჩამოუშვებს საქართველოში. უფრო მეტიც, როგორც ჰოლოკოსტის არაღიარება მთელ რიგ ქვეყნებში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, ამ ახალგაზრდებმაც უნდა მოითხოვონ, რომ საქართველოში ოკუპაციის არაღიარება ასეთივე დანაშაულებრივი ქმედება იყოს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას თუ არა, ადმინისტრაციულ სასჯელს მაინც ექვემდებარებოდეს“, - აცხადებს მამუკა გიორგაძე, რომლის აზრითაც, მარტო ეს ახალგაზრდები არ საჭიროებენ რჩევების მიცემას, არამედ რეკომენდაციები ესაჭიროებათ ქართული ტრადიციული ღირებულებების დამცველებსაც.
რატომღაც არც ეს ადამიანები ითხოვენ იმას, რომ კანონმდებლობაში შევიდეს შესწორება და სექსუალური უპირატესობის გამომხატველი მარშები აიკრძალოს. ამით მოიხსნებოდა პრაიდებისა და ღირსების მარშების საფრთხე, რადგან თავისთავად ღირსების მარში ნიშნავს, რომ ის უფრო მაღალ დონეზე უნდა იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი ნორმალური სექსუალური ორიენტაციის ადამიანები არიან.
„ჩვენთვის თუ დანაშაულად ითვლება, გამოვიდეთ ქუჩაში და მამაკაცური ღირსების მარში მოვაწყოთ, მაშინ ლგბტ-ეებს რატომ აქვთ უფლება, ჩაატარონ ე.წ. ღირსების მარში?! სამწუხაროდ, ჩვენ არ ვაქცევთ ამას ყურადღებას იმ დროს, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილებები შედის და, როდესაც პოზიტიური საკანონმდებლო ინიციატივებია საჭირო. ჩვენი საზოგადოების აქტიური ნაწილი ამ დროს საერთოდ არ ჩანს პოლიტიკურ ველზე და რატომღაც ქუჩაში ინაცვლებს ასეთი საკითხები. ამ საკითხებთან დაკავშირებით თბილისის ქუჩებში ისეთი ვნებათაღელვაა, რომ, ალბათ, კაცობრიობას შეშურდებოდა ასეთი პოლიტიკური დუღილი საქართველოში - გაბუნიას გამოსვლის, გეიპარადის, გადადექი, გადმოდექის გამო. დავუბრუნდეთ ისევ „არა ოკუპაციას“, რომელსაც ისეთი ადამიანებიც აპროტესტებენ, ვინც ჯარში მსახურების წინააღმდეგნი არიან. ასეთი რაღაცებით იქმნება ქვეყანაში ქაოსი და ეს მხოლოდ რუსეთს აწყობს, რადგან რუსეთს რაიმე კონკრეტული შემოსათავაზებელი გეგმა ქართველი ხალხის მიმართ არ აქვს, გარდა იმ სპექტაკლებისა, რომ თურმე პუტინს იმდენად უყვარს ქარველი ერი, რომ სანქციებს არ უწესებს“.
მამუკა გიორგაძის აზრით, ზუსტად აქ არის ამ ხელისუფლების დანაშაული, რომ ქუჩაში გამოსულ გულწრფელ ახალგაზრდებს არ აძლევს საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას. წესით, ხელისუფლება უნდა მიდიოდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტექნიკურში, სხვა უნივერსიტეტებში, ელაპარაკებოდეს ამ ახალგაზრდებს. ამის ნაცვლად, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ახალგაზრდები „ნაცმოძრაობას“ გამოაყენებინოს. ამიტომაცაა, რომ ხშირად სამოქალაქო აქტივისტების ნაცვლად მიტინგი „ნაცმოძრაობის“ პარტიულ ბირთვს მიჰყავს.
„ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ის, რის გამოც სიცოცხლეც ღირს, სიკვდილიც ღირს, დარბევაც ღირს, თვალის დაკარგვაც ღირს - ეს არის საქართველოს ინტერესების დაცვა და არა ნეგატივზე აგებული მოთხოვნები. გახარიას გამო ნუ გავალახინებთ ამ ბავშვებს, მაგრამ იმისთვის, რომ კანონმდებლობაში აისახოს ქართველი ერის ინტერესები და ეს ინტერესები კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში, პრაქტიკაში დამკვიდრდეს, ამისთვის მზად ვართ, თუნდაც გავილახოთ. ამიტომ აქციაზე წამსვლელ ახალგაზრდებს მივმართავ, პოზიტივზე წადით, მოითხოვეთ კანონი, რომ ოკუპაციის შესახებ კანონში ჩაიწეროს ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს, დამცინავი სახით საქართველოში აღარ ჩამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ჭკუას გვარიგებენ და გვეტყვიან, შეეგუეთ ოკუპაციასო. ასეთი მოთხოვნა თუ გექნებათ, ჩემთვის უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა, ვინ იქნება აქციის ორგანიზატორი, მეც წამოვალ და ამ იდეას გვერდით დავუდგები, როგორც მებრძოლი. ვიმეორებ, ეს ახალგაზრდები უნდა დაფიქრდნენ პოზიტივისთვის, ქვეყნის ინტერესებისთვის და ისეთი მოთხოვნები წამოაყენონ, რომელიც შეკრავს თითოეულ ჩვენგანს, თუნდაც ერთმანეთი არ გვიყვარდეს. მხოლოდ ნეგატივზე აგებული ლოზუნგი - „გახარია წადი“, არ იქნება ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი“.