მაია მწარიაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებაზე - მაინტერესებს პასუხები: ვინ გასცა ბრძანება, რატომ, როგორ, რა ვითარებაში, როგორი თანამიმდევრობით ჩატარდა ეს ოპერაცია

მაია მწარიაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებაზე - მაინტერესებს პასუხები: ვინ გასცა ბრძანება, რატომ, როგორ, რა ვითარებაში, როგორი თანამიმდევრობით ჩატარდა ეს ოპერაცია

გამოძიებამ უნდა შეატრიალოს ვექტორი, არ უნდა გვესაუბროს ერთეულ შემთხვევებზე და უნდა დაგვანახოს ფართო სურათი და ამ სურათზე პასუხისმგებელი პირები, - ეს განცხადება 20-21 ივნისის მოვლენებისას სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს წევრმა, თბილისის ყოფილმა პროკურორმა მაია მწარიაშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, დღეს გამოძება ფოკუსირებულია ერთეულ შემთხვევებზე - რაც საქმის გამოძიებას არასწორი მიმართულებით მსვლელობას აძლევს.

„მაგალითად, ახლა ერთი პოლიციელი მისცეს პასუხისგებაში, მერე მეორე. ჩემი დაკვირვებით, გამოძიებას უნდა შექმნას სურათი, რომ ერთეული პოლიციელი გადასცდა რაღაც ფარგლებს, რაც თავშივე არასწორია. ამ მოცემულობის საქმისთვის აბსოლუტურად არასწორი ტაქტიკა და სტრატეგიაა და ჩვენი ყურადღების არასწორად გადატანის მცდელობა. ჩვენ ამ საქმეში გვაინტერესებს დიდი სურათი, როგორ მოქმედებდა სახელმწიფო, როდის, როგორ, რა ვითარებაში მიიღო სახელმწიფომ აქციის დაშლის გადაწყვეტილება?! ჩვენ გვაინტერესებს როგორ მოქმედებდნენ სახელმწიფო მოხელეები - ზემოდან ქვემოთ. მე მაინტერესებს გამოძიებამ აჩვენოს ეს სურათი და ამაზე გასცეს პასუხები: ვინ გასცა ბრძანება, რატომ, როგორ, რა ვითარებაში, როგორი თანმიმდევრობით ჩატარდა ეს ოპერაცია, საპოლიციო საშუალებები როგორ იყო გამოყენებული, როგორი თანმიმდევრობით, კანონით განსაზღვრული პროცედურები როგორ იყო დაცული?! - არც ერთ ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. და რომ ამბობენ დაშლა იყო ლეგიტიმურიო, ეს თავშივე არასწორია, ეს ჯერ არავინ არ იცის, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ჩვენ შეიძლება ვთქვათ რომ წარმოიშვა სამართლებრივი საფუძველი აქციის დაშლის, მაგრამ მის ლეგიტიმურობაზე ვერ ვისაუბრებთ“, - განაცხადა მწარიაშვილმა.