აქციაზე პოლიციის

აქციაზე პოლიციის "რაციიდან" მესმოდა: ე.ი. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 12 საათზე ყველაფერი უნდა დასრულდეს? - აქედან უნდა დაიწყონ გამოძიება

როცა პოლიციის წინ ვიდექი მოლაპარაკებების დასაწყებად, "რაციიდან" მესმოდა: ესე იგი, მიღებულია გადაწყვეტილება უფროსისგან, რომ 12 საათზე ყველაფერი უნდა დასრულდეს? - აი, აქედან უნდა დაიწყონ გამოძიება, - ეს განცხადება საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მისულმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. მისივე თქმით, მას ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს და გამოკითხვა პრობლემას არ უქმნის.

„სიმართლე გითხრათ არავითარი პრობლემა არ მქონდა არც პროკურატურაში და არც შსს-ში მისვლის, თუმცა რადგან ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ მაგისტრანტ მოსამართლესთან ერთად შემდგარიყო დაკითხვა თუ გამოკითხვა შტრაიხბრეხერი არ მინდოდა ვყოფილიყავი. დასამალი არაფერი არ მაქვს, უბრალოდ, როდესაც გვიბარებენ ჯერ ჩვენ, იმ მომენტამდე ვიდრე შს მინისტრი არ არის დაკითხული, ეს მეჩვენება უბრალოდ მართლმსაჯულების დაცინვად. 20 ივნისს დღის 12 საათზე საგანგებო მდგომარეობა იყო პარლამენტში უკვე გამოცხადებული, თავისუფლად დაჯლიგინებდა ასობით პოლიციელი და ახლა დავიჯერო, რომ ყველას საშვები გამოუწერეს და პარლამენტის დადგენილების გარეშე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. აი აქედან უნდა დავიწყოთ იმის გამოკვლევა ვინ დაიწყო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა ჯერ კიდევ 12 საათიდან და შემდეგ ვინ გასცა ბრძანება რეალურად შეტევის დაწყების. ვინ დაიწყო 3-ჯერადი გაფრთხილების გარეშე, გონივრული ვადის გარეშე მანიფესტაციის დაშლა, თან ყველაზე სახიფათო იარაღით: ჯერ იყო გაზი გამოყენებული, შემდეგ რეზინის და პლასტიკატის ტყვიები და სულ ბოლოს, სადღაც რუსთაველის თეატრის მიდამოებში გამოიყენეს წყლის ჭავლი. ამ კითხვებს გასცენ პასუხები და დანარჩენ შეკითხვებს სიამოვნებით გავცემ პასუხს წუთი-წუთზე. მითუმეტეს, იცით, რომ ფოტოგრაფიული მეხსიერება მაქვს“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.